Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი რუსეთში


მოსკოვში ვიზიტისას ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო რუსეთთან თანამშრომლობის და არა

კონფრონტაციისთვის არის მოწოდებული. ეს სხეფერის პირველი ოფიციალური ვიზიტია მოსკოვში მას მერე, რაც მიმდინარე წლის იანვარში მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე ჯორჯ რობერტსონი შეცვალა.
ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

თავის გამოსვლებში სხეფერი კიდევ ერთხელ ეცადა დაერწმუნებინა რუსები, რომ ალიანსი მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. [სხეფერის ხმა] "გაფართოებულ ნატოს არა აქვს არავითარი მოტივი ან გეგმა, რომელიც რუსეთის ინტერესებს დაუპირისპირდებოდა."
ამ აზრს ბოომდე არ ეთანხმება რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელმაც, მართალია, იმედი გამოხატა, რომ ორმხრივი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება, მაგრამ გაიმეორა, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას.
[პუტინის ხმა] "ცხოვრება ადასტურებს, რომ ეს მექანიკური გაფართოება არ გვეხმარება იმ მთავარ საფრთხეთა წინააღმდეგ ეფექტიან მოქმედებაში, რომლებსაც დღეს ვაწყდებით. ამ გადაწყვეტილებამ ვერ შეძლო, მაგალითად, ტერაქტების თავიდან აცილება მადრიდში, ანდა ავღანეთის აღდგენასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დახმარება."
უკანასკნელ დღეებში რუსეთი განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ნატომ ლიტვის ტერიტორიაზე განათავსა ფ-16 ტიპის ოთხი სამხედრო თვითმფრინავი. ისინი ნატოს წევრი სამი ბალტიისპირა ქვეყნის საჰაერო სივრცეს გააკონტროლებენ.
აგრეთვე რუსეთი დაუფარავ უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ნატოს წევრებმა ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და სლოვენიამ დღემდე არ გაუკეთეს რატიფიკაცია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას.
მაგრამ იაპ დე ჰოოპ სხეფერმა თქვა, რომ რატიფიკაცია აუცილებლად მოხდება. ამის სანაცვლოდ გენერალურმა მდივანმა მოსკოვს მოსთხოვა, დაიცვას 1999 წელს ნაკისრი ვალდებულებები და თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოდან და მოლდავეთიდან.
ორი წლის წინ ნატომ და რუსეთმა შექმნეს ახალი მუდმივმოქმედი ფორუმი. იგი მიზნად ისახავს რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობას ბრიუსელში და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, შეიარაღების კონტროლი, სამოქალაქო თავდაცვა, კრიზისების მენეჯმენტი, სამშვიდობო მისიები, საზღვაო უსაფრთხოება და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება.
რეალურად ნატო-რუსეთის საბჭოს ბევრი არაფერი გაუკეთებია. მაგრამ ექსპერტების აზრით, მიუხედავად ამისა, ნატოს დიდ მიღწევად უნდა ჩაეთვალოს ის, რომ საერთოდ დიალოგს აწარმოებდა მოსკოვთან.
11 სექტემბრის შემდეგ ნატო თავისი მისიის ხელახლა განსაზღვრას ცდილობს. ალიანსი, ფაქტობრივად, ჩრდილში მოექცა ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციების ფონზე. მაგრამ სხვა კრიტერიუმებით თუ ვიმსჯელებთ, მისი მნიშვნელობა გაიზარდა კიდეც.
უკანასკნელ წლებში გაიზარდა ნატოზე, როგორც მშვიდობის გარანტზე, მოთხოვნილება. ამის მაგალითია ბალკანეთი და ავღანეთი. ნატოს ჩარევას ითხოვენ ერაყში. არის ნატოს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ჩართვის გეგმებიც. ასე რომ, თუკი დღეისთვის შეერთებული შტატები საკუთრივ საომარი მოქმედებებით არის დაკავებული, ნატოზე მოდის პოსტკონფლიქტურ რეგიონებში აღდგენითი სამუშაოები.

რაც შეეხება რუსეთს, მას შეუძლია წარმატებით ითანამშრომლოს ნატოსთან. საამისო მაგალითია ბალკანეთი. მაგრამ მომავალშიც თანამშრომლობის გზას აირჩევს თუ არა მოსკოვი, ეს დღეისთვის სრულიად გაურკვეველია. სამომავლო შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ორი მხარე ივნისში ითათბირებს ნატოს სტამბოლის სამიტზე, სადაც პრეზიდენტი პუტინია მიწვეული.
XS
SM
MD
LG