Accessibility links

ოლიმპიური ესტაფეტა: ''ჰელსინკიდან ათენამდე'' (გადაცემა პირველი)


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ოლიმპიადა სამშობლოში ბრუნდება

- საბერძნეთი და მთელი მსოფლიო დიდი თამაშების მოლოდინშია. 1896 წლის შემდეგ ათენი მეორედ უმასპინძლებს განახლებულ ოლიმპიურ თამაშებს. ქართველი სპორტსმენებისთვის ოლიმპიური წელთაღრიცხვა 1952 წლიდან იწყება. სწორედ ქართული სპორტის ნახევარსაუკუნოვანი ოლიმპიური ისტორია მინდა შეგახსენოთ და წარმოგიდგინოთ ჩვენი წარმატებული ოლიმპიელები. ახალი ციკლის პირველი თემა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშებია.

ძველ ბერძნებს ერთი ასეთი წესი ჰქონდათ: ცალკეულ ოლიმპიურ თამაშებს რბენაში გამარჯვებული ათლეტის სახელით მოიხსენიებდნენ. ამ ტრადიციის მიხედვით, ჰელსინკის თამაშები ისტორიაში შევიდა ჩეხი სტაიერის, ერთბაშად სამგზის ჩემპიონის, ემილ ზატოპეკის სახელით. მაგრამ ჰელსინკში გაცილებით დიდი და ისტორიული მნიშვნელობის ამბავი მოხდა: ოლიმპიურ თამაშებში პირველად გამოვიდა საბჭოთა კავშირის ნაკრები. აქედან იწყება კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბანაკებად დაყოფილი ორი სამყაროს და მათი ლიდერების _ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის - მრავალწლიანი სპორტული მეტოქეობა აგრესიული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. შეგახსენებთ ამ მოვლენის წინაისტორიას: 1951 წლის იანვარში საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში მონაწილეობის თაობაზე, იმავე წლის 23 აპრილს კი შეიქმნა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური კომიტეტი. დამფუძნებელი სხდომის დამთავრებისთანავე, საერთაშორისო ოლიმპიურო კომიტეტის პრეზიდენტის ზიგფრიდ ედსტრიომის სახელზე მოსკოვიდან საგანგებო ტელეგრამა გაიგზავნა:

"გაცნობებთ, რომ შეიქმნა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური კომიტეტი, რომელიც იზიარებს ოლიმპიურ ქარტიას და უერთდება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. ჩვენთვის ცნობილია, რომ 3-6 მაისს გაიმართება თქვენი სესია და გვინდა გამოვგზავნოთ წარმომადგენლები. ძალიან გთხოვთ, ტელეგრაფით გვაცნობოთ სესიის დღის წესრიგი. გთხოვთ, მაისის სესიაზე დაამტკიცოთ ჩვენი მიერთება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და კომიტეტის წევრად დანიშნოთ კონსტანტინ ანდრიანოვი. ჩვენი მისამართია: მოსკოვი, სკატერტნი 4. საბჭოთა ოლიმპიური კომიტეტის სახელით _ პასუხისმგებელი მდივანი სობოლევი." ედსტრიომის პასუხმა არ დააყოვნა: " თქვენი ტელეგრამა მივიღეთ. ანდრიანოვს და თქვენ გიწვევთ 6 მაისს ვენის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სესიის გახსნის ცერემონიაზე."

დანარჩენი ვენაში გადაწყდა _ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 31-მა წევრმა მხარი დაუჭირა საბჭოელთა თხოვნას და მხოლოდ სამმა შეიკავა თავი. ამავე სესიამ საბჭოთა სპორტსმენებს ნება დართო მონაწილეობა მიეღოთ ჰელსინკის მე-15 ოლიმპიურ თამაშებში.
ჰელსინკში 295 საბჭოთა სპორტსმენი მიავლინეს, მათ შორის _ საქართველოს 14 წარმომადგენელი: მოჭიდავე დავით ციმაკურიძე, ტანმოვარჯიშე მზია ჯუღელი, ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი, კალათბურთელები _ ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია, მძლეოსნები _ ლევან სანაძე, ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილი, ნინო დუმბაძე და ელენე გოკიელი, ფეხბურთელები _ ავთანდილ ღოღობერიძე და ავთანდილ ჭკუასელი, ველოსიპედისტი ოთარ დადუნაშვილი, მოფარიკავე აკაკი მეიფარიანი და მოცურავე ვლადიმირ ლავრინენკო. ამათგან ჯუღელმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა, ციმაკურიძე და ჩიმიშკიანი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ, ქორქია, ჯორჯიკია და სანაძე - ვერცხლის მედალოსნები, ხნიკინა-დვალიშვილი და დუმბაძე _ ბრინჯაოსი. ქართველთაგან პირველი მედალოსანია ბადროს მტყორცნელი ნინო დუმბაძე. მან თამაშების მეორე დღეს, 20 ივლისს, იასპარეზა და მესამე შედეგი აჩვენა _ 46,29 მეტრი. "ოქროს" ანგარიში ციმაკურიძემ გახსნა, თუმცა წარუმატებელი სტარტის შემდეგ ასეთი შედეგი ძნელად სავარაუდო იყო. ჩვენი ფალავანი პირველივე წრეში შვედ ლინდბლანდთან დამარცხდა. ბატონ დავითს დღემდე კარგად ახსოვს იმდროინდელი ამბები:

[დავით ციმაკურიძის ხმა] "არსენა შემოვიდა, მეკოკიშვილი, და მითხრა, ბიჭო, როგორა ხარ ხასიათზეო. მე ვუპასუხე: განწყობილი ვარ, რომ ჩემპიონი გავხდე, მოვუგებ სუყველას, ვისაც შევხვდები-მეთქი... ჩემპიონობა პირველმა არსენამ მომილოცა. ის მოსკოვის სახელით გამოდიოდა, მაგრამ ჩვენს ღირსებას იცავდა. შემდეგ რომანოვი მოვიდა, ნიკოლაი ნიკოლაევიჩი, გაუკვირდა, წაგების შემდეგ როგორ მოიგეო. გადამკოცნა ეს ოფლიანი. მე ვუთხარი, ნიკოლაი ნიკოლაევიჩ, ნადა ვოლიუ იმეტ კ პობედე."

ნიკოლაი რომანოვი მაშინდელ საკავშირო სპორტკომიტეტს ხელმძღვანელობდა და როცა საბჭოთა დელეგაცია ჰელსინკიდან მოსკოვში დაბრუნდა, სწორედ ის მიუძღოდა წინ კრემლში საზეიმო მიღებაზე მიწვეულ სპორტსმენებს. როგორც დავით ციმაკურიძე ამბობს, მთავარი მასპინძელი, რა თქმა უნდა, იოსებ სტალინი იყო. მასთან ერთად მიღებაზე მოსულან მოლოტოვი, ბერია, კაგანოვიჩი, მიქოიანი, ხრუშჩოვი და სხვა მაღალჩინოსანი პარტიელები.

[დავით ციმაკურიძის ხმა] "შემოვიდნენ ისინი, ექვს მეტრში დასხდნენ. სტალინმა თამადად მოლოტოვი აირჩია და ისე წარმართა მოლოტოვმა, ექვსი ჩაის ჭიქა დალია _ წელში გაწყვეტილი ჭიქით. მოგვილოცა ჩვენ, სპორტსმენებს, იოსებ ბესარიონოვიჩი ადღეგრძელა, წესი იყო ასეთი."

როცა ოლიმპიურ თამაშებში საბჭოთა სპორტსმენთა მონაწილეობის ამბავი გაირკვა, მზია ჯუღელი, როგორც ტანმოვარჯიშეთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ჰელსინკში გამგზავრების უპირველესი კანდიდატი იყო, მაგრამ ნაკრების მწვრთნელებმა ოლიმპიადამდე არაერთი გამოცდა მოუწყვეს. ჯუღელმა ყველა დაბრკოლება დაძლია და, რაც მთავარია, ფინეთში პროგრამა-მაქსიმუმი შეასრულა. როცა რომელიმე საინტერესო ოლიმპიური ეპიზოდის გახსენება ვთხოვე, ქალბატონმა მზიამ უშუალოდ შეჯიბრების ამბებს, აი, ეს სახალისო შემთხვევა ამჯობინა:

[მზია ჯუღელის ხმა] "საინტერესო ეპიზოდია, შეიძლება ბევრისთვის გასაკვირიც იყოს. როცა ფინეთში მივდიოდით, გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენ უფლება არ გვქონდა, კაცისთვის, მეუღლისთვის, რაიმე საჩუქარი წამოგვეღო, კაცს კი, პირიქით, არ შეეძლო ქალისთვის რაიმე წამოეღო. ამან ძალიან ჩაგვაფიქრა და მოვილაპარაკეთ მე და ამურ ციმაკურიძემ: კაცისას თუ ვიყიდიდი რამეს, ის წამოიღებდა, ქალისას _ მე. ასეც გავაკეთეთ."

სხვათა შორის, ჯუღელმაც და ციმაკურიძემაც სინანულით აღნიშნეს, რომ ქართველ მედალოსანთა რიცხვი უფრო გაიზრდებოდა, ოლიმპიურ გუნდში იმ დროისთვის საუკეთესოდ მომზადებული მოჭიდავეები _ გივი კარტოზია და ვახტანგ ბალავაძეც რომ ჩაერთოთ. იმავე აზრისაა რაფაელ ჩიმიშკიანი და კარტოზიას თავის უახლოეს მეგობრად და გულშემატკივრად მოიხსენიებს.

[რაფაელ ჩიმიშკიანის ხმა] " მოვიდა გივი და ვახტანგ ბალავაძე ჩემთან. დამადო მარჯვენა ხელი მკლავზე და მითხრა: ჩემი ძალა შენ, ჩემი ძალა შენ. ღმერთმა მიშველა, რომ ასე დამთავრდა შეჯიბრება, ატაცი მოვიგე, აკვრა მოვიგე, ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დავამყარე." (სტილი დაცულია)

გივი კარტოზიას და სხვა ქართველ სპორტსმენთა ჯერი 4 წლის შემდეგ, მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე დადგა. ამის თაობაზე მომავალ კვირას ვისაუბრებთ.
XS
SM
MD
LG