Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნატოსკენ - დეკლარაცია და სინამდვილე


ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბევრისთვის მოულოდნელად ოპტიმისტური განცხადებით დასრულდა. ქვეყნის ლიდერი,

რომლისთვისაც ბოლო თვეებამდეც კი პრობლემა იყო ჯარისკაცების გამოკვება, ხოლო ყველაზე ელიტურ ქვედანაყოფებს ხელფასს ამერიკა უხდიდა, აცხადებს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პირველი ეტაპი წარმატებით განვლო. რა ასაზრდოებს საქართველოს პრეზიდენტის ოპტიმიზმს?

პრეზიდენტების ოპტიმიზმი გადამდებია. ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ საქართველოში ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ ქვეყანა ნატოსკენ სრული სვლით მიიწევს. მოქალაქეთა უმრავლესობა, რომელსაც მე ქუჩაში გამოველაპარაკე, პრეზიდენტ სააკაშვილის ოპტიმიზმს მიესალმება, თუმცა რესპონდენტები არც იმას მალავენ, რომ ამ სიმაღლის მისაღწევად თავად ქვეყანაში უნდა დამყარდეს წესრიგი.

[მოქალაქეების ხმები] "იმდენად დიდია ამერიკის, დასავლეთის და ამ ქვეყნების ინტერესი ჩვენდამი, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის უმთავრესი და ამას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის აქტიურობაც." " ნატოში ახლა დანგრეული და ასეთი რაღაცნაირად არეული სახელმწიფო არავის არ უნდა. საქართველო უნდა გამთლიანდეს, ეს არის მთავარი."


როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე მათი პრეზიდენტის ოპტიმიზმი, რომ ნატოსკენ გზა გახსნილია, ეფუძნება ალიანსის შტაბბინაში ქვეყნის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის წარდგენას. თუმცა, ქვეყნის უშიშროების საბჭოს წევრებისა და თავად პროგრამის შემქმნელი სამთავრობათაშორისო ჯგუფის გარდა, საქართველოში ამ პროგრამას არავინ იცნობს. მათ შორის, არც არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველო ნატოში" დამაარსებელი, პარტია "ახალი მემარჯვენეების " ლიდერი დავით გამყრელიძე. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ იგი მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს სამოქმედო პროგრამის წარდგენას და იქვე დასძენს, რომ ხელისუფლება მხოლოდ ზოგადი პრინციპების დეკლარირებით არ უნდა შემოიფარგლოს:

[დავით გამყრელიძის ხმა] "მე იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებისა და იქ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ეს ისევ პრიორიტეტი გახდება და, ამავე დროს, რასაც ჰქვია სამოქალაქო კონტროლი, ეს არ შემოიფარგლება სამოქალაქო პირის მინისტრად დანიშვნით. საჭიროა უფრო გამჭვირვალე გახდეს, გაიზარდოს დაფინანსება. ბიუჯეტის წარდგენისას გამოჩნდება, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს."

საქართველოს ხელისუფლება ნატოში გაწევრიანების საკითხს პრაგმატულად უდგება და აქცენტს ალიანსთან თავსებადი სამხედრო ძალების ჩამოყალიბებაზე აკეთებს. ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობას დაევალა განსაკუთრებულ პრიორიტეტად აქციოს სამხედრო ნაწილების კვების, შრომის ანაზღაურებისა და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფა. და როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა სამხედრო ავიაციისა და ფლოტის განვითარების საკითხი.
[ვანო მერაბიშვილის ხმა] "ერთი რამე ფაქტია, რომ ქართულ არმიაში გაჩნდა პატარა იმედის ნაპერწკალი იმით, რომ მთავრობა და პრეზიდენტი აქცევს მათ ყურადღებას. ჯარისკაცებს სწორედ ასეთი ყურადღება სჭირდებათ. ჯარი ნებისმიერ ქვეყანაში არის დემოკრატიისა და ლიბერალიზმის საძირკველი და სწორედ ჯარის გაძლიერებაზე არის დამოკიდებული საქართველოს კეთილდღეობა. და ამ ფორმულას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ." (სტილი დაცულია)

თუმცა ბრიუსელში ოთხშაბთს 26+1 ფორმატით მიღებულ საქართველო-ნატოს ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო პროგრამაში სამხედრო პრობლემატიკა მხოლოდ ერთ-ერთია და არა ერთადერთი. თავისი მიზნის სისრულეში მოსაყვანად საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს სხვა, არანაკლებ რთული, ვალდებულებების შესრულება: ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება, ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნა და ქვეყნიდან რუსეთის ბაზების გაყვანა. ნატოსკენ სწრაფვა აღარ უტოვებს შანსს საქართველოს ყოყმანისათვის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG