Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


9 აპრილს და რელიგიური დღესასწაულების

დროს ქართველ პოლიტიკოსებს თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ ხოლმე. პოლიტიკოსების უმრავლესობა, - სულ ერთია, ოპოზიცია იქნება ეს თუ ხელისუფლება (ყოფილი თუ ახალი ხელისუფლება), -რბილად რომ ვთქვათ, " არ ერიდება" ტელეკამერებს მაშინ, როცა ხელში სანთელი უჭირავს ან პირჯვარს იწერს. წელს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღე და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თითქმის გაერთიანდა, ამიტომ 15 წლის შემდეგ 9 აპრილის ტრაგედია თითქოს თავისთავად გადაიქცა რელიგიურ დღესასწაულად. ხალხმა 9 აპრილს დაღუპულ ადამიანებს აღდგომამდე ერთ დღით ადრე დაუნთო სანთელი... სანთელი დაუნთეს პოლიტიკოსებმაც, მათ შორის, "გადამდგარმა პოლიტიკოსებმაც" - ვახტანგ რჩეულიშვილი, მაგალითად, ფეხდაფეხ დაჰყვებოდა ანატოლი სობჩაკის მეუღლეს ლიუდმილა ნარუსოვას, რომელიც საქართველოში სობჩაკის ძეგლის გახსნის ცერემონიაზე ჩამოვიდა.

სანკტ-პეტერბურგის ყოფილი მერის, ანატოლი სობჩაკის, ხსოვნის უკვდავსაყოფად მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური ბრძანება გამოსცა. თუმცა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ქართულ საზოგადოებას დაავიწყდა, რომ სობჩაკის ძეგლის გახსნის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი სწორედ ვახტანგ რჩეულიშვილი იყო.

რჩეულიშვილი, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი, შარშან, ივლისის მიწურულს, სანკტ-პეტერბურგში საქართველოს ოფიციალურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. რუსეთის მეორე ქალაქში გამართულ ქართული კულტურის დღეებზე რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში გამოცხადდა კონკურსი სობჩაკის ძეგლზე, რომ კონკურსში მონაწილეობას იღებენ ცნობილი ქართველი მოქანდაკეები. თუმცა ცოტა ხანში თბილისში პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა და სობჩაკის კონკურსი ყველამ მიივიწყა. ბოლოს საქმეში ჩაერთო საქართველოს დიასპორა სანკტ-პეტერბურგში. ძეგლის დასადგმელად სობჩაკისა და პრეზიდენტ პუტინის მშობლიურ ქალაქში გარკვეული თანხა შეგროვდა. სობჩაკის ძეგლის ავტორის როლში კი, საბოლოოდ, არა ქართველი მოქანდაკე, არამედ პეტერბურგელი ანატოლი დიომა მოგვევლინა. ამბობენ, რომ ბრინჯაოს ქანდაკების შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო თავად სობჩაკის მეუღლემ, რომელიც ბიუსტს თბილისში ჩამოჰყვა. საქართველოში არ ჩამოვიდა ძეგლის ავტორი ანატოლი დიომა, რომელმაც ჯერ კიდევ 1973 წელს გაითქვა სახელი, როცა სანკტ-პეტერბურგში პეტრე დიდის ხსოვნის სკულპტურული მემორიალი ააგო. თუმცა პროფესორი დიომა პოპულარული 2002 წელს გახდა, როცა, პირველად რუსეთის ისტორიაში, ვასილის კუნძულზე... კატას - ჩვეულებრივ კატას - დაუდგა ძეგლი. ავტორის იდეა ყველასთვის გასაგები იყო - რუსეთმა ბოლო უნდა მოუღოს "ქანდაკება-კერპის" დადგმის ტრადიციას, სკულპტურამ არ უნდა დათრგუნოს ადამიანი, ქანდაკება ადამიანურ მასშტაბებს უნდა დაუბრუნდეს და ქალაქის დეკორის შემადგენელი ნაწილი გახდეს.

არსებითად სწორედ ასეთი "ადამიანური მასშტაბებით" გამოირჩევა 9 აპრილის სკვერში დადგმული ანატოლი სობჩაკის ძეგლი - დაახლოებით 130 სანტიმეტრის სიმაღლის ბიუსტი, შორს მიმართული მზერით ადამიანისა, რომელმაც 15 წლის წინ, რუსეთში ერთ-ერთმა პირველმა, გამოთქვა პროტესტი მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ იარაღის გამოყენების გამო. სობჩაკმა, რა თქმა უნდა, დაიმსახურა ძეგლი თბილისში... რუსეთმაც დაიმსახურა "კულტურის ცენტრი", რომლის აშენებას დაგვპირდა საქართველოში ჩამოსული ლიუდმილა ნარუსოვა (ამ შენობას უბრალო სახელი დაარქვეს - "რუსული სახლი")... ქართველები კი, აი, უკვე 15 წელია, სანთლებს ანთებენ და ყვავილებით ამკობენ ქვის ფილას რუსთაველზე, წარწერით "აქ აღიმართება 9 აპრილს დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალი"... ასეთი ძეგლის ასაგებად დღემდე ვერ გამონახა თანხა ვერც სანკტ-პეტერბურგის ქართულმა დიასპორამ, ვერც საქართველოს ძველმა და ახალმა ხელისუფლებამ.

სხვათა შორის, ქართული კულტურის დღეებს სანკტ-პეტერბურგში შარშან მკვეთრად გამოხატული რელიგიური სახე ჰქონდა. იმხანად პირველმა ქართველმა სოციალისტმა დივეევის მონასტერში წმინდა სერაფიმეს ხსოვნისადმი მიძღვნილ წირვაში მიიღო მონაწილეობა - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და რუსეთის პატრიარქთან ერთად ილოცა; მერე კი საქართველოში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჩამოასვენა. ეს ღონისძიება ფართოდ გაშუქდა იმდრონდელ ქართულ პრესაში. საზოგადოების ერთმა ნაწილმა პირველი სოციალისტის მიმართ მადლიერება გამოხატა, მეორე ნაწილმა კი ეს ყველაფერი აღიქვა როგორც "პიარი", რომელიც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას არჩევნებამდე სჭირდებოდა.

დადგა 2004 წლის "აღდგომაც" და ძველი და ახალი პოლიტიკოსები ისევ გამოჩნდნენ ტელეკამერების წინ. მაგრამ ქართველი მართლმადიდებლებისთვის ეს დღესასწაული იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსთა აქტიურობას ყურადღება თითქმის არავინ მიაქცია. სწორედ პოლიტოლოგს, კონფლიქტოლოგს, არცთუ ისე დიდი ხნის წინ კი თეოლოგს, პაატა ზაქარეიშვილს ვთხოვეთ აეხსნა ჩვენთვის, რატომაა დასავლეთში უფრო პოპულარული ქრისტიანული დღესასწაული -შობა და რატომაა ამდენად მნიშვნელოვანი აღდგომა მართლმადიდებლებისთვის.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "დასავლეთში პრიორიტეტულია ქრისტეს ადამიანური ბუნება, რამდენად ძლიერია ადამიანი (რაც ნაცნობია ადამიანისთვის, იმას ანიჭებს მნიშვნელობას), რომ ღმერთი და ღვთის სიტყვა იშვა ადამიანად და სხვა ადამიანებში შეიმოსა, მისთვის ადამიანური ნიჭი და სახე ქრისტესი უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენთან მთავარია ღვთაებრივი მომენტი, ე.ი. მისტიკა მეტია."(სტილი დაცულია)

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ქრისტიანობის ამგვარი გაგება, შესაძლებელია, მართლაც ქმნის პრობლემებს სამოქალაქო საზოგადოების შექმნაში, მაგრამ, ამავე დროს, თავისი ღირსებებითაც გამოირჩევა.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "ამაში ცუდი არაფერია, მე მგონი, კარგიცაა ბევრ პოზიციაში... შეიძლება მისტიკურობა ხელს გვიშლის გავხდეთ ნორმალური სახელმწიფო, მაგრამ მისტიკური ჭვრეტა ხელოვნებაში და ფილოსოფიაში ცუდი არაა... მოკლედ, მოგვწონს და გვჯერა იმის, რაც არ დაგვინახავს... რაც უფრო მისტიკურია ქრისტიანობა, ჩვენთვის მით უფრო გასაგებია, ვიდრე რაც უფრო კონკრეტულია და გასაგებია... ჯერ იყო მისტიკური გავლენა ქრისტიანობაში და შემდეგ შეიძინა ადამიანური სახე... ზემოდან ქვემოთ მოდის, მისტიკიდან, ასე ვთქვათ, "ძირს ეშვება"... ჩვენ "მაღლა დავრჩით".(სტილი დაცულია)

ჭვრეტა, სიმბოლიზმი და შეუცნობლის შეგრძნების სურვილი - უდიდესი სტიმულია ხელოვნებისთვის. ამიტომ "აღდგომა" არა მარტო რელიგიური, არამედ კულტურული დღესასწაულიცაა. ზეიმის მხატვრული სახე სიკვდილია, ზეიმის არსი კი -სიკვდილის დაძლევა და სულის მარადიულობა. ამ თვალსაზრისით, მართლმადიდებლობა ყველა მორწმუნეს აძლევს საშუალებას იყოს შემოქმედი, ოღონდ არა იმდენად შემოქმედი-ხელოსანი, რომელიც ფორმის დახვეწასა და სრულყოფას ცდილობს, არამედ შემოქმედი-მჭვრეტელი.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "ჩვენ გვიჭირს სახარების წაკითხვა პირდაპირ, თუ არ ვხედავთ იქ დაფარულ ნიშნებს და შრეებს, არ მოგვწონს... "აპოკალიფსი", მაგალითად, ყველაზე გვიან შევიდა საღმრთო წიგნში, მაგრამ ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს იქ რაც წერია... არა და წმინდა მამებს, როგორც წესი, არა აქვთ განმარტებული აპოკალიფსი... დასავლეთში, პრაქტიკულად, ვერ ნახავთ მასზე დაყრდნობას; როგორც წესი, დასავლეთში ეყრდნობიან სახარებას და მის კომენტირებას მოციქულების მიერ, განსაკუთრებით პეტრესი."(სტილი დაცულია)

ჩვენი საუბრის დასასრულს პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანობის ასეთი დაყოფა, რა თქმა უნდა, ძალიან პირობითია და ამგვარი განზოგადებები ქმნის საშიშროებას - მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის ან პროტესტანტიზმის უპირატესობის აღიარებისა. ქრისტიანობა ადამიანს არჩევანის საშუალებას აძლევს, თუმცა, ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კულტურულ გარემოს, რომელშიც აღიზარდა ადამიანი.

8 აპრილს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მრევლს ამპარტავნობის დათრგუნვისკენ მოუწოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულზე მაინც ადამიანებმა - მათ შორის, პოლიტიკოსებმა - ქედმაღლობა და ფარისევლობა უნდა დაძლიონ - იმისდა მიუხედავად, თუ როგორია მათ შორის დამოკიდებულება - და ერთმანეთს უთხრან "ქრისტე აღდგა".
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG