Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "ნატოდან 9 აპრილამდე" - ზოგადად ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს გასული კვირის ქართული პრესის ინტერესი.

როდის მიიღებენ საქართველოს ნატოში; სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება თენგიზ ასანიძის გათავისუფლების შესახებ; აჭარაში მოვლენების შესაძლო განვითარების ვარიანტები - ამ და სხვა თემებზე წერდა გასული კვირის ქართული პრესა.

პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ განაგრძობს უცხოეთში მოგზაურობას - გასულ კვირას იგი ბრიუსელს სტუმრობდა, სადაც, ნატოს შტაბბინაში, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ინდივიდუალური გეგმა წარადგინა. 8 აპრილის "დილის გაზეთის" ცნობით, ბრიუსელის ვიზიტი წარმატებული იყო. კერძოდ:

"ნატოს კარების შეღება ის ოცნებაა, რომლის განხორციელებაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაიწყო. გუშინ საქართელოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა 55 წლის ისტორიის მქონე ნატოს კარი ამაყად შეაღო. როდის შეაღებს ჩვენი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარს - ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს სულ მალე მოხდება.ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ უაღრესად რთულ პირობებში შეძლო არმიის ნატოს სტანდარტებთან მიახლოება, რაც ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა.
- ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ,რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება რაც შეიძლება მალე მოხდეს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა.

"რა ივალდებულა სრულიად საქართველომ, ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის" - წერს 10 აპრილის გაზეთი "ხვალინდელი დღე", რომელიც ცდილობს გაერკვეს, რა გეგმა მოამზადა საქართველომ ნატოსთან პარტნიორობისთვის. გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა არ გამოქვეყნებულა და მის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი.

"ხვალინდელი დღის" ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების მიერ სწრაფი ტემპით შემუშავდა, უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე. ის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას, კორუფციასთან ეფექტურ ბრძოლას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემების რეფორმირებასა და ამით ნატოს სტანდარტებთან მიახლოებას ითვალისწინებს. მაგრამ საზოგადოებამ და ექსპერტებმა თითქმის არაფერი უწყიან ამ გეგმის შესახებ, რადგან ის ჯერ არსად გამოქვეყნებულა. ამის მიუხედავად, აღნიშნავენ, რომ ნატოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამაზე საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიდიოდა და იგი მიზნად ისახავს საქართველოს ჯერ მოდერნიზებას, შემდეგ - მის ნატოში გაწევრიანებას. ამდენად, ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული პირველი რეალური ნაბიჯია, მისი ხორცშესხმა კი საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ექსპერტთა ვარაუდით, - მხოლოდ ვარაუდით, - პროგრამაში აუცილებლად იქნება გაწერილი დემოკრატიული პროცესების განმტკიცების, ადამიანის უფლებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის სფეროები, ქვეყნის პოლიტიკურ და თვდაცვით სისტემებში არსებული პრობლემები; აგრეთვე ისიც, თუ როგორ და რა დროის მონაკვეთში მოხდება მათი გადაჭრა და რა დახმარება დასჭირდება საამისოდ ქვეყანას."

გასულ კვირაში ქართულმა პრესამ კვლავ დიდი ყურადღება დაუთმო საარჩევნო თემატიკას. მით უფრო, რომ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, აჭარის ორ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგები გაუქმდა და იქ 18 აპრილს განმეორებითი არჩევნების ჩატარება იგეგმება. ეს კი თავისთავად გადაავადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას, რაც, თავის მხრივ, გადაწევს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნას. 10 აპრილის გაზეთ "24 საათის" ინფორმაციით, პარლამენტის სხდომები არც ისე უხმაურო იქნება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. კულუარებში ამბობენ, რომ პრობლემურად ჩაივლის მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა, რამდენიმე პარლამენტარი კი პროკურატურიდანაც მიიღებს უწყებას. გაზეთი წერს:

"როგორც ცნობილია, პარლამენტის მიერ 6 თებერვალს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე, პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხი დასვას. ახლახან დაკომპლექტებულ მთავრობაში დიდი ცვლილებები არ უნდა იყოს მოსალოდნელი, მაგრამ, როგორც ამბობენ, ყველა მინისტრი უმტკივნეულოდ ვერ მიიღებს კანონმდებელთა ნდობას. ლაპარაკობენ იმაზეც, რომ წინა კვირას გამართულ სხდომაზე პრეზიდენტმა შენიშვნები მისცა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს. ამასთან, სახელმწიფო კანცელარიის კულუარებში საკმაოდ ღიად საუბრობენ იმაზე, რომ მთაწმინდის მაჟორიტარ გიგი წერეთელს თავადაც აღარ სურს აღმასრულებელ ხელისუფლებაში დარჩენა და გული პარლამენტისკენ მიუწევს.

მოსალოდნელია იძულებითი ცვლილებები დეპუტატთა რიგებში. ამბობენ, რომ სხდომების დაწყებიდან მოკლე პერიოდში გენერალური პროკურატურიდან უწყებას უკვე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებიც მიიღებენ. გვარები არ სახელდება, მაგრამ აქცენტი მაჟორიტართა ბლოკზე კეთდება."

გასულ კვირაში ქართულ პრესაში ყველაზე პოპულარული გვარ-სახელი "თენგიზ ასანიძე" იყო. "ევროპამ აბაშიძის პირადი ტყვე გაათავისუფლა", "თენგიზ ასანიძე - ასლან აბაშიძის ვატერლოო", "ასანიძის გათავისუფლება - გამოცდა ახალი ხელისუფლებისთვის" - ასეთი სათაურებით გამოეხმაურა ქართული პრესა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თენგიზ ასანიძის გათავისუფლების შესახებ. 10 აპრილის გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, თბილისში ჩამოსული თენგიზ ასანიძე ამბობს, რომ საკნის კოშმარები მას სამი დღის შემდეგ გაუვლის. გაზეთი "რეზონანსი" წერს:

თენგიზ ასანიძის გუშინდელი ზეობის კულმინაცია გვიან საღამოს სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა იყო. ამ შეხვედრაზე სიტყვით, ძირითადად, პრეზიდენტი გამოდიოდა. "ასანიძის გათავისუფლება იმის სიმბოლოა, რომ აჭარაში, ადრე თუ გვიან, წესრიგი დამყარდება. ჩემი ამოცანაა, რომ თქვენ და, საერთოდ, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის აჭარაში. აბაშიძეს ბევრი აქვს მიქარული, თუმცა მას ჯერ კიდევ რჩება შანსი იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში ჩაეწეროს," - განაცხადა პრეზიდენტმა კანცელარიაში.

როგორ წარიმართება მოვლენები აჭარაში? ამ საკითხს ეხება 9 აპრილის გაზეთ "ხვალინდელი დღის" პუბლიკაცია, სათაურით "აბაშიძის გაკვეთილები." გაზეთის აზრით, პრეზიდენტი სააკაშვილი არჩევანის წინ დგას - ან გაიზიაროს აბაშიძის ოპოზიციისა და ზოგიერთი ახალბედა ხელისუფლის რადიკალური პოზიციები ან გაითვალისწინოს ევროსაბჭოს ექსპერტთა და გამოცდილ თანამებრძოლთა რჩევები. გაზეთი წერს:

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რადიკალ თანამებრძოლებს ერთხელ უკვე დაუჯერა. შედეგად კი ყოვლად სამარცხვინო 14 მარტი მიიღო. შეიარაღებული ძალებით ჩოლოქის საზღვარს მიმდგარი პრეზიდენტი მაშინ აჭარაში არ შეუშვეს. პირველი პირი და ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ჯავშანტექნიკით აღჭურვილნი არ ყოფილან და რომ 500 შეიარაღებული სამხედრო - სამთავრობო დაცვა იყო, თუმცა მტკიცებას აზრი აღარ ჰქონდა: აღმოჩნდა, რომ აბაშიძემ "თბილისური გეგმების" შესახებ უკვე ყველაფერი იცოდა და კარგად მომზადებული დახვდა მის დასაჭერად ჩასულ მთავარსარდალს.

რას ურჩევენ პრეზიდენტს შედარებით ზომიერი და გამოცდილი ადამიანები? ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი პლამენ ნიკოლოვი აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ აჭარის მმართველი დიალოგისთვის მზად არის. აბაშიძე კანონის ფარგლებიდან გადახვევას არ აპირებს. იგი სარფის საბაჟოსა და ბათუმის პორტში პრეზიდენტის წარმომადგენლებს ნორმალურ რეჟიმში მუშაობის საშუალებას აძლევს; აუქმებს საგანგებო მდგომარეობასაც.

რას დათმობს ცენტრი და რის დათმობა მოუწევს რეგიონს? თუ ცენტრალური ხელისუფლება დათანხმდება, ძალაში დარჩეს აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებამდე დარჩენილი წელიწადნახევრიანი ვადა, აბაშიძემ უარი უნდა თქვას ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილების მითვისებაზე, ანუ მან უნდა დათმოს ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, უშიშროება, პროკურატურა და კიდევ სხვა სტრუქტურები. რაც შეეხება საბრძოლველად დამუხტულ აბაშიძის ოპოზიციას, სავარაუდოდ, მის "ენერგეტიკას" ცენტრალური ხელისუფლება დარჩენილი წელიწად-ნახევრის მანძილზე გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG