Accessibility links

logo-print

რამდენად შესაძლებელია საქართველოში პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის მოწყობა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ლიტვის პრეზიდენტის არც თუ სახარბიელო ბედის გათვალისწინებით, ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს საკითხი, თუნდაც თეორიულად რამდენად შესაძლებელია საქართველოში პრეზიდენტის

იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება. საქართველოს კონსტიტუცია იმპიჩმენტს, რა თქმა უნდა, ითვალისიწნებს, თუმცა ბუნდოვანია, რამდენად აღსრულებადია ეს პროცედურა. ჩვენ ქართველ პოლიტიკოსებს დავუკავშირდით იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა საქართველოში პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის მოწყობა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს. არც პერსპექტივა არ არსებობს იმპიჩმენტის - სახელმწიფო მინისტრი მყავს პირველ რიგში მხედველობაში. რაც შეეხება მოთხოვნას, რომ განხორციელდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი."
ეს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახლდათ, რომლის იმპიჩმენტის პროცედურა რამდენჯერაც დაწყებულა პარლამენტში, იმდენჯერ უშედეგოდ დასრულებულა. პარლამენტარი კობა დავითაშვილი, რომელსაც არაერთხელ წამოუწყია ედუარდ შევარდნაძის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად კოლეგა-პარლამენტარების ხელმოწერების შეგროვება, დღესაც თვლის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არა თუ პრეზიდენტის, მინისტრის იმპიჩმენტიც კი სრულიად არარეალური საქმეა:
[კობა დავითაშვილის ხმა] " საქართველოს პოლიტიკურ ტრადიციას ახასიათებს უპატივცემულობა კანონის და კონსტიტუციის მიმართ. მათ შორის - პარლამენტის წევრების მხრიდანაც. კანონის და კონსტიტუციის დარღვევა არ არის არგუმენტი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იმისთვის, რომ რომელიმე პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას დაუჭირონ მხარი. ყოველ შემთხვევაში, რაც თავი მახსოვს, ასეთი დამოკიდებულება იყო პარლამენტში ამ საკითხისადმი. მითუმეტეს, საქართველოს სინამდვილეში ყველა პრეზიდენტს ჰყავდა საკმაოდ სერიოზული უმრავლესობა პარლამენტში...აქედან გამომდინარე, რეალობას და ტრადიციას თუ გავიხსენებთ, ეს ძნელი წარმოსადგენია".
განსხვავებული მოსაზრება აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის -"თავისუფლების ინსტიტუტის" წევრს გიგა ბოკერიას, რომელიც უახლოეს ხანში საზოგადოებას დეპუტატის რანგში მოევლინება - იგი თვლის, რომ იმპიჩმენტი სულაც არ არის გამორიცხული იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი "საიმპიჩმენტო" შეცდომას დაუშვებს:
[გიგა ბოკერიას ხმა]" აბსოლუტურად რეალურია, რომ ოდესმე ეს მოხდეს, თუკი, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ჩაიდენს იმ ტიპის დანაშაულს, რისთვისაც გათვალისწინებულია იმპიჩმენტი. ცივილიზებულ ლიბერალურ სახელმწიფოში ეს სრულიად შესაძლებელია, თუმცა იშვიათი პრეცედენტია."
სახელისუფლებო ბლოკის კიდევ ერთი წევრი, ასევე პოტენციური პარლამენტარი დავით ბერძენიშვილი უფრო თავშეკავებულად საუბრობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე, რადგან, მისი აზრით, ძნელია ისაუბრო იმაზე, რისი საფუძველიც, ამ ეტაპზე მაინც, არ არსებობს:
[დავით ბერძენიშვილის ხმა] "რაც არ დაუშავებია - ძნელია ლაპარაკი იმაზე, როგორ მოიქცევა პარლამენტი, თუ ის დააშავებს. თუმცა ალბათობა იმისა, რომ საქარტველოს უახლოეს მომავალში - ამ მოწვევის პარლამენტში და ამ შემადგენლობის საკონსტიტუციო სასამარლოში - პრეზიდენტის იმპიჩმენტი განხორციელდეს, ძალიან დაბალია."
ასეთი გახლავთ იმპიჩმენტის რელობასთან დაკავშირებით მათი აზრი, ვინც დღეს-ხვალ პარლამენტარები გახდებიან და ვინც, ღმერთმა არ ქნას და პრეზიდენტის მხრიდან დანაშაულებრივი შეცდომის დაშვების შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს. სხვათა შორის, ამ პროცედურის გამარტივების საკითხი დღეს დღის წესრიგში არ დგას.
XS
SM
MD
LG