Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცხოვრობენ ქართველები საინგილოში?


ამას წინათ რადიო "თავისუფლებაში" მომზადდა გადაცემა საინგილოსა და მის მკვიდრთა შესახებ. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან -კახიდან იუწყებოდა ჩვენი რადიოს სპეციალური კორესპონდენტი,

რომელსაც საინგილოში მცხოვრებ ბევრ ქართველთან შეხვედრის საშუალება მიეცა. ეს კორესპონდენტი გახლდათ კაბირან დილავერლი: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და მისი რეპორტაჟიც, ბუნებრივია, აზერბაიჯანულ ენაზე მომზადდა. დღეს ქართულ ენაზე მარიამ ჭიაურელისგან შეიტყობთ, ვინ გაიცნო და რა შეიტყო კაბირან დილავერვლიმ კახის რაიონში - აზერბაიჯანის ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელსაც ჩვენ საინგილოს ვუწოდებთ.

აზერბაიჯანის კახის რაიონი - მჭიდროდ დასახლებული ქართველებით. სოფლები ბეშაბა, ელიბეილი, კახბაში, კახ გიურჯუ. აქ ადრე თუთუნი მოჰყავდათ, ახლა კი უმეტესწილად მეცხოველეობასა და მიწათმომოქმედებას მისდევენ. ბოლო წლების მატერიალური სიდუხჭირე, სოციალური პრობლემები მათაც შეეხო, მაგრამ ქართველები არ კარგავენ იმედს, ჩვეულ მხიარულებას. ასე იწყებს რეპორტაჟს კახიდან კაბირან დილავერლი, რომელიც ინგილოების ჩვეული მხიარულების მოწმე გახდა სოფელ კახბაშში - იქ პატარა გიორგის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ ტრადიციული სუფრით, სადღეგრძელოებით...

[სუფრის ხმები]

გიორგი იმ დღეს 9 წლისა გახდა, გვარად ეპიტაშვილია და, როგორც ახლავე დარწმუნდებით - ქართული საუცხოოდ იცის..

[გიორგი ხმა]

შემდეგ გიორგიმ ბაქოდან ჩასულ ჟურნალისტს თავისი აზერბაიჯანელი მეგობრები ჩამოუთვალა: ხმა... შემდეგ კი იმღერა კიდეც ... სიმღერა
საინგილოში, განაგრძობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, კაბირან დილავერლი, 6500 ქართველი ცხოვრობს - ისინი უფრთხილდებიან თავიანთ კულტურას, ქართულ სკოლებში დადიან. რაიონულ ცენტრში, კახში, სამი ქართული სკოლაა, სკოლებია ქართველებით დასახლებულ სოფლებშიც. გარდა ამისა, უყურებენ ტელეკომპანიების "იმედის", "რუსთავი 2"-ის, აჭარის გადაცემებს.

სამი წელია, სოფელ კახბაშში - სადაც როგორც ალბათ გახსოვთ - 9 წლის გიორგი ეპიტაშვილიც ცხოვრობს - ქართული კულტურის ცენტრი მოქმედებს. თუმცა მისი პროგრამით ყველა არ არის კმაყოფილი - ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვენი რადიოს აზერბაიჯანელი კორესპონდენტი გამოელაპარაკა, უფრო საინტერესო პროგრამას ისურვებდა.

საინგილოში სკოლის დამთავრების შემდეგ, განაგრძობს რეპორტაჟის ავტორი, ბევრი ქართველი ახალგაზრდა სწავლას თბილისში აგრძელებს. ერთი მათგანი, ქეთი თამაზაშვილი, ამასწინათ დაბრუნდა საინგილოში და ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა, იქვე, თუნდაც კახში რომ არსებობდეს უმაღლესი დაწესებულებების ფილიალები...

ამავე აზრისაა პენსიონერი ალექსი ოთარაშვილი, ყოფილი მასწავლებელი - ქართულ ენაზე განათლების აზერბაიჯანშივე მიღება, მისი თქმით, თუნდაც იმით იქნებოდა უფრო მოსახერხებელი, რომ ახალგაზრდებს საზღვარზე ლოდინი, შემოწმებების გავლა აღარ მოუწევდათ.

ახლა კი ახალგაზრდებს არა მარტო უმაღლესში სასწავლებლად, არც თუ იშვიათად სამუშაოდაც უწევთ საზღვრის გადაკვეთა - ზოგი საქართველოში, უფრო მეტი კი რუსეთში მიდის. თუმცა ზოგმა ბაქოშიც იპოვა სამსახური, როგორც ელზა თამაზაშვილმა, რომელიც საინგილოში შვებულებაში იყო ჩასული, როცა მას ჩვენი კორესპონდენტი გამოელაპარაკა.

ელზა ძალიან კმაყოფილია ბაქოთი, " ქართველი ვარ, მაგრამ ჩემი სამშობლო აზერბაიჯანიაო", ამბობს ის.

ელზამ, როგორც ჩვენმა აზერაბიჯანელმა კოლეგებმა დაგვიდასტურეს, საუცხოოდ იცის აზერბაიჯანული. რაც შეეხება ზოგადად ინგილოებს - ისინი ჩვეულებრივ აქცენტით, მაგრამ სავსებით გასაგებად, მოკლედ მშვენივრად მეტყველებენ.

მათი ქართველობის შემნახველი და გამომხატველი ერთ-ერთი მთავარი ტრადიცია კი მეღვინეობა გახლავთ. გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ინგილო გლეხების საუბრიდან - დაუკვირდით: ბევრჯერ გაიგებთ სიტყვას "ჩახრ", ანუ ღვინოს ... ახლა კი კახის ეკლესიის სამრეკლოს ხმას მოისმენთ:

მამა იოანეს თქმით, ეს ეკლესია მე-18 საუკუნიდან არსებობს, და მასში არა მარტო ქართველები დადიან...

ქართველები კახის რაიონში უფრთხილდებიან თავიანთ ადათ-წესებს, ენას, რელიგიასო, დაასკვნის საინგილოში ბაქოდან ჩასული ჟურნალისტი. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თვალს არ ხუჭავს არც ინგილოების პრობლემებზე - ხშირ უშუქობასა და უგაზობაზე, ნარკომანიაზე, უმუშევრობასა და მოსახლეობის "დაბერებაზე" - ახალგაზრდებს ხომ სამუშაოს საძიებლად მშობლიური კუთხიდან წასვლა უწევთ. მაგრამ დღეს, საინგილოდან რეპორტაჟის ამ, ქართულ ვერსიაში მისი მხოლოდ რამდენიმე ნაწყვეტი შემოგთავაზეთ - იმ იმედით, რომ სიამოვნებით მოისმენდით უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ხმას. ის ხომ საკმაოდ იშვიათად გვესმის ...
XS
SM
MD
LG