Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


როგორ გამოეხმაურა გასულ კვირაში საქართველოს ამბებს უცხოეთის პრესა. მიმოხილვას დავიწყებთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" 8 აპრილის პუბლიკაციით,

რომლის სათაურია "საქართველოს ლიდერი სახიფათო ზღვარზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის". სტატიაში ვკითხულობთ:

"ამ კვირაში სააკაშვილი ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან შესახვედრად ჩავიდა და, საერთოდ, ცდილობს, თავისი ქვეყნის მომავალი მჭიდროდ დაუკავშიროს დასავლეთს. ამავე დროს, სააკაშვილი ცდილობს, გააუმჯობესოს ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტთან, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ხელისუფლების სათავეში მის ჩადგომას. 36 წლის ქართველი ლიდერი, რომლის პუტინთან შეხვედრამ თებერვლის დამდეგს ოთხ საათს გასტანა, აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა".

"ეს დიქოტომია, - განაგრძობენ სტატიის ავტორები - საქართველოს აქცევს ქვეყნად, რომლის მაგალითზე გამოჩნდება, შეძლებენ თუ არა დასავლეთი და რუსეთი უთანხმოების მოგვარებას სამხედრო გავლენის, ნავთობსადენების და რეგიონის უფრო მასშტაბური გეოპოლიტიკური მომავლის საკითხებში."

"უოლ სტრიტ ჯორნალის" ამავე ნომერში, (სხვათა შორის, მის პირველივე გვერდზე სააკაშვილის მოზრდილ ფერად პორტრეტს იხილავთ), ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს. გთავაზობთ მის ერთ ნაწყვეტს:

"არ გვინდა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ბრძოლის ველი გავხდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, არ გავუცხოვდეთ რუსეთთან, ის არ დავამციროთ... რადაც უნდა დაგვიჯდეს, ეს უნდა მოვახერხოთ. ეს ძალიან სახიფათო იქნებოდა საქართველოსნაირი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელზეც რუსეთს ადვილად შეუძლია ნებისმიერი სახის ზეწოლის მოხდენა."

საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეა საუბარი საინტერნეტო გამოცემა "იურეიშა ვიუს" პუბლიკაციაშიც. მისი ავტორის, იგორ ტორბაკოვის შეფასებით "საქართველოს პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების სწრაფი კონსოლიდაცია რუსეთის ლიდერებს აიძულებს, გადასინჯონ მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობა".

ამავე სტატიაში მოყვანილია არაერთი რუსი ანალიტიკოსის მოსაზრება, რომ "ორივე ქვეყანაში გამოკვეთილი მიდრეკილება ძლიერი, ცენტრალიზებული საპრეზიდენტო ხელისუფლებისადმი, დამატებითი იმპულსია საიმისოდ", რათა პუტინმა და სააკაშვილმა ნაყოფიერად ითანამშრომლონ.

დაბოლოს, სტატიის შესახებ, რომელიც ირლანდიის გაზეთ "აირიშ ტაიმსის" 6 აპრილის ნომერში დაიბეჭდა. სათაურში ვარდია მოხსენიებული - მსმენელი უთუოდ შეამჩნევდა, რომ "ვარდების რევოლუციად" წოდებული მოვლენების შემდეგ, ვარდის, ისევე როგორც ვარდისა და ეკლის მეტაფორას ხშირად იყენებენ საქართველოს შესახებ დაწერილ სტატიათა ავტორები. ასეთთა შორის არის "აირიშ ტაიმსის" კორესპონდენტი დევიდ შენკსიც. სტატიაში სათაურით "სიმართლის ძიება საქართველოს ვარდების რევოლუციაში", ის შემდეგ სცენას აღწერს:

"როცა თვითმფრინავი "იაკ 42", რომელშიც დასავლელი ჟურნალისტები ვიმყოფებოდით, ბათუმის აეროპორტში დაეშვა, იქ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური გველოდებოდა. მან სათითაოდ ჩამოართვა ხელი საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად ჩასულ ოცამდე ჟურნალისტს - ყველას ჩემს გარდა. მე გადამეხვია. რით დავიმსახურე ასეთი მიღება? დაწერილი მქონდა სტატია, რომელშიც ვამბობდი, რომ იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ასლან აბაშიძე "მინი-დიქტატორი", კრიტიკას საქართველოს ახალი პრეზიდენტიც იმსახურებს-მეთქი. აბაშიძე მადლიერების გრძნობით განიმსჭვალა იმის გამო, რომ დასავლეთში ვიღაცამ მაინც გამოთქვა კრიტიკული აზრი მიხეილ სააკაშვილის მისამართით..."
XS
SM
MD
LG