Accessibility links

logo-print

ერაყში იაპონელ მთევალთა აყვანასთან დაკავშირებული კრიზისი


ხუთშაბათს ერაყის შესახებ გავრცელდა ცნობა, რომელსაც პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა მისგან ათასობით კილომეტრით დაშორებულ, და ისტორიულად მასთან კავშირის პრაქტიკულად არ-მქონე ქვეყანაში - იაპონიაში.

თუმცა ბოლო დროს იაპონიას ერაყთან დამაკავშირებელი ინტერესები გაუჩნდა. ის, როგორც ამერიკის მოკავშირე, ერაყში მოკავშირეთა კოალიციაშია ჩართული - მხოლოდ იმ პირობით, რომ იაპონელები ჰუმანიტარული მისიით შემოიფარგლებიან. მაგრამ ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ ექსტრემისტებმა სამი იაპონელი მძევლად აიყვანეს და მათი დახოცვით იმუქრებიან, თუ ერაყს ყველა იაპონელი ჯარისკაცი არ დატოვებს.
მუქარა ვიდეო-კასეტის მეშვეობით გაავრცელა ჯგუფმა, რომელსაც მისი წევრები "სარაია ალ-მუჯაჰიდინს" უწოდებენ. ჩანაწერი არაბულენოვანმა ტელეკომპანია ალ-ჯაზირამ აჩვენა. მასზე ასახულია ოთხი ნიღბიანი მამაკაცი, რომლებიც ცივ იარაღს - დანებსა და ხმლებს იშვერენ იატაკისაკენ. იქ კი სამი მძევალი. "თქვენი შვილებიდან სამი ხელში ჩაგვივარდა. გაძლევთ არჩევანს: ან ჯარები გაიყვანეთ, ან მათ ცოცხლად დავწვავთ. გალძევთ სამ დღეს ამ ჩანაწერის ჩვენებიდან"- ასეთია ტექსტი, რომელიც ვიდეო ჩანაწერს მოჰყვა. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი კოლეგის, ჩარლზ რეკნაგელის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ექსტრემისტები ერაყის ამჟამინდელ კრიზისში მძევლებს იყენებენ პოლიტიკური ულტიმატუმის წასაყენებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ სამივე მძევალი სამოქალაქო პირია, მათგან ერთი - ქალი.
იაპონიაში თავიდანვე მწვავე დისკუსიები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას ათასას კაციანი კონტიგენტის ერაყში გაგზავნის შესახებ. პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას ხანგრძლივი დებატებისა და მკაცრი პირობების განსაზღვრის შემდეგ მიემხრო. კერძოდ, გადაწყდა, რომ იაპონელები ერაყში ჰუმანიტარული მისიით შემოიფარგლებოდნენ - მაგალითად, იზრუნებდნენ სასმელი წყლის გასაფილტრი მოწყობილობების გაუმჯობესებაზე. ასე რომ, იაპონური კონტიგენტი, განთავსებული სამხრეთში, ქალაქ სამავის მახლობლად, მძიმე შეიარაღებას მხოლოდ თავდაცვის მიზნებით იყენებს. ახლა იაპონიის მთავრობა მძიმე არჩევანის წინაშე დგას: გაიყვანოს ჯარები მძევლების გადასარჩენად, თუ გამტაცებლებთან გამართოს მოლაპარაკება უფრო ხელსაყრელი პირობების მისაღწევად? ან იქნებ უარი თქვას ექსტრემისტებთან მოლაპარაკებაზე?
!ჯერ-ჯერობით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ტოკიო უარს ამბობს, როგორც მთავრობაში ამბობენ "ტერორისტებთან" რაიმე დათმობაზე.
[ფუკუდას ხმა] "ამბობთ, რომ უნდა დავუთმოთ პირველივე მუქარის გამო? ეს ხომ ტერორისტებს აწყობს! ეს ხომ ზუსტად ის არის, რასაც ჩვენგან ტერორისტები მოელიან? როგორ!!! თქვენ ამბობთ, რომ მათ უნდა დავუთმოთ?" ასეთი აღშფოთებული გამოეხმაურა იაპონიის მთავრობის წევრი, ფუკუდა მძევლების გადასარჩენად გამტაცებლებთან დათმობაზე წასვლის მოთხოვნას. მაგრამ არანაკლებ აღშფოთებული ჩანდნენ დემონსტრანტები, რომლებიც პარასკევს პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და ერაყიდან იაპონელი სამხედროების სასწრაფოდ გაყვანა მოითხოვეს.
ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ ერაყში მძევლად აყვანილი უცხოელების რიცხვი გაცილებით მეტია.ხუთშაბათს სულ ცოტა 13ი ადამიანი გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG