Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა იურისტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი 8 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლო იხილავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. სასამართლომ იურისტების სარჩელი

პარტია "აღორძინების" სარჩელთან გააერთიანა, რადგან ორივე ერთ საკითხს ეხებოდა: არჩევნების შედეგების გაუქმებას ქობულეთისა და ხულოს საარჩევნო ოლქებში. ახალგაზრდა იურისტებსა და "აღორძინებას" მიაჩნდათ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ჰქონდა უფლება, გაეუქმებინა შედეგები საარჩევნო ოლქებში; მას, კანონის ძალით, მხოლოდ ცალკეულ საარჩევნო უბნებში შეეძლო შედეგების გაუქმება. როგორი იყო მხარეთა არგუმენტები?

სასამართლოს სხდომა ხუთშაბათს ნაშუადღევს დაიწყო, მაგრამ ცოტა ხანში 5 საათით გადაიდო. ორივე მხარე - ახალგაზრდა იურისტებიცა და ცენტრალური საარჩევნო კომისიაც - ირწმუნებოდა, რომ სწორედ მისი არგუმენტები იყო კანონის შესაბამისი. ასოციაციის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი ამტკიცებს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ოლქებში არც არჩევნების შედეგების გაუქმების უფლება ჰქონდა და არც ამავე უბნებში ხელახალი არჩევნების დანიშვნისა. გარდა ამისა, ხიდაშელის თქმით, პროპორციულ არჩევნებში ოლქი, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციული ერთეული, არ არსებობს.

[ხიდაშელის ხმა] "რაც შეეხება არჩევნების დანიშვნას, ცესკოს არ ჰქონდა ამის უფლება, ვინაიდან პროპორციული არჩევნების დროს კანონმდებლობა ერთადერთ შემთხვევაში ითვალისწინებს არჩევნების ჩატარებას: როცა არჩევნები გამოცხადდება არჩატარებულად მთელ საქართველოში. ზუსტად ეს მოხდა 28 მარტს - 2 ნოემბრის არჩევნები გამოცხადდა არჩატარებულად და დაინიშნა ხელახალი არჩევნები. ახლაც ეს პროცედურა უნდა განეხორციელებინათ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება უკანონოდ არის მიღებული და, შესაბამისად, ის უნდა გაუქმდეს."

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლელა დევრისაშვილი, რომელიც სასამართლოში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს, მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა იურისტთა არგუმენტები ემყარება არა კანონის კონკრეტულ მუხლებს, არამედ საარჩევნო კოდექსის ცალკეულ დებულებათა ინტერპრეტაციას. პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხელახალი კენჭისყრის დანიშვნა კანონით მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კონკრეტულ ოლქებში გაუქმებული შედეგები რაოდენობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არჩევნების მონაწილეთა ხმების 10%-ს მაინც შეადგენს. ხულოსა და ქობულეთის ამომრჩეველთა რიცხვი კი ნამდვილად ვერ აღწევს 150 ათასს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ამ არგუმენტს ცენტრალური საარჩევნო კომისია ასე უპასუხებს:

[დევრისაშვილის ხმა] "ჩენ ამ პროპორციული სისტემით არჩევნების დროს შევქმენით ოლქები, დაჯამება ხდება ოლქების მიხედვით. ეს უკვე ნიშნავს, რომ საარჩევნო ოლქებისათვის დადგენილი წესები ვრცელდება პროპორციულ არჩევნებზეც. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენეთ 105-ე მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები. რასაც ახალგაზრდა იურისტები ამბობენ, არსად არ წერია, კანონში ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებული არ არის."
XS
SM
MD
LG