Accessibility links

logo-print

მეათე სტუდია


534-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 534-ე გამოშვებას. დღეს მოგითხრობთ 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ერთი სიმღერის ისტორიაზე; გესაებრებით საქართველოდან "ბრიტიშ ეარუეიზის" წასვლაზე; ვნახავთ, როგორ ემზადებიან ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველი სპორტსმენები; შემდეგ გადავინაცვლებთ კულტურის სფეროში და შემოგთავაზებს მასალებს სამი იუბილარის შესახებ: კინორეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლაზე, კომპოზიტორ ანდრე პრევენზე და პოპანსამბლ აბბაზე.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


როგორ შეიქმნა სიმღერა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები"

ბიძინა რამიშვილი:
წელს 15 წელი სრულდება 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან, როცა თბილისის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე მთავრობის სახლის წინ საბჭოთა არმიის ჯარისკაცებმა მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას 20 ადამიანი იმსხვერპლეს. ამ თემაზე დღევანდელ პროგრამაში უკვე რამდენჯერმე შევეხეთ. დღეს მეათე სტუდიაში 9 აპრილის ტრაგედიის კიდევ ერთ, განსხვავებულ ასპექტს შემოგთავაზებთ. ასევე წელს 15 წლის ხდება კომპოზიტორ სიმღერა " ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები", რომელიც 9 აპრილის მოვლენებთან ასოცირდება.
როგორ შეიქმნა ეს სიმღერა - ამის გასარკვევად თამარ ჩიქოვანი სიმღერის ავტორს, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს შეხვდა.

[ ჯემალ სეფიაშვილის ხმა] "ყველას გვახსოვს 9 აპრილის გარიჟრაჟი, მაშინ, როცა ელვისებურად გაიქუხა მეხმა და ყველამ გავიგეთ, თუ რა დაგვატყდა თავს. მე ამასობაში სიმღერა უკვე დაწერილი მქონდა. 8-ში საღამოს მივედი ქეთი ჯაფარიძესთან და ვუთხარი - იქნებ მოხვიდე, სიმღერა მოპგასმენინო. ასე ვთვლი, სიმღერაც ძალიან გვჭირდება-მეთქი. საუბედუროდ, ეს ყველაფერი მოხდა 9 აპრილის გარიჟრაჟზე, მაგრამ 9-ში ყველა ჩემთან იყო - ქეთი ჯაფარიძე, ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაზე, ავთო ჩხიკვიშვილი, ზურა ლოლაძე...და ჩვენ მოვისმინეთ ეს სიმღერა."

თამარ ჩიქოვანი:
ჯემალ სეფიაშვილის ეს სიმღერა, რომელიც ამ 15 წლის წინ დაიწერა და გაჟღერდა, დღემდე განსაკუთრებულ გრძნობებს აღძრავს. მით უფრო, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ შეხვდა 9 აპრილის შემზარავი ტრაგედიით თავზარდაცემული საქართველოს საზოგადოება სიმღერას, სადაც ერთმანეთისთვის გვერდში ამოდგომაზე და სიყვარულზე მღეროდნენ საქართველოს ყველაზე ცნობილი მომღერლები. რა პრინციპით შეარჩია კომპოზიტორმა ისინი, ვინც სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობდა:

[ ჯემალ სეფიაშვილის ხმა] " იცით, არ იყო იმის განწყობა - მოდით ჩემთან, სიმღერა დავწერე, უნდა მოგასმენინოთ...არავინ არ იცოდა, რატომ მოდიოდა ჩემთან. ჩემი სახლის კარი ყველა ჩემი კოლეგისთვის ღიაა დღის და წლის ნებისმიერ დროს. ამიტომ არ იყო გასაკვირი "მოდი, რა..." ცალკე მე ვრეკავდი, ცალკე - ჩემი მეუღლე, ცალკე - ქეთი - ხვალ ჯემალთან ვგროვდებით."

გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო - სიმღერა რაც შეიძლება ჩქარა უნდა ჩაიწეროს. ფირმა "მელოდიის" დირექტორმა ჯუმბერ ბერაძემ უსასყიდლოდ დაუთმო ხმის ჩამწერი სტუდია. ჯემალ სეფიაშვილი დღესაც განსაკუთრებულად იხსენებს იმ ატმოსფეროდ, რომელიც სიმღერის ჩაწერისას შეიქმნა:

[ ჯემალ სეფიაშვილის ხმა] " ყველა როგორ ვიყავით, იცი? ხო, გენაცვალე....არის ხოლმე ჩაწერის დროს რაღაც შემოქმედებითი დაძაბულობა, მაგრამ აქ - არა."

სიმღერა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" სწრაფად გასცდა საქართველოს ფარგლებს. ჯემალ სეფიაშვილი იხსენებს მაშინდელი უცხოური პრესის შეფასებას, რომელმაც 50 მომღერლის მიერ ჩაწერილი ეს სიმღერა სენსაციად შეაფასა:

[ ჯემალ სეფიაშვილის ხმა] სიმღერა " ჩვენ ვართ მსოფლიო" იყო აფრიკის ბავშვების ტრაგედიასთან დაკავშირებული სიმღერა. შარლ აზნავურის სიმღერა - აგრეთვე სხვა ქვეყნის ტრაგედიასთან დაკავშირებული. და - უცებ - სენსაცია - ასეთი გაჭირვების დროს, როცა ხალხი ბღავის, იწერება სიმღერა...."ამ ხალხს ხომ არ აკლიაო" - თავდაპირველად ასეთი რეაქცია იყო - დადგნენ და მღერიანო. მაგრამ ეს ხომ ყოველთვის ასე ჯიყო. ქართველი კაცი ყოველთვის გასაჭირშიც მღეროდა, ლხინშიც მღეროდა. და ასე მოგვდგამს დღემდე. ხომ მართალია?"

მართალია, რომ ქართველი კაცი გაჭირვებისას თავის დარდს სიმღერით გამოხატავს. მართალია ისიც, რომ 9 აპრილის შემდეგ, როცა გრძნობები მეტნაკლებად ჩაცხრა, არავინ უზრუნა სიმღერის ახალი კლიპის გადასაღებად. მართალია ისიც, რომ დღეს სიმღერა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" მხოლოდ ერთადერთ საყოფაცხოვრებო კასეტაზე არსებობს, რომელიც ჯელამ სეფიაშვილის საკუთრებაა. მართალია ისიც, რომ ამ 15 წლის წინ, სიმღერის ჩაწერისას გადაღებული 4 კასეტა ვიღაცამ რეჟისორ ქეთი დოლიძის ოთახიდან მოიპარა - არა მასალის გამო.უბრალოდ, ვიღაცა კასეტას დახარბდა.
თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


"ბრიტიშ ეარვეისმა" საქართველოში ფეხი ამოიკვეთა

ბიძინა რამიშვილი:
ამა წლის 31 მარტს დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანიამ, "ბრიტიშ მედიტერანეან ეარვეისმა" საქართველო დატოვა. მანამდე ავიაკომპანიას კარგა ხნის შეწყვეტილი ჰქონდა საქართველოში ფრენა. პრობლემა ბრიტანულ კომპანიასა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობას 5 წლის წინათ გაუჩნდათ, როცა ავიაციის ადმინისტრაციამ "ბრიტიშ ეარვეისს" გადასახადის გადახდა მოთხოვა და უარი მიიღო. დაწყებული უთანხმოება ავიაკომპანიისათვის საქართველოში ფრენის უფლების შეჩერებაში გადაიზარდა. "ბრიტიშ ეარვეისი" წლების მანძილზე ცდილობდა, აღედგინა ეს უფლება, მაგრამ ამაოდ. ათიოდე დღის წინ კომპანიამ საქართველო დატოვა. ამ ყველაფრის მიზეზებსა და ბრიტიშ ეარვეისის საქართველოში დაბრუნების პერსპექტივაზე დავით პაიჭაძე გესაუბრებათ.

დავით პაიჭაძე:
ამა წლის 31 მარტს დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანიამ "ბრიტიშ მედიტერანეან ეარვეისმა" საქართველო დატოვა. მანამდე ავიაკომპანიას კარგა ხნის შეწყვეტილი ჰქონდა საქართველოში ფრენა. პრობლემა ბრიტანულ კომპანიასა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობას 5 წლის წინათ გაუჩნდათ, როცა ავიაციის ადმინისტრაციამ "ბრიტიშ ეარვეისს" გადასახადის გადახდა მოსთხოვა და უარი მიიღო. დაწყებული უთანხმოება ავიაკომპანიისათვის საქართველოში ფრენის უფლების შეჩერებაში გადაიზარდა. "ბრიტიშ ეარვეისი" წლების მანძილზე ცდილობდა აღედგინა ეს უფლება, მაგრამ ამაოდ. ათიოდე დღის წინ კომპანიამ საქართველო დატოვა.

"ბრიტიშ ეარვეისის" საქართველოდან წასვლაზე ავიაკომპანიასა და ქართულ მხარეს, ბუნებრივია, განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ. ამ თვალსაზრისთა გაცნობამდე უნდა ითქვას, კომპანია, რომლის თვითმფრინავიც თბილისში დაფრინავდა, იწოდება "ბრიტიშ მედიტერანეან ეარვეის"-ად, დამოუკიდებელია და რეისებს ახორციელებს "ბრიტიშ ეარვეისთან" ფრანჩაიზული ხელშეკრულების საფუძველზე. "ბრიტიშ მედიტერანეან ეარვეისი" თავს მცირე მასშტაბის კომპანიად მიიჩნევს, თუმცა მომსახურებას "ბრიტიშ ეარვეისის" სახელით ახორციელებს.

"ბრიტიშ მედიტერანეან ეარვეისის" ყოფილი წარმომადგენლობა თბილისში მიიჩნევს, რომ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს, ბრიტანეთის მთავრობის, საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და თვითონ კომპანიის გამუდმებული მცდელობის მიუხედავად გამოესწორებინათ მდგომარეობა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, არ დაეშვა "ბრიტიშ მედიტერანეან ეარვეისის" ფრენის აღდგენა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, უცვლელი დარჩა. სწორედ ამიტომ კომპანიამ საბოლოოდ გადაწყვიტა, დაეტოვებინა საქართველო.

რატომ ამბობდა უარს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ბრიტანული ავიაკომპანიისათვის ფრენის ნებართვის გაცემაზე? კომპანიის წარმომადგენლობა, რომელიც არჩევს კონკრეტული პირები არ გამოაჩინოს ეთერში, აცხადებს, რომ მთელ იმ პერიოდში, როცა ის არ ასრულებდა რეისებს თბილისსა და ლონდონს შორის, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია თანმიმდევრულად ცვლიდა ნებართვის გაუცემლობის მიზეზებს. უკანასკნელი მოთხოვნის მიხედვით, "ბრიტიშ მედიტერანეან ეარვეისს" უნდა წარედგინა უამრავი საბუთი, რომელთაგან ზოგიერთის გაცემა აკრძალულია საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულებით. ამასთან, კვლავ დაისვა საკითხი ადგილობრივ გადამზიდველთან კომერციული ხელშეკრულების დადების თაობაზე. ამას მოითხოვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, ნომერი 581 ბრძანებულება, რომელიც არავის გაუუქმებია. ბრიტანულ კომპანიას კი არ სურდა "აირზენასთან", როგორც თავად მიაჩნდა, წამგებიანი კონტრაქტის გაფორმება. გარდა ამისა, ასეთი კონტრაქტის დადებას მას არ ავალდებულებდა ზემოხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში კი სხვა რიგის არგუმენტები მოჰყავთ. ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, იმოწმებს საქართველოს პარლამენტის 2003 წლის დასაწყისში მიღებულ დადგენილებას, რომლის შესრულებასაც ცდილობდა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია:

[თანამშრომლის ხმა] "ეს არის საქართველოს პარლამენტის დადგენილება საჰაერო ტრანსპორტის მიმოსვლასთან დაკავშირებით. პარლამენტი ადგენს: სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ შეაჩეროს რეგულარული რეისების შესასრულებლად გაცემული დროებითი ნებართვის მოქმედება შესაბამისი ავიაკომპანიებისთვის, სანამ ნორმატიული ბაზა არ იქნება მოყვანილი წესრიგში და საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმათა შესაბამისად არ იქნება დაცული ეროვნული ავიაკომპანიების ინტერესები."

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში მითხრეს, რომ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან ერთად მათ პარლამენტს წარუდგინეს მოთხოვნილი ნორმატიული აქტის პროექტი, მაგრამ საკანონმდებლო ორგანომ მას მხარი არ დაუჭირა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ მათ არსებული ნორმატიული ბაზა არ აძლევდა (და დღემდე არ აძლევს) უფლებას, სხვაგვარად ემოქმედათ.

რაც შეეხება "ბრიტიშ მედიტერანეან ეარვეისის" საქართველოში დაბრუნებისა და რეისების აღდგენის საკითხს, კომპანიის პოზიცია ასეთია: თუ შენიშნავენ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის საქმიანობაში, ისინი განიხილავენ ამ საკითხს ავიაკომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის კონტექსტში და მიიღებენ გადაწყვეტილებას. ხოლო თუ არ მოხდება საქმიანი გარემოს საფუძვლიანი გაუმჯობესება, თბილისსა და ლონდონს შორის რეისების აღდგენის პერსპექტივა ნაკლებ სავარაუდოდ ესახებათ.

ეს პერსპექტივა არ გარკვეულა საქართველოს პრეზიდენტის 5 აპრილის განცხადების შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია:

[სააკაშვილის ხმა] "აი, რა ხდება უცხოური ავიაკომპანიების არშემოშვების კუთხით: ავიაციის დეპარტამენტი პრივატიზებული აქვს პირთა ჯგუფს, რომელიც იძახის, სახელმწიფო უწყება ჩვენი საკუთრებაა და არავის არ შემოვუშვებთო. იქ იყო უფროსის მოადგილე, რომელმაც თქვა, არ გავცემ ნებართვას ბრიტანული ავიაკომპანიის ფრენაზე და ვერაფერსაც ვერ მიზამთო. მე ვავალებ ინფრასტრუქტურის მინისტრს, კანონის დაცვით უზრუნველვყოთ ყველა უცხოური ავიაკომპანიისათვის ფრენის უფლების მიცემა. მაგ ხალხის ფრენა ნიშნავს ახალ ინვესტიციებსა და ახალ სამუშაო ადგილებს".

ამ განცხცადებიდან 5 დღის შემდეგ ბრიტიშ მედიტერანეან ეარვეისის წარმომადგენელმა, თამარ შანიძემ განმიცხადა, რომ, მათთან მიმართებით, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა.
დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი


საქართველოს სპორტსმენთა წინასაოლიმპიადო მზადება,

ბიძინა რამიშვილი:
ათენის 28-ე ოლიმპადის დაწყებამდე ოთხ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები უკვე მესამედ იასპარეზებს დამოუკიდებლად მსოფლიო სპორტის უმაღლეს ფორუმზე, რომელიც 13-29 აგვისტოს გაიმართება.
დღეისათვის საქართველოს 28 სპორტსმენმა მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია სპორტის 9 სახეობაში.
იმაზე, თუ კიდევ რამდენი ვაკანსიის იმედი არსებობს და წინასაოლიმპიადო პრობლემატიკის ზოგიერთ სხვა საკითხზე ჩვენი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს.

გიორგი კაკაბაძე:
მათ შორის, ვინც უკვე დაისაკუთრა ათენის საგზური, არიან ოლიმპიური ჩემპიონი და სამი პრიზიორი. 20-ზე მეტს მოპოვებული აქვს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების ჯილდოები, - ოქროს მედლის ჩათვლით, 12 სპორტსმენს კი ოლიმპიურ თამაშებში უასპარეზია. ემზარ ზენაიშვილის შეფასებით, ამ სპორტსმთაგან ყოველ მესამე-მეოთხეს აქვს ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი,

[ზენაიშვილის ხმა] "ხოლო 4-5 კაცს ოქროს მედლის მოგების კარგი შესაძლებლობა გააჩნია".

ესენია, - ოლიმპიადების ორგზის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში და არა ერთი სხვა ტიტულის მფლობელი, ელდარ კურტანიძე, მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მანუჩარ კვირკველია, ამავე სტილით მოჭიდავე, საქართველოს ოლიმპიური იმედი რამაზ ნოზაძე, ოლიმპიური ჩემპიონი ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე.

ჩემი თანამოსაუბრე დარწმუნებულია, რომ ოლიმპიურ ლიცენზიას მოიპოვებს ძალოსანი გია ასანიძე, რომელსაც, ბატონი ემზარის თქმით, უმაღლესი ჯილდოს მოპოვების კარგი შანსი უნდა ჰქონდეს. "ცნობილ აფროსანს, გურამ ბიგანიშვილსაც არ უნდა გაუჭირდეს საგზურის მოპოვება", - მიიჩნევს იგი.
ემზარ ზენაიშვილის აზრით, საბოლოოდ, ოლიმპიურ ლიცენზიას კიდევ 7-8 ქართველი სპორტსმენი მოიპოვებს და მაშინ საქართველოს ნაკრები 35-36 კაცის შემადგენლობით, 12-13 სახეობაში იასპარეზებს ათენში.

[ზენაიშვილის ხმა] "ასე რომ, გუნდის შემადგენლობა ოპტიმალურია და მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები შეესაბამება დღევანდელი ქართული სპორტის პოტენციალს".

ამასთან, ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი უარყოფით მომენტად მიიჩნევს იმას, რომ ათენში საქართველოს არც ერთი გუნდი არ ეყოლება სათამაშო სახეობაში, თუმცა, მისი თქმით, ლიცენზიების მოპოვების მხრივ რაიმე განსაკუთრებული მოულოდნელობა არ მომხდარა.
აქვე უნდა აღინიშნოს საქართველოს მოჭიდავეთა წარმატებული გამოსვლა სალიცენზიო შეჯიბრებებში.

[ზენაიშვილის ხმა] "ჭიდაობის სამივე სახეობაში - თავისუფალში, ბერძნულ-რომაულსა და ძიუდოშო, დაახლოებით 19-20 სპორტსმენი გვეყოლება, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია: რაოდენობის მხრივ ჩამოუვარდებით მხოლოდ რუსეთს, ამერიკასა და, შესაძლოა, კიდევ რომელიმე ქვეყანას."

რაც შეეხება დაფინანსებას. ემზარ ზენაიშვილის თქმით, ამ საკითხში არ შეიმჩნევა რაიმე განსაკუთრებული სირთულე, თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ დაფინანსების მოცულობა საქართველოში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს საშუალო ევროპული სტანდარტებითაა განსაზვრული.

ამასთან ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ხაზს უსვამს იმ უდიდეს წვლილს, რომელიც, მისი თქმით, "ქართული სპორტის გადარჩენის საქმეში საქართველოს ოლიმპიური ფონდის დაარსებამ და, განსაკუთრებით, მისმა პრეზიდენტმა, ბადრი პატარკაციშვილმა შეიტანა".

[ზენაიშვილის ხმა] "დღეს რომ პრობლემები არ არის გუნდის დაფინანსებასთან, მწვრთნელების ხელფასებსა და სპორტსმენების სტიპენდიებთან დაკავშირებით, ეს განპირობებულია რამდენიმე სტრუქტურის ერთობლივი ძალისხმევით: ეს არის სახელმწიფო და მისი ბიუჯეტი,ოლიმპიური ფონდი, ოლიმპიური კომიტეტი, ფედერაციები. ასე რომ, დღეს, ამ ეტაპზე, არ შეიძლება გვქონდეს პრეტენზიები დაფინანსებასთან დაკავშირებით".

საქართველოს მთავრობას გადწყვეტილი აქვს ათენის ოლიმპიური თამაშებში გამარჯვებულთა მატერიალური წახალისება - ოლიმპიური ჩემპიონისთვის ეს თანხა 50 ათასი დოლარის ეკვივალენტი იქნება, ხოლო ვერცხლისა და ბრინჯოს მედალოსნები, შესაბამისად, 30 და 20 ათასი დოლარის ეკვივალენტს მიიღებენ. ამას ემატება ოლიმპიური ფონდის მიერ გამოყოფილი მილიონი ლარი ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსულ სპორტსმენთა წასახალისებლად.

[ზენაიშვილის ხმა] "მათ შორის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ოლიმპიური ფონდიდან მიიღებს 200 ათასს ლარს. ვფიქრობ, რომ საკამრისზე მეტი მოტივაცია აქვს სპორტსმენს ამ ნაწილში - მატერიალური წახალისების ნაწილში".
გიორგი კაკაბაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ფრენსის ფორდ კოპოლა 65 წლისაა

ბიძინა რამიშვილი:
7 აპრილს 65 წლის გახდა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინორეჟისორი, ფრენსის ფორდ კოპოლა. სახელი და დიდება არც მანამდე აკლდა, მაგრამ საბოლოოდ დაიპყრო ჰოლივუდი 70-იან წლებში, როცა ლეგენდარული ტრილოგია "ნათლია" გადაიღო. მაფიის ექსპერტი სხვა მხრივაც ერთგულია თავისი იტალიური ძირებისა. მარტის ბოლოს სან ფრანცისკოში, უსახლკაროთა და ღატაკთათვის გამართულ ყოველწლიურ საქველმოქმედო ვახშამზე, რომელზეც მაკარონეულის კერძები მზადდება ხოლმე, მოყვარულმა გურმანმა კოპოლამ ოჯახის ძველი რეცეპტით მოამზადა დაკეპილი ხორცის სოუსი. ნიუ იორკში გაზრდილი იტალიური წარმოშობის კოპოლა მრავალმხრივი ტალანტია და მას უკვე კარგა ხანია, აღარ ჰყოფნის რეჟისორის, პროდიუსერისა თუ სცენარის ავტორის როლი.

20 წელზე მეტია, რაც კოპოლა მევენახეობას ეწევა ჩრდილო კალიფორნიაში. 70-იან წლებში სან ფრანცისკოში საკუთარი საპროდუქციო ფირმა "ზოუტროპის" შექმნით ჰოლივუდის ძლევამოსილი სტუდიებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. იგი არის მამამთავარი ოჯახური კლანისა, რომელშიც არა ერთი და ორი კინოვარსკვლავია. ქალიშვილმა სოფიამ მიმდინარე წელს ოსკარი აიღო საუკეთესო კინოსცენარისთვის მამამისთან ერთად დადგმული კოსედიისთვის "თარგმანში დაკარგული". კოპოლას და თალია შაიერი და დისშვილი ნიკოლას კეიჯი თავის სამომავლო კინოპროექტებში ჰყავს ჩართული. მაგრამ მრავალმა კრიტიკოსმა დღემდე ვერ აპატია, რომ "ნათლიის" მესამე ნაწილში თავისი ქალიშვილი სოფია ათამაშა. მერი კორლეონეს როლში სოფიამ სრული კრახი განიცადა.

კინოს სიყვარული ბავშვობიდან მოსდგამს. ათი წლის ასაკში პოლიომიელიტმა თვეების მანძილზე მიაჯაჭვა საწოლს და ფილმების საყურებლად ბევრი დრო ჰქონდა. მოგვიანებით ლოს ანჯელესის კინოაკადემიაში სწავლობდა, 22 წლის ასაკში პირველი ფილმი გადაიღო, 1970 წელს კი პირველი ოსკარი მოიპოვა საუკეთესო სცენარისთვის კინოფილმში "პატონი - ფორმიანი მეამბოხე".

როგორც რეჟისორს დიდი ტრიუმფი მოუტანა 1971 წელს მარიო პუცოს რომანის, "ნათლიის" ეკრანიზაციამ. კოპოლას ტრილოგიამ უთვალავი ჯილდო მოიპოვა. საერთოდ, 70-იანი წლები კოპოლასთვის წარმატებებით აღსავსე იყო. ამ პერიოდში გადაიღო "ამერიკული გრაფიტი", "დიდი გეთსბი" და "დიალოგი".

ამ პერიოდის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს "აპოკალიფსი დღეს", საზარელი სცენებით აღსავსე ეპოსი ვიეტნამის ომის შესახებ, რომელშიც მთავარ როლებს მარლონ ბრანდო და მარტინ შინი ასრულებენ და რომელმაც ძირი გამოუთხარა კოპოლას ნერვესაც და მის ფინანსურ წარმატებებსაც. კოპოლას მეუღლემ, ელინორმა დოკუმენტურ ფილმში აღბეჭდა "აპოკალიფსიზე" მუშაობის თითქმის ორწლიანი პროცესი. კოპოლას დაუფასდა მძიმე შრომა: ფილმმა ორი ოსკარი და კანის კინოფესტივალის პალმის ოქოს რტო მოიპოვა. კოპოლა, რომელმაც ერთხელ თავად შეადარა რეჟისორის როლი დიქტატორისას, მუდამ ცნობილი იყო იმით, რომ თავისი შემოქმედებითი გეგმებით იყო შეპყრობილი. "ვარსკვლავთა ომების" ავტორმა ჯორჯ ლუკასმა ასე აღწერა თავისი მეგობრის ზომაგადასული ხელგაშლილობა ფილმების გადაცებისას: "ფრენსისი ისეთი ტიპია, ვატიკანს ან პირამიდებს რომ ააგებინებდაო."

დიდი შემოქმედებითი წარმატებების გვერდით დიდ რეჟისორს პირად ცხოვრებაში ბედმა უმუხთლა. 1986 წელს მისი ვაჟი ჯან კარლო ნავის ავარიაში დაიღუპა. თუმცა, წარუმატებლობები შემოქმედებაშიც არ აკლდა. ძვირადღირებული მიუზიკლის "გულიანი ადამიანის" ჩავარდნის შემდეგ კოპოლას ფირმამ 80-იანი წლების ბოლოს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. მაგრამ "ნათლიის" მესამე ნაწილის შედეგ მისი საქმე კვლავ აღმა წავიდა.

უკვე 15 წელია მუშაობს "მეგაპოლისზე", რომელიც ძალზე ნელა მიიწევს წინ. კინოფილმში, რომელიც ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება, აღწერილია მომავლის ნიუ იორკი და მასში მცხოვრები ადამიანები. ამჟამად "მეგაპოლისზე" მუშაობა შეჩერებულია, მაგრამ ჰოლივუდში ყოველთვის ახსოვთ, რომ კოპოლასგან სიურპრიზები ყოველთვის არის მოსალოდნელი.

[მუსიკა]


ანდრე პრევენის 75 წლისთავი

ბიძინა რამიშვილი:
ანდრე პრევენმა, რომელსაც სამიოდე დღის წინ 75 წელი შეუსრულდა, ჯერ კიდევ 40 წლის წინათ მიაღწია იმას, რაზეც ბევრი მუსიკოსი, შესაძლოა ოცნებასაც ვერ ბედავდეს: პიანისტს, კომპოზიტორსა და დირიჟორს უკვე 4 ოსკარი ჰქონდა მოპოვებული, ჯაზის გიგანტები ელა ფიცჯერალდი, ბენი გუდმენი, დიზი გილესპი აღტაცებული იყვნენ მისი აკომპანიმენტით, ხოლო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად წარმატებული დებიუტის შემდეგ მისთვის ყველა წამყვანი საკონცერტო დარბაზის კარი გაიხსნა. ასე, რომ რა გასაკვირია - ჟურნალმა "ვენიტი ფერმა" ანდრე პრევინი გასულ საუკუნეში კროსოვერის საუკეთესო მუსიკოსად შერაცხა.

მაგრამ კროსოვერი სხვადასხვა მუსიკალური სტილის გამოყენებას, მათ შერწყმას, ზოგჯერ აღრევასაც ნიშნავს - და რასაკვირველია, ყველას გულზე არ ეხატება. ასე იყო და არის კროსოვერის ოსტატის ანდრე პრევინის შემთხვევაშიც: მის მუსიკას, ნეოკლასიციზმის, ჯაზისა და პოპის ნაზავს, ყველა არ მოჰყავს აღტაცებაში. მაგრამ ამერიკელი მუსიკოსისადმი კლასიკური მუსიკის მოყვარულთა დამოკიდებულება ბოლო დროს აშკარად უფრო პოზიტიური გახდა - შესაძლოა, მას შემდეგ, რაც პრევინი საუცხოო მევიოლინეზე, ანე ზოფი მუტერზე დაქორწინდა. პრევინის ბიოგრაფიისა და შემოქმედების სხვა დეტალებს მარიამ ჭიაურელისაგან შეიტყობთ.

მარიამ ჭიაურელი:
ანდრე პრევენი და ანე სოფი მუტერი, თუ შეიძლება ასე ითქვას, პროფესიულადაც შეუღლდნენ - 2002 წლის აგვისტოში დაქორწინების შემდეგ, პრევენი მუსიკას თითქმის მხოლოდ ცოლისთვის წერს და უმეტესწილად მასთან ერთად გამოდის საკონცერტო სცენებზე. მათივე ერთობლივი კომპაქტ-დისკი "ტანგო: სიმღერა და ცეკვა" ბესტსელერი გახდა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სავიოლინე კონცერტმა, რომელიც პრევენმა თავის გერმანელ მეუღლეს მიუძღვნა...

პრევენიც, უფრო ზუსტად ანდრეას ლუდვიგ პრივინი გერმანიაში დაიბადა 75 წლის წინ, მუსიკის მასწავლებლის ოჯახში. მაგრამ სულ 10 წლის იყო, როცა ამ ოჯახს, ებრაული წარმოშობის გამო ემიგრაციაში წასვლა - შეერთებულ შტატებში გადასახლება მოუხდა. აბსოლუტური სმენით დაჯილდოვებული ბიჭუნასთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ მუსიკოსი გახდებოდა. ჯერ ჯაზპიანისტად გაითქვა სახელი, შემდეგ კი ჰოლივუდთან კონტაქტი დაამყარა - მისი დაწერილია 50-მდე ფილმის მუსიკა. მაგრამ დადგა მომენტი, 1968 წელი, როცა "მსუბუქ ჟანრს" ზურგი შეაქცია და სათავეში ჩაუდგა ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს.

წეღან პრევენის სახელგანთქმული მეუღლე ვახსენეთ - ანე-სოფი მუტერი. ის პრევენის ერთადერთი სახელგანთქმული, და მასზე გაცილებით უმცროსი ცოლი არ გახლავთ: მისი ხუთი მეუღლიდან ერთ-ერთი იყო კინომსახიობი მია ფაროუ, რომელთანაც 3 შვილი შეეძინა, 4 კი იშვილა.

ასეთი ბიოგრაფიული დეტალების გამო ანდრე პრევენს, ცხადია, არასოდეს აკლდა მასმედიის ყურადღება, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნებოდა და არც არავინ აპირებს ამის გამო მისი მუსიკალური ნიჭის დაკნინებას. ანდრე პრევენი მსოფლიოს წამყვან დირიჟორებს მიეკუთვნება, ავტორია მრავალი კომპოზიციის, მათ შორის ოპერისაც კი... მაგრამ დღეს პიანისტი პრევენის ჩანაწერით გემშვიდობებით ... ეს არის ჯორჯ გერშვინის "ცისფერი რაფსოდია".

[მუსიკა]

ანსამბლი "აბბა" საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლის 30-ე წლისთავს აღნიშნავს

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
ამ ჰანგების გაგონებაზე ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ შვეციაში ვრჩებით. ამ დღეებში პოპ-მუსიკის ლეგენდად აღიარებული ანსამბლი "აბბა" ერთბაშად ორ იუბილეს აღნიშნავს. დავით კაკაბაძისგან შეიტყობთ, თუ რა იუბილეებზეა საუბარი.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
"ვატერლოო" - ასე ჰქვია სიმღერას, რომელმაც ამ ოცდაათიოდე წლის წინათ პოპ-მუსიკის ცის კაბადონზე ახალი ვარსკვლავი ამოაბრწყინა. მიუხედავად იმისა, რომ თავის სამშობლოში, შვეციაში, "აბბა" იმ დროისთვის უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, ანსამბლის თაყვანისმცემელთა დიდი ნაწილი მის დაბადების დღედ სწორედ ამ თარიღს - 1974 წლის 6 აპრილს მიიჩნევს.
ბევრ თქვენგანს ემახსოვრება კადრები, რომლებსაც 70-იან წლებში, ევგენი მაჭავარიანის უაღრესად პოპულარული ტელეგადაცემის, "ესტრადა და თანამედროვეობის" წყალობით, ხშირად გვიჩვენებდნენ კომუნისტური იდეოლოგიის მარწუხებში მოქცეული ქართული საბჭოთა ტელევიზიით: სცენაზე გამორბის ჭყეტელა, ყოვლად უგემოვნო ტანსაცმელში გამოწყობილი ოთხი ახალგაზრდა (ორი ქალი და ორი ვაჟი) და ენერგიულად იწყებს იმ სიმღერის შესრულებას, რომელიც სულ ახლახან მოგასმენინეთ.
დიახ, სწორედ ევროვიზიის კონკურსში გამარჯვებულმა "ვატერლოომ" დაუდო დასაბამი იმ მართლაც თავბრუდამხვევ კარიერას, რომელიც "აბბამ" მომდევნო არასრული ათწლეულის მანძილზე განვლო. 1982 წლის მიწურულისთვის, როცა ანსამბლმა ლამის თავზარი დასცა თავის მილიონობით თაყვანისმცემელს და არსებობა შეწყვიტა, "აბბას" კოლექციაში ათობით საერთაშორისო ჰიტი და ოქროსა თუ პლატინის დისკი იყო. ავტომანქანა "ვოლვოსთან" ერთად, მას შვეციის ყველაზე ცნობილ საექსპორტო პროდუქტად მოიხსენიებდნენ.
იმ დროს "აბბა" საქართველოშიც მეტად პოპულარული იყო. თუმცა, მხოლოდ ფირფიტების, მაგნიტური ჩანაწერებისა და იმ ერთადერთი სატელევიზიო გადაცემის წყალობით, ზემოთ რომ ვახსენეთ. ცოცხალ "აბბას" აბა, ვინ გვაღირსებდა! აი, თავიანთ იაპონელ "ფანებს" კი შვედი მუსიკოსები ასე ესალმებოდნენ:

[აბბას მონაწილეების ხმა]

ანსამბლის სახელწოდება სწორედ მისი წევრების სახელების პირველი ასოების აკრონიმია: ანიეტა, ბოირნი, ბენი და ანი-ფრიდი. მაგრამ "აბბასთვის" სწორედ ის, 1980 წელს გამართული იაპონური ტურნე გამოდგა უკანასკნელი საკონცერტო მოგზაურობა. თავი ანსამბლის წევრთა პირად ურთიერთობებში გაჩენილმა ბზარებმა - ჯერ იყო და თავიანთი განქორწინების ამბავი გამოაცხადეს ბენიმ და ანი-ფრიდმა, მალე კი ამას ბიორნისა და ანიეტას გაყრაც მოჰყვა. 82-ის მიწურულს ანსამბლი საბოლოოდ დაიშალა.
მაგრამ ამ ხუთი წლის წინათ "აბბამ" (უფრო სწორედ მისმა სიმღერებმა) მეორედ დაბადება იზეიმა. ანსამბლის ყველაზე პოპულარული მელოდიებისგან შედგენილმა მიუზიკლმა სახელწოდებით "მამა მია" არნახულ წარმატებას მიაღწია და დღეს - პრემიერის მეხუთე წლისთავზე - უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მის სპექტაკლებზე გაყიდული ბილეთებით მიღებული შემოსავალი მალე გადალახავს ასტრონომიულ ზღვარს - ერთ მილიარდ დოლარს.
ოთხი წლის წინათ "აბბას" წევრებს ზუსტად ამდენი - ერთი მილიარდი დოლარი - შესთავაზეს სცენაზე დასაბრუნებლად. პასუხი მოკლე და მკაფიო იყო - "არა". "ეს აღარასოდეს მოხდებაო" - უთხრა ამ რამდენიმე დღის წინათ რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტს 58 წლის ბიორნ ულვეუსმა. და მაინც, გასულ სამშაბათს "აბბას" ოთხი წევრიდან სამმა (ანი-ფრიდ ლინგსტადმა, ბიორნ ულვეუსმა და ბენი ანდერსონმა) ერთად აღნიშნა "მამა მიას" პრემიერის მეხუთე წლისთავი. ლონდონში ჩასვლა მხოლოდ ანიეტა ფალტსკოგმა არ ისურვა. ვინ იცის, იქნებ "მამა მიას" ათი წლის იუბილეზე მაინც მოხერხდეს ლეგენდარული ოთხეულის ერთად შეყრა...

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG