Accessibility links

logo-print

კონდოლიზა რაისის ჩვენებებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სუფევს


ხუთშაბათს, 8 აპრილს, სახელმწიფო უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა, ფიცის ქვეშ, ჩვენება მისცა დამოუკიდებელ კომისიას,

რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტებთან დაკავშირებულ გარემოებებს იძიებს. კომისიის ამოცანაა, დაადგინოს, შესაძლებელი იყო თუ არა ტერორისტული ოპერაციის თავიდან აცილება და რამდენად სწორი იყო აშშ-ის მთავრობის ქმედება ტერაქტების შემდეგ.

კონდოლიზა რაისი კარგა ხანს ამბობდა უარს დამოუკიდებელი კომისიისთვის ჩვენების მიცემაზე და თანხმობა მხოლოდ დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ განაცხადა. თავის უარს იგი იმით ასაბუთებდა, რომ პრეზიდენტის მრჩევლის საგანგებო სტატუსი მას ყოველგვარი საჯარო დაკითხვისგან უნდა ათავისუფლებდეს.

პრეზიდენტის მრჩეველი სამი საათის მანძილზე უპასუხებდა კომისიის წევრებს, რომელთა შორის არიან როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები. რაისს არც ამჯერად გადაუხვევია თავიდან არჩეული გეზიდან და ერთხელ კიდევ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომელიც კომისიის დემოკრატი წევრების აშკარა გაღიზიანებას იწვევდა და დროდადრო მათსა და რაისს შორის ცხარე კამათის მიზეზიც ხდებოდა. პოზიცია კი, მოკლედ თუ ვიტყვით, ასეთია: 11 სექტემბრის თავდასხმებს ბუშის ადმინისტრაცია ვერ აღკვეთდა.

რაისის თქმით, მართალია, თეთრი სახლისთვის თავდასხმებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე გახდა ცნობილი, რომ "ალ-ყაიდა" მსხვილმასშტაბიან ოპერაციას გეგმავდა, მაგრამ ამავე ინფორმაციის თანახმად, ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში ან აფრიკაში უნდა განხორციელებულიყო.

ამასთანავე, რაისმა აღიარა, რომ შეერთებული შტატები სათანადოდ არ იყო მზად ტერორიზმის მზარდ საფრთხესთან დასაპირისპირებლად და რომ ბოლო 20 წლის მანძილზე აშშ-ის პრეზიდენტები ამ მუქარას ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ. მაგრამ, პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ჯორჯ ბუშმა საფრთხე დაინახა და თავის ხელქვეითებს განუცხადა, რომ მისი მოსპობა სურს.

[კონდოლიზა რაისის ხმა] "სტრატეგიის მიზანი იყო "ალ-ყაიდის" ქსელის განადგურება და საფრთხის თავიდან აცილება. ადმინისტრაციამ უბრძანა შეერთებული შტატების შესაბამისი დეპარტამენტებისა და უწყებების ხელმძღვანელებს, "ალ-ყაიდის" განადგურება უმთავრეს პრიორიტეტად ექციათ და მიზნის მისაღწევად ჩვენი სახელმწიფო ძლიერების ყველა საშუალება გამოეყენებინათ: სადაზვერვო, საფინანსო, დიპლომატიური და სამხედრო."

კომისიის წინაშე კონდოლიზა რაისის გამოსვლას, როგორც მოსალოდნელიც იყო, განსვავებულად აფასებენ დემოკრატი და რესპუბლიკელი პოლიტიკოსები. თუ თანაპარტიელები რაისის ჩვენებას "შთამბეჭდავსა" და "დამაჯერებელს" უწოდებენ, დემოკრატები, პირიქით, გამოსვლის სუსტ წერტილებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ლეონ ფერთი, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეკავა პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციაში, ერთ-ერთ ასეთ სუსტ წერტილად მიიჩნევს რაისის განცხადებას იმ "სტრუქტურული" პრობლემის შესახებ, რომელიც საშინაო და საგარეო დაზვერვის სამსახურებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას აფერხებდა. "თუ ამ პრობლემის არსებობა იცოდა, რატომ არაფერი მოიმოქმედა თეთრმა სახლმა მის მოსაგვარებლადო", ამბობს ფერთი.

[ლეონ ფერთის ხმა] "ადმინისტრაციას კარგად მოეხსენებოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ურთიერთობაში პრობლემები არსებობდა, მაგრამ მან არაფერი იღონა საიმისოდ, რათა ამ ორგანიზაციებს შესაბამისი ბრძანება მიეღოთ. ეს პრობლემა მათ არც თავიანთ დიდ სტრატეგიულ გეგმაში შეუტანიათ."

თუ ლეონ ფერთის ამ სიტყვებს სარწმუნოდ მივიღებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ კონდოლიზა რაისის ჩვენებებმა მაინც უპასუხოდ დატოვა არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა.

ახლო მომავალში კომისიის წევრთა წინაშე ერთად წარდგებიან პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი. თუმცა, ისინი ფიცის ქვეშ არ მისცემენ ჩვენებებს. არ მოხდება მათი გამოსვლების სტენოგრაფიული ჩაწერა. ჩანაწერების გაკეთების უფლება კომისიის მხოლოდ ერთ წევრს მიეცემა.
XS
SM
MD
LG