Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში კრიმინალური ვითარება კვლავ დაიძაბა


მაშინ როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ძირითადი ყურადღება აჭარისკენაა მიპყრობილი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე არსებული სეპარატისტულ-კრიმინალური ვითარება

დღითიდღე რთულდება. აფხაზეთში, გალის რაიონში, ჯერ აფხაზთა შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი გაიტაცეს, რის საპასუხოდაც 7 აპრილს აფხაზურმა მხარემ ქართველი მგზავრებით სავსე ავტობუსი დაატყვევა. 8 აპრილს სროლის ხმა ისმოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სადაც ქართველ სამართალდამცველებსა და ოსი ეროვნების კრიმინალებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა.

8 აპრილს ქარელის რაიონში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა, სპეცრაზმის ფორმებში გამოწყობილმა პირებმა ქართველი პოლიციელების საგუშაგოზე პოლიციელთა დაყაჩაღება მოინდომეს. სწორედ ამ დროს გაიმართა სროლა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიჭრა, 2 თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა, ხოლო დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს.

[ალექსანდრე სუხიტაშვილის ხმა] "მათი ვინაობა დადგენილი არ არის. ისინი უნდა იყვნენ ოსი ეროვნების - არ არის გამორიცხული, რომელიმე შეიარაღებული დაჯგუფების წევრები. მე მხედველობაში მყავს ოფიციალური ცხინვალის ხელისუფლება."

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსს ალექსანდრე სუხიტაშვილს
ამის თქმის საფუძველს თავდამსხმელების შეიარაღება და ეკიპირება აძლევს.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას ქართველების წინააღმდეგ მოქმედი სპეციალური კრიმინალური დაჯგუფებების შექმნას აბრალებს ქვემო ქართლის გუბერნატორიც. თუმცა ოფიციალური ცხინვალის წარმომადგენელი ირინა გაგლოევა ხელისუფლების კრიმინალებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

[ირინა გაგლოევას ხმა] "ჯერჯერობით საერთოდ უცნობია, ვინ არიან ისინი, მაგრამ ცხადია, რომ ისინი სპეცრაზმელები არ არიან, რადგან მთელი პირადი შემადგენლობა შევამოწმეთ - ყველანი ადგილზე იმყოფებიან და ყველა უვნებელი და ცოცხალია. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს მომხდარის გამოსაძიებლად, რადგან დამნაშავეობას ეროვნება არა აქვს."

რადიო "თავისუფლების" გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური კი ფიქრობს, რომ ასეთი განცხადებები ცხინვალის ხელისუფლებაში არსებულ რეალურ განწყობას ნაკლებად ასახავს და იქ კრიმინალი და ხელისუფლება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული:

[გოგა აფციაურის ხმა] "ოსი კრიმინალები ძალზე აღშფოთებულები არიან იმ ღონისძიებების შემდეგ, რასაც მიმართა ქართულმა პოლიციამ. ოსი კრიმინალები გარკვეულ კონსოლიდირებას ახდენენ. შეიძლება მათ იფიქრონ კიდეც შურისძიებაზე და არ არის გამორიცხული რომელიმე ქართულ საგუშაგოზე თავდასხმა მოაწყონ."

შურისძიებას უკვე ჰქონდა ადგილი საქართველოს კიდევ ერთ კონფლიქტურ რეგიონში, აფხაზეთში. 7 აპრილს გალის რაიონში აფხაზმა სეპარატისტებმა 30-ზე მეტი ქართველი გაიტაცეს. მე ამ ფაქტის კომენტირებისთვის სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირება ვცადე. ერთადერთი, ვინც პასუხი გამცა, - ისიც, ნიშნის მოგებით, - სეპარატისტული ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს მორიგე იყო.

[აფხაზი მორიგის ხმა]

მე კი მაქვს ინფორმაცია, რომ იქ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურე გაიტაცესო. ლაპარაკია აფხაზ მებრძოლზე, გვარად მოროხიაზე, რომელიც ქართველ პარტიზანებს გაუტაციათ აფხაზი სეპარატისტების მიერ ერთი კვირის წინ დატყვევებული ქართველის სანაცვლოდ.

8 აპრილს ქართულმა მხარემ ჭუბურხინჯის ოთხმხრივ მოლაპარაკებაზე 7 აპრილს გატაცებული 30-მდე ქართველის გათავისუფლების შეთანხმებას მიაღწია, თუმცა გატაცებებისა და თავდასხმების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.
XS
SM
MD
LG