Accessibility links

logo-print

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი - პრობლემები და პერსპექტივები


5 აპრილს აზერბაიჯანში სტუმრად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას, იმ საფრთხეებზე ისაუბრა,

რაც, მისი აზრით, საუკუნის პროექტად შერაცხულ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავობსადენის მშენებლობას ემუქრება. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

[სააკაშვილის ხმა] "მოველი და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, რომ რამდენიმე თვეში გარკვეული პოლიტიკური ძალები, უმეტესწილად, სხვა ქვეყნებიდან, ეკოლოგიური პრობლემების მომიზეზებით, შეეცდებიან შეაჩერონ პროექტი ან გამოვიდნენ ინიციატივით, შეიცვალოს ნავთობსადენის მარშრუტი, რათა შეწყდეს ან რამდენიმე წლით დაყოვნდეს ნავთობსადენის მშენებლობა."

რა სახის პროებლემებთან უწევთ ჭიდილი ნავთობსადენის ოპერატორ კომპანიებს ამჯერად უკვე ქვეყნის შიგნით? რა შეცვალა "საუკუნის მშენებლობამ" როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაში?

[ისმის მექანიზმის მუშაობის ხმა]

ასე ხმაურიანად იწყება ყოველი დილა რუსთავის გარეუბანში, ეგრეთ წოდებული "ახალი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნავთობსადენმა მდინარე მტკვარი უნდა გადაკვეთოს. ექსპერტთა შეფასებით, მარშრუტის ეს მონაკვეთი, ტექნიკური თვალსაზრისით, ყველაზე რთულად დასაძლევია. საქმე ის არის, რომ მილსადენმა მდინარის ფსკერს ქვემოთ უნდა გაიაროს, რისთვისაც მშენებლები ეგრეთ წოდებულ "პირდაპირი, ჰორიზონტალური ბურღვის" მეთოდს იყენებენ. პროექტის მთავარი ოპერატორის "ბრითიშ პეტროლიუმის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გულიკო გალდავა შესრულებული სამუშაოს აღწერისას სტატისტიკურ მონაცემებს იშველიებს:

[გულიკო გალდავას ხმა] "უკვე გაწმენდილია 170 კილომეტრი მილსადენის დერეფანი, დადებულია 158 კილომეტრი მილი, შედუღებულია აქედან 154, გათხრილია 80, ჩაიდო 68 და უკვე დაფარულია მიწით 56 კილომეტრი. "

ანუ დაძლეულია მთლიანი სამუშაოს ნახევარი, რაც, იმავე გალდავას თქმით, წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან ოპერატორი კომპანია მშენებლობის პროცესში, ტექნიკურის გარდა, სხვა სახის პრობლემებსაც აწყდება.

[ისმის აქციის მონაწილე ქალბატონთა ხმები]:

" მოიყვანეს მძიმე ტექნიკა და უნდათ გააგრძელონ. ჩვენ არ გავაგრძელებინებთ! "
"ეკოლოგიურად საშიში ზონაა. ელემენტარულად, საძოვარი არ შეიძლება და აქ ცხოვრება შეიძლება?"
"ეს ხომ ორი დღის საქმე არ არის, ეს უნდა გაგრძელდეს წლების განმავლობაში. ჩვენი შვილების მომავლისათვის, მე მგონი, არ არის ეს სახარბიელო."
"უბრალოდ, საშიშია. ახლო გადის ძალიან ბინასთან. ან გადაიტანონ, ხაზი მოარიდონ, ან არადა, რაღაც საშველი უნდა იყოს".(სტილი დაცულია)


ეს ადამიანები მარშრუტის შეცვლას კატეგორიულად არ ითხოვენ. ისინი მზად არიან, გარკვეული ფულადი ანაზღაურების მიღების შემთხვევაში, თავად გაეცალონ სახიფათო ტერიტორიას. ამგვარი აქციები პერმანენტულად თითქმის ყველა რაიონში იმართება, თუმცა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანიის მთავარ მენეჯერს ირაკლი ქელბაქიანს ყველა მსგავს შემთხვევაში სტანდარტული პასუხი აქვს:

[ირაკლი ქელბაქიანის ხმა] "თვითონ სიტყვა კომპენსაცია არის ზარალის ანაზღაურება, კიდევ ვუსვამ ხაზს და, თუ კიდევ ვამტკიცებთ, რომ რაღაცნაირად ვზარალდებით, მაშინ უნდა დავამტკიცოთ, როგორ ვზარალდებით და, მეორეც, მინდა ვთქვა: ალბათ, ოდენობაც სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რა ოდენობით ზარალდება და რა ოდენობით უნდა მოხდეს გადახდა ამ თანხისა. ...ესე "ბი-პი" ვერ გადაიხდის!"(სტილი დაცულია)

კიდევ ერთი პრობლემა: მიწის ნაკვეთებით მანიპულირება! რიგითი ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ სახელმწიფო მოხელეებმა მიწები ისე გაანაწილეს, რომ მშენებლობის ზოლში მოხვედრილი ნაკვეთები, ერთთავად, საკუთარ ნათესავებს შეახვედრეს. უკმაყოფილო ადამიანების ეს კატეგორიაც სამართლიანობის აღდგენასა და ფულად კომპენსაციას ითხოვს. თუმცა ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი მამუკა ცაავა მათ სანუგეშოს ვერაფერს ეუბნება:

[მამუკა ცაავას ხმა] "ჩვენ ეხლა ვიძიებთ ამ საკითხს, დეტალურად შევისწავლით და გადაწყვეტილებას მივიღებთ კანონის, დადგენილი წესის მიხედვით. კონკრეტული ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებიათ... არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით." (სტილი დაცულია)

ოპტიმიზმის საფუძველს არც ქვემო ქართლის მიწის მართვის სამსახურის უფროსის დავით მაღრაძის შემდეგი განცხადება იძლევა:

[დავით მაღრაძის ხმა] "რა არის, იცით? თუ ფიზიკურად ზედდება არ მოხდა იმ მილის და იმ ტერიტორიის მიწის ნაკვეთზე, იმის გამო, რომ მოქალაქე ხარ, აქ ცხოვრობ და ფული გინდა, ამის გამო არავინ მოგცემს ფულს."

მშენებლობას ასევე სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ გარემოსდამცველი ორგანიზაციები, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ნავთობსადენის მშენებლობით ყველა უკმაყოფილოა. თუნდაც მარტო სტატისტიკა რად ღირს.

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კოორპორაციის მონაცემებით, დღიდან მუშაობის დაწყებისა ქვეყნის ბიუჯეტში 8 მილიონი ლარია გადახდილი. დროის ამავე მონაკვეთში ბათუმისა და ფოთის პორტებმა - შვიდნახევარი მილიონი ლარი, ხოლო საქართველოს რკინიგზამ 9 მილიონი ლარი მიიღო. მიწის კომპენსაციების სახით, ჯამში 24 მილიონი ლარია გაცემული.


იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობსადენის მშენებლობაზე 4 ათასი ადგილობრივი მოქალაქეა დაკავებული, გასაკვირი არ არის, რომ "საუკუნის პროექტმა" ბევრი ოჯახის მატერიალური ყოფა მკვეთრად გააუმჯობესა. მაგალითად, ქურდაძეების 15 სულიან ოჯახს, რომ იტყვიან, მშენებლობის დაწყებამ სულზე მიუსწრო. ქალბატონ მედიკოს უფროსი ვაჟიშვილი ნავთობსადენის რუსთავის მონაკვეთზე დაცვის ოფიცრად მუშაობს, უმცროსი კი მარნეულის ტერიტორიაზე მილებს ადუღებს.

[გულიკო ქურდაძის ხმა] "საგრძნობლად შეიცვალა მაგათი ეკონომიკური მდგომარეობა, იმიტომ რომ ხელფასები რეგულარულად არის, კარგი ხელფასია და თვითონაც ძალიან კმაყოფილნი არიან და ოჯახიც: ხუთი პატარა ბავშვი გვყავს, სამივე ბიჭის, და მათი შენახვა ისე იოლი არ არის... ახლა კარგი ეკონომიკური მდგომარეობაა ოჯახში."

არადა, პოლიტიკური მიმომხილველების თქმით, მატერიალურის გარდა, ნავთობსადენის მშენებლობას საქართველოსთვის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, სარგებელიც მოაქვს:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] "პოლიტიკური მნიშვნელობა გაცილებით დიდია საქართველოსთვის, ვიდრე ეკონომიკური. ამერიკა ამ დღეებში უფრო დაინახავდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საჭიროებას. მოგეხსენებათ, "ოპეკმა" შეამცირა, გარკვეულწილად, ნავთობის მოპოვება და რაღაც ზეგავლენის მოხდენა უნდა ამერიკაზე... ამიტომ, მე ვფიქრობ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მნიშვნელობა უფრო აიწევს."(სტილი დაცულია)

სააგენტო "როიტერის" მიმომხილველი ნიკო მჭედლიშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ მშენებლობის წარმატებით დასრულებას წინ აღარაფერი უდგას:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] "ვერ წარმომიდგენია, რა საფრთხე შეიძლება დადგეს. პრაქტიკულად ეს არის ძალიან ძნელი წარმოსადგენი. ალბათ, რაღაც გადატრიალება უნდა მოხდეს ან რაღაც პოლიტიკური კატაკლიზმი, რომელიც დროში გაიწელება და არ დამთავრდება მალე, რაც ასევე ძალიან ძნელი წარმოსადგენია."(სტილი დაცულია)

მართლაცდა, თუ მოვლენები ამგვარი სავალალო სცენარით არ განვითარდა, საუკუნის მშენებლობა დათქმულ ვადაში - 2004 წლის ბოლოს - დასრულდება, კასპიის ნავთობი კი ჯეიჰანის პორტამდე არაუგვიანეს 2005 წლის ივნისამდე ჩააღწევს.
XS
SM
MD
LG