Accessibility links

რუანდა 10 წლის შემდეგ-ბრძოლა ინტერვენციის კონცეფციით


რუანდაში გენოციდის დაწყების 10 წლისთავის დღეებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებს კვლავაც არ



ასვენებთ იმის შეგრძნება, რომ მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად აღნიშნულ ორგანიზაციას ადექვატურად მოქმედების მექანიზმები არ აქვს. ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერვენციასა და სუდანში ჰუმანიტარული კატასტროფის საშინელელებებს შორის გახლეჩილი ექსპერტები მოუწოდებენ გაეროს რიგითი ადამიანების დაცვის ღონისძიებებზე კონსენსუსს მიაღწიონ.



რუანდის გენოციდის აღსანიშნავ დღეებში, ახალი კრიზისის მაუწყებელი ცნობა აფრიკიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში ჰუმანიტარულ დახმარებათა ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის მიერ გახმაურდა.

[იგლენდის ხმა] "ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ბავშვები და ქალები მოიტაცეს, გააუპატიურეს, აწამეს. ეგრეთ წოდებული გამოფიტული მიწის ტაქტიკით მოქმედებენ დარფურში, წინასწარი გეგმით ანგრევენ და ანადგურებენ სკოლებს, ნათესებს, საკვების საწყობებს ისე, რომ ქალაქები და სოფლები მთლიანად გამოდის მწყობრიდან. ლტოლვილებისა და დროებით ადგილნაცვალ პირთა საცხოვრებელი კარვებიც კი არ არის შეტევებისაგან დაცული. ეს ეთნიკური წმენდაა. სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. "

ეს ჟან იგლენდი იყო. გაეროს ჰუმანიტარული კოორდინატორი. იგი სუდანის დასავლეთ დარფურის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობდა.

იგლენდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არაბი შეიარაღებული დაჯგუფებები ორგანიზებულად აიძულებენ აფრიკულ ტომებს თავიანთი სოფლები დატოვონ. გასული წლიდან დღემდე 75 000 ადამიანმა დროებით სხვა საცხოვრებელი ადგილი მონახა. დაახლოებით 100 000 იძულებით ადგილნაცვალი პირი მეზობელ ჩაადში ჩავიდა.

გაერომ მოსახლეობის შეურაცხყოფის ხარისხის განსაზღვრისა და სუდანის მთავრობაზე ზეწოლის მიზნით, რეგიონში ექსპერტები გააგზავნა. მაგრამ, რუანდის მწარე გამოცდილების მიუხედავად, სუვერენიტეტისა და ინტერვენციის საკითხები ამჯერადაც გამოცდის წინაშე დადგა.

რუანდის გენოციდმა 10 წლის წინ 800 000 ტუტსისა და ჰუტუსის სიცოცხლე შეიწირა. ამ ქვეყანაში გენოციდის აღსანიშნავ დღეებში გაერომ მთავრობებს საკუთარ მოქალაქეთა სიცოცხლის დაცვისაკენ მოუწოდა. კონფლიქტში ჩაურევლობის შემთხვევაში, ნათქვამია მოწოდებაში, საერთაშორისო საზოგადოება მთავრობებს მკაცრ სანქციებს დაუწესებს.

ოთხშაბათს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ჟენევაში რუანდის საკითხს სპეციალური სექცია მიეძღვნა. გაერო რუანდაში სამშვიდობო მისიის გაფართოვებას გეგმავს.

სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე კი გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, რომელიც გენოციდის დროს გაეროს მშვიდობისმყოფელებს ხელმძღვანელობდა, გაიზიარა და საკუთარ თავზე მიიღო კრიტიკა იმის შესახებ, რომ რუანდაში კრიზისის გაძლიერების ცნობაზე გაერო არაადექვატურად რეაგირებდა.

[კოფი ანანის ხმა] " იმ დროისათვის მე მეგონა, რომ მაქსიმუმს ვაკეთებდი. მაგრამ გენოციდის შემდეგ მივხვდი, რომ შემეძლო და ვალდებული ვიყავი მეტი მხარდაჭერა გამომეხატა და განგაში ამეტეხა.

იბრაჰიმ გამბარი იმ დროს უშიშროების საბჭოში ნიგერიას წარმოადგენდა. ამჟამად იგი გაეროს სპეციალური მრჩეველია აფრიკის საკითხებში. გასულ თევში მან გაიხსენა გაეროს უშიშროების საბჭოს 1994 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება რუანდაში გაეროს სამშვიდობო ძალების რიცხოვნობის შემცირების შესახებ. გაერომ ამ გადაწყვეტილების მიხედვით გენოციდის პერიოდში რუანდაში დისლოცირებული 2 558 ჯარისკაციდან მხოლოდ 270 დატოვა.

[იბრაჰიმ გამბარის ხმა] " ეჭვის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უშიშროების საბჭომ, განსაკუთრებით მისმა გავლენიანმა წევრებმა და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ რუანდის ხალხი იმ დროს მიატოვეს, როდესაც ისინი ყველაზე მეტად საჭიროებდნენ მხარდაჭერას."

მშვიდობისმყოფელთა შემცირების საკითხი რუანდაში უშიშროების საბჭოზე ბელგიამ დააყენა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც კონფლიქტის ზონაში ბელგიელი ჯარისკაცი დაიღუპა.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ბილ გრაჰამი იხსენებს კანადის მხარის მიერ ორი წლის წინ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს სახელმწოდებით "დაცვის პასუხისმგებლობა". ამ ანგარიშის ძირითადი მოტივი ისაა, რომ როდესაც სახელმწიფოებს არ სურთ ან არ შეუძლიათ თავიანთი მოქალაქეების დაცვა, მოქმედების პასუხისმგებლობა თავზე საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიღოს.

გრაჰამი ამბობს, რომ რუანდის ტრაგედია გაეროსათვის გაკვეთილი უნდა იყოს.


კოფი ანანი გენოციდის თავიდან აცილების საკითხებში გაეროს სპეციალური მრჩევლის თანამდებობის შემოღებაზე საუბრობს. მრჩევლის ფუნქცია საფრთხის გაჩენისთანავე გაეროში განგაშის ზარების შემოკვრა იქნება. თუმცა როგორც გაეროს წარმომადგენლები ამასათან დაკავშირებით იხსენებენ, 1993 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სპეციალურმა წარგზავნილმა რუანდაში გაეროს გენოციდის ნიშნებისა და ფართომასშტაბიანი მკვლელობების საშიშროების შესახებ ამცნო. მაგრამ ამის მიუხედავად, სასაკლაო მაინც შედგა.

XS
SM
MD
LG