Accessibility links

დიზაინერთა ყოველწლიური კონკურსი


3 აპრილს თბილისში, დევიზით "ჩვენი პოდიუმი - დედამიწაა", მეოთხედ ჩატარდა ახალგაზრდა მოდელიორ-დიზაინერთა საქველმოქმედო კონკურსი.

საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებიც სტაჟირებაზე რუსეთში, იტალიასა და საფრანგეთში გაემგზავრებიან. ახალგაზრდა დიზაინერთა კოლექციებით უკმაყოფილებას ვერ მალავენ ჟიურის ქართველი წევრები. მე ერთ-ერთ მათგანს, დიზაინერ გიორგი ნადირაძეს, ვესაუბრე.

[გიორგი ნადირაძის ხმა] "ვერ მივხვდი, რა კრიტერიუმებით შეაფასეს..."

გიორგი ნადირაძე გაკვირვებულია საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით და ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა ქართველ დიზაინერთა ნამუშევრებში უცხოელები ფოლკლორული მოტივების სიუხვემ მოხიბლა. ცნობილი ფრანგული ტელეარხის, "ფეშენტივის", წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქართული დიზაინის ასეთი მაღალი დონე მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო. უცხოელებს ისიც უკვირთ, თუ რაოდენ პოპულარულია დიზაინი საქართველოში, ე.ი. ქვეყანაში, რომელიც არც წარმოების მაღალი დონით გამოირჩევა და არც ადგილობრივი პროდუქციის კარგი ხარისხით. მოდელიორ-დიზაინერთა კონკურსში ხომ 104-მა ქართველმა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა (ძირითადად, სამხატვრო აკადემიისა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა). ორგანიზატორებმა - ქალთა კლუბის, "მეტეხისა" და "ამსას" სააგენტოს წარმომადგენლებმა - ფინალური ჩვენებისთვის 20 დიზაინერის 5-5 ნამუშევარი გადაარჩიეს. სწორედ ამ კოლექციების შეფასება ვთხოვეთ ჟურის წევრს გიორგი ნადირაძეს:

[გიორგი ნადირაძის ხმა] "შესრულების თვალსაზრისით, ეს კონკურსი იმით გამოირჩეოდა, რომ კარგად შესრულებული ნამუშევრები იყო, მაგრამ არ ეტყობოდა, რომ ეს იყო სტუდენტების ნამუშევრები... ჟურნალებს ათვალიერებენ, "ფეშენტივის" უყურებენ, რაც ბუნებრივია... უფრო მეტად ნაფიქრი იყო შესრულებაზე, ვიდრე სილუეტზე, კომპოზიციაზე, ფერზე - ფერზე ლაპარაკი ზედმეტია, ძირითადად, კოლექციები, რომლებმაც გაიმარჯვეს, იყო შავი."


კონკურსის ფინალისტებს შორის მხოლოდ ერთი ვაჟი, გიორგი ფანცულაია, ვიხილეთ. ახალგაზრდა ქალებმა კი რატომღაც ვერ გაბედეს მრავალფეროვანი, სილუეტის თვალსაზრისით უფრო თამამი, თუ გნებავთ, პროვოკაციული მოდელების შექმნა. ქართული დიზაინის უფროს თაობას, რომელმაც თავის დროზე საქართველოში გამართულ "ავანგარდული მოდის ასამბლეაზე" გამოიჩინა თავი, ახალგაზრდების გაუბედაობა არ მოსწონს. უცხოელებისთვის კი ასეთი "უმანკოება", ეტყობა, ეგზოტიკაა... შეინარჩუნებენ თუ არა სტილის "უმანკოებას" ჩვენი ახალგაზრდა მოდელიორები მას მერე, რაც სტაჟირებას გაივლიან რუსეთსა და იტალიაში, ამას მომავალ წელს შევიტყობთ, როცა წლევანდელ კონკურსში გამარჯვებულებს კონკურსგარეშე ჩვენებაში მოუწევთ მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG