Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის აკვატორიაში სამხედრო სწავლება იწყება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შაბათს ფოთის აკვატორიაში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი გემი შევიდა. თურქული ფრეგატები "ბეიკოზი" და "ბარზინი" ქართულ გემებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ

ფოთის აკვატორიის ერთობლივ სწავლებაში, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების მანევრების, "შავი ზღვის პარტნიორობა - 2004 " -ის, დასკვნითი ეტაპი იქნება. საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის, ვიცე-ადმირალ გიგლა ირელაძის განცხადებით, თურქული გემები საქართველოს აკვატორიას 13 აპრილს დატოვებენ.

ფოთში დაწყებული სამხედრო სწავლების ფონზე, უთუოდ საინტერესოდ გამოიყურება პარასკევ საღამოს რუსეთის სააგენტო "იტარ-ტასთან" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ გოგიტიძის განცხადება, რომ "აჭარა ელის თავდასხმას ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან". ჯემალ გოგიტიძის თქმით, ავტონომიის სამხედრო პოტენციალი სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი და, თავდასხმის შემთხვევაში, აჭარა აირჩევს თავდაცვას და არა მორჩილებას.

როგორ ემზადება აჭარის ავტონომიის ხელისუფლება თავდაცვისათვის? - ამ კითხვაზე ორგანიზაცია "ჩვენი აჭარის" ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ დიასამიძე, ამბობს, რომ ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლზე კვლავ განთავსებულია საზენიტო დანადგარები:

[თამაზ დიასამიძის ხმა] "ზღვის სანაპირო ზოლზე ოთხგან საზენიტო ქვემეხები აქვთ დაყენებული, რა ხანია. სილიანი ტომრები აწყვია პოზიციებზე და ჰყავთ მობილიზებული ხალხი - 500-მდე კაცი მინისტრთა საბჭოს ძველ შენობაში ჰყავთ დაბანაკებული რამდენიმე კვირაა. ასევე ხალხი ჰყავთ განლაგებული სასტუმრო "ჰორიზონტში" - ე.წ. ქობულეთის სპეცნაზი. მასში, ძირითადად, ქობულეთელები არიან." (სტილი დაცულია)

თამაზ დიასამიძის ცნობითვე, აჭარის ხელისუფლება კვლავ ავიწროებს ოპოზიციას, რომელიც 18 აპრილს პარლამენტის განმეორებით ტურთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს ქობულეთში. 10 აპრილს აბაშიძის მხარდამჭერებმა ჩაშალეს შეხვედრა ოჩხამურში - შეიარაღებულ პირებთან შეტაკების თავიდან აცილების მიზნით, ოპოზიციამ თავად შეწყვიტა წინასაარჩევნო შეხვედრა. ამგვარი უსიამოვნო ფაქტების მიუხედავად, თამაზ დიასამიძე დარწმუნებულია, რომ 18 აპრილს განმეორებით არჩევნებზე ამომრჩევლის აუცილებელი რაოდენობა საარჩევნო უბნებში მაინც მივა.
18 აპრილს, განმეორებითი არჩევნების გარდა, აჭარის ხელისუფლებას კიდევ ერთი თავის ტკივილი გარანტირებული ექნება - ამ დღეს ფოთში იწყება მორიგი სამხედრო სწავლება, რომელშიც მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები მიიღებენ მონაწილეობას - მათ შორის, ბათუმში განლაგებული 25-ე ბატალიონი, რომლის მეთაურიც, ოფიციალური თბილისის მტკიცებით, დაუმორჩილებლობას უცხადებს ცენტრალურ ხელისუფლებას. აჭარის ხელისუფლების ეჭვიანი ხასიათის გათვალისწინებით, დიდი შანსია, ბათუმსა და თბილისს შორის ურთიერთობის ესკალაციის მორიგი ტალღა სწორედ 18 აპრილს დაიწყოს.
XS
SM
MD
LG