Accessibility links

logo-print

თენგიზ ასანიძის გათავისუფლების საქმეში ევროპის სასამართლო ჩაერთო, სტრასბურგში ასანიძე პოლიტპატიმრად ცნეს და მისი სასწრაფო გათავისუფლება მოითხოვეს


ასლან აბაშიძის ნების შესაბამისად, უკანონო პატიმრობაში მყოფმა თენგიზ ასანიძემ ევროპის სასამართლოში პროცესი მოიგო. ასანიძის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგში გადაწყვეტილება 8 აპრილს მიიღეს:

ის პოლიტპატიმრად ცნეს და მისი სასწრაფო გათავისუფლება მოითხოვეს. ამას გარდა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ ასანიძისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად საქართველოს 155 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ბრიუსელიდან საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 7 აპრილს მოსთხოვა კატეგორიულად ასლან აბაშიძეს თენგიზ ასანიძის გათავისუფლება.

საქმე "ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ" მოგებულია. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ 8 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, თენგიზ ასანიძე დაუყოვნებლივ გათავისუფლებას დაექვემდებარა. ევროპის სასამართლომ ასანიძე პოლიტპატიმრად ცნო და განსაზღვრა თანხა, რაც მას საქართველომ კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს.

[ევროპის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლის ხმა] "სასამართლომ დაადგინა, რომ ასანიძის მიმართ დაირღვა პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება და სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება. სასამართლომ დაგვაკისრა 150 000 ევროს გადახდა კომპენსაციის სახით, დამატებით კიდევ - 5000 ევროს გადახდა იურიდიული მომსახურებისათვის." (სტილი დაცულია)

ეს იყო ევროპის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლის განმარტება. როგორც მოვისმინეთ, თენგიზ ასანიძისთვის საქართველოს არცთუ უმნიშვნელო თანხის გადახდა ევალება იმის გამო, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა რეგიონში დაშვებული უკანონობის აღსაკვეთად.

ბათუმის ყოფილი მერი თენგიზ ასანიძე ძმასთან, ხელვაჩაურის ყოფილ გამგებელ თამაზ ასანიძესთან, ერთად 1993 წლის 4 ოქტომბერს აჭარის უზენაესი საბჭოს შენობაში ასლან აბაშიძეზე თავდასხმის ბრალდებით დააპატიმრეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ასლან აბაშიძის დაცვას მისი კაბინეტიდან ხმამაღალი საუბარი შემოესმა. ძმებ ასანიძეებს აბაშიძესთან სამსახურებრივი კამათი მოუხდათ. მათ აბაშიძეზე თავდასხმის ბრალდება არ დაუდასტურდათ, რადგან აჭარის მეთაურს თავი დაზარალებულად არ უცვნია. ძმები ეკონომიკური დანაშაულის მოტივით გაასამართლეს და პატიმრობა ხანგრძლივი ვადით მიუსაჯეს. ამის შემდეგ თამაზ ასანიძეს 8 წლიანი პატიმრობა სასჯელის უმაღლესი ზომით შეუცვალეს. სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სამუდამო პატიმრობაში მყოფი თამაზ ასანიძე ციხიდან სულთმობრძავი გაუშვეს, რის შემდეგაც ძალიან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება თენგიზ ასანიძეს - ის 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა ამაოდ. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულის წინააღმდეგ აჭარაში ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ხელახალი სასჯელი შეუფარდეს. თენგიზ ასანიძის შეწყალების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება აჭარის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა. თავის მხრივ კი, აჭარის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდა. მანამდეც, მაშინაც და მას შემდეგაც თენგიზ ასანიძეს აჭარის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში ამყოფებდნენ. ასანიძის უკანონო პატიმრობის პრობლემას ყოფილმა პრეზიდენტმა ვერაფერი მოუხერხა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "ომის გამოცხადება შეუძლებელია, დანარჩენი ყველაფერი გაკეთებულია. ჩემ მიერ ის კაცი შეწყალებულია, ის გარეთ უნდა იყოს. რაც შეეხება შემდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებს, უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ასეთ პირობებში კაცის პატიმრობაში ყოფნა გაუმართლებელია, დაუშვებელია, არათუ დემოკრატიულ, დიქტატორულ ქვეყანაშიც კი."


ედუარდ შევარდნაძის განცხადებები ფრთხილი იყო, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები კი მკაცრია. 8 აპრილს აჭარის მეთაურს მან ასანიძის გათავისუფლება უბრძანა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვუბრძანებ აჭარის მეთაურს შეასრულოს კანონი. ეს კაცი უნდა გათავისუფლდეს. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ თავგასული ადგილობრივი ფეოდალები ჭკუაზე მოვიყვანოთ. "

აჭარის უშიშროების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში მყოფი თენგიზ ასანიძე 8 აპრილს თავისუფლების მოახლოებას გრძნობდა და ჟურნალისტებს იქიდან სამომავლო გეგმებს უმხელდა:

[თენგიზ ასანიძის ხმა] "თავისუფლების შემთხვევაში პირველად რას გავაკეთებ, იცით? შევხედავ ცას გისოსების გარეშე და მთელი ხმით დავიყვირებ: გმადლობ, ღმერთო!!!!!!"
XS
SM
MD
LG