Accessibility links

logo-print

ვინ შეეწევა სასჯელაღსრულების დაწესებულებებს?


საიდუმლოება არ არის, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისია.

როგორც წესი, ვერ ხერხდება პატიმართა პერსონალური სივრცის კანონით დადგენილი ფარგლების დაცვა. კოლონიების უმეტესობაში არ ფუნქციონირებს სამზარეულო და სასადილო ბლოკი, შეუძლებელია ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. პრობლემათა ნუსხა იმდენად ვრცელია, რომ ლოგიკურად ისმის კითხვა: არსებობს კი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი?


იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში, რომელიც ცამეტ საპატიმროსა და ორ სამკურნალო დაწესებულებას აერთიანებს, უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. თუმცა სამინისტროს თანამშრომლებზე უკეთესად საკუთარი პრობლემების შესახებ თავად პატიმრები საუბრობენ:

[მამაკაცის ხმა] "პირობებს მე აქ, შიგნით, შევცვლიდი ყველაზე მეტად იმას, რომ ადგილობრივი საცხოვრებლები რაც აქვთ ხალხს, ეს იყოს ყველაზე მეტად შეცვლილი. ფართობი, სადაც ვცხოვრობთ... პატარა ფართობია, რომელიც რომ ადამიანს გავლაც კი უჭირს და რა იქ... აი, ფართობები რომ შეიცვალოს და ცოტა მეტი რომ გაკეთდეს, რომ საშუალება გვქონდეს... ზოგს მთელი ცხოვრება აქვს მისჯილი, ზოგს 20 აქვს, ზოგს 15 აქვს მისჯილი და თქვენ წარმოიდგინეთ, ექვსი კაცი და ხუთი კაცი ცხოვრობს სამ მეტრა კვადრატულ ფართობში."(სტილი დაცულია)

არადა იმას, რაზეც ჩემი რესპონდენტი - რუსთავის კოლონიის ტუსაღი - საუბრობს, პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონიც კრძალავს. თუმცა პერსონალური სივრცის დეფიციტი ერთადერთი და მთავარი პრობლემა როდია. პატიმრებისათვის განკუთვნილი გაზეთის, "ახალი თეთრი ბაირაღების", მთავარი რედაქტორი თამაზ ხაბეიშვილი აცხადეს:

[თამაზ ხაბეიშვილის ხმა] "ჯერ კიდევ უამრავი საპყრობილეა, სადაც ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები არ არსებობს, ანუ არ არის წყალი, ელემენტარულად დაბანვის საშუალება არ აქვთ; არ აქვთ საკვები პროდუქტები, თუ გარედან ვინმემ არ შეიტანა."(სტილი დაცულია)

თუმცა, იშვიათი გამონაკლისის სახით, საქართველოში ისეთი საპატიმროც ფუნქციონირებს, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. მე საშუალება მომეცა იმ მანდილოსნებს გავსაუბრებოდი, რომლებიც სასჯელს ქალთა მე-5 კოლონიაში იხდიან.

[ქალბატონის ხმა] "ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. თავისებურად დანგრეული იყო, ნანგრევებში ვიყავით, რა თქმა უნდა, გაუსაძლისი იყო აქ ყოფნა ძალიან... ახლა შედარებით უკეთესი პირობებია."(სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] "აბანო შეიცვალა, პარკეტია საუცხოო, ბოდიშით და ტუალეტის მდგომარეობა... ყველაფერი, ყველაფერიც შეიცვალა!" (სტილი დაცულია)

საინტერესოა, როგორ და რა საშუალებებით გაკეთდა ყოველივე ეს. მე ამ კითხვით სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულების დირექტორს მედიკო ალანიას მივმართე.

[მედიკო ალანიას ხმა] "აპრილში მიწისძვრა რომ მოხდა, იმ მიწისძვრამ საერთოდ დაგვანგრია. ყველა შენობა აბსოლუტურად იყო ამორტიზებული, მდგომარეობიდან გამოსული და ამან გამოიწვია ის, რომ აუცილებელი გახდა დაწესებულებაში რემონტის ჩატარება. ...იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა სპეცსახსრებით, მხოლოდ იუსტიციის სამინისტრომ და 670 ათასი ლარი დაჯდა."(სტილი დაცულია)

მაგრამ, მოგეხსენებათ, ბიუჯეტის შესაძლებლობებიც შეზღუდულია. ამის გამო, იუსტიციის სამინისტრო იმედის თვალით შესცქერის ევროკავშირს, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებისათვის მრავალმილიონიანი კრედიტი უნდა გამოყოს. თუმცა, სანამ ევროპიდან დახმარება საქართველომდე ჩამოაღწევს, ტუსაღები საკუთარი სახსრებით ცდილობენ პირობების გაუმჯობესებას.

[აკაკი ჩხაიძის ხმა] "მე იქ, სადაც ვიწექი, პალატა გავარემონტე რაღაც საშუალო დონეზე, 17 კვადრატული მეტრი იყო... როგორი მდგომარეობაა? როგორ გითხრათ, თქვენ თვითონ უნდა ნახოთ და აზრიც შეგექმნებათ... ძალიან ცუდად გამოიყურება, ასე რომ, დახმარება აუცილებელია. ისე ვიცი, რომ "წითელი ჯვარი" ეხმარება. ვიცი და, ალბათ, შეიძლება კიდევ ბიზნესმენებმაც გაუწოდეს დახმარების ხელი... ქვეყანამ, მთავრობამ ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოაგვაროს."(სტილი დაცულია)

ცნობისათვის, რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ჩხაიძე, რომელსაც მე ვესაუბრე, წინასწარი პატიმრობიდან თავდებით სულ რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა. ასე რომ, ვის, ვის და, ციხის საშინელ პირობებზე საუბრისას მას ნამდვილად დაეჯერება.
XS
SM
MD
LG