Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი ქართველი სამხედრო მღვდელთმსახური და მისი მისია ერაყში


სამხედრო უწყებისა და რელიგიური

ინსტიტუტების ურთიერთობა მეტად ფაქიზი თემაა. საქართველოს საერო და სასულიერო ხელისუფლება, მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა იმაზე, თუ რა ფორმით დაინერგოს მოძღვრის ინსტიტუტი შეიარაღებულ ძალებში. ამ ფონზე ცოტა უცნაურადაც გამოიყურებოდა ის ფაქტი, რომ ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ერაყში გაჰყვა მღვდელთმსახური, რომელსაც, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა სამხედრო ფორმის ტარების უფლება მისცა. ამასთან, საქართველოს ისტორიაში პირველმა სამხედრო მოძღვარმა მამა დავით ლონდარიძემ, თან წაიღო ყველა ის საეკლესიო ატრიბუტი, რაც მას რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად დასჭირდება.

ღვთისმსახურად გახდომამდე მამა დავით ლონდარიძემ საკმაოდ შთამბეჭდავი სამხედრო გზა განვლო. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1990 წელს, პროფესიით ავტოინჟინერმა სამხედრო ფარაჯა ჩაიცვა და მას შემდეგ საქართველოს ეროვნულ გვარდიაში კარგა ხანს მძიმე ტექნიკაზე მუშაობდა.

[დავით ლონდარიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია

შეიძლება სწორედ იმის გამო, რომ დავით ლონდარიძე კარგად იცნობს სამხედრო ცხოვრების სირთულეს, ქართული კონტინგენტის მებრძოლები, რომლებსაც მე ოთხშაბათს ერაყში გამგზავრების წინ შევხვდი, თავიანთ სამხედრო მოძღვარზე დიდ იმედებს ამყარებენ. კაპიტანმა მალხაზ ჯამურელმა, რომელიც ადრე კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ღებულობდა მონაწილეობას, მითხრა, რომ მათ გვერდით სასულიერო პირის ყოფნა კარგად იმოქმედებს კონტინგენტის მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, კონტინგენტისა, რომელზეც ასიმეტრიული საფრთხეები ყოველთვის დამთრგუნველ ზემოქმედებას ახდენს.

[მალხაზ ჯამურელის ხმა] იხ. აუდიოვერსია

მართლმადიდებელი ეკლესიისა და სამხედრო უწყების მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სასულიერო პირი სამხედრო უწყების წევრი ხდება და, ამავე დროს, ემორჩილება ეკლესიას. ცხელ წერტილში მივლინებამ კი ერთი პრობლემაც მოაგვარა - სამხედრო მოძღვარს, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება ეძლევა ქართველ ჯარისკაცთა პოსტების მონახულების დროს ატაროს საველე ფორმა, წირვა-ლოცვის დროს კი - საეკლესიო შესამოსელი. გამგზავრების წინ დავით ლონდარიძე დიდი პასუხისმგებლობით გვესაუბრებოდა იმაზე, რომ მას და მის სამხედროფორმიან მრევლს აღდგომის შეხვედრა ერაყის მიწაზე მოუწევთ.

[დავით ლონდარიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია

მეორე ქართულ სამხედრო კონტინგენტს, რომელიც 158 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის, ერაყში სწორედ მაშინ მოუწია ჩასვლა, როდესაც შიიტების ამბოხება თითქმის მთელ ქვეყანას მოედო და ყოველდღიურად ხდება სასტიკი თავდასხმები კოალიციურ ჯარებზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ სამხედროებს ესკალაციის ეპიცენტრიდან, ქალაქ ფალუჯიდან, დიდი მანძილი აშორებთ, თავდასხმის საფრთხისგან ერაყში დაზღვეული არავინ არის, მით უფრო, ქრისტიანული ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც, ყველაფერთან ერთად, ამერიკულ საველე ფორმებში არიან გამოწყობილნი. რას ფიქრობს ყოველივე ამაზე მამა დავით ლონდარიძე და რას ურჩევს იგი თავის სამხედროფორმიან სულიერ შვილებს, რომელთა სულიერი ასაკი, როგორც თავად ამბობს, ძალიან მცირეა?

[დავით ლონდარიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG