Accessibility links

50-იანი და 80-იანი წლების თაობები


ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, საკადრო საკითხია. საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია,

რომ სამინისტროები ჩააბარეს გამოუცდელ, მეტისმეტად ახალგაზრდა და სამშობლოსგან შორს გაზრდილ "შვილების" თაობას; ხოლო გამოცდილი, ქართული სპეციფიკის მცოდნე, მრავალტანჯული "მამების" თაობა საქმეს მთლიანად ჩამოაშორეს. დღეს მინდა 50-იანი და 80-იანი წლების თაობებზე გესაუბროთ.

ქართველებისთვის უკვე ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა, რომ ოჯახს შვილები არჩენდნენ და არა მშობლები - როგორც ეს ადრე, საბჭოთა პერიოდში ხდებოდა. ბევრ ოჯახში - განსაკუთრებით, თბილისში - შვილები გაცილებით მაღალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობენ, ვიდრე დედები ან მამები.

მაგრამ როდესაც ეს პროცესი ოჯახის ფარგლებს გასცდა და სახელმწიფოს მართვაზე გავრცელდა, ბევრი მოქალაქე განხიბლული და შეურაცხყოფილიც კი დარჩა.

როგორი იყო 50-იანი წლების, პირობითად, "მამების" თაობა და როგორია მათი შვილების, 80-იანების თაობა? არსებობს კანონზომიერებები, რომლებზე საუბარი, შესაძლოა, საინტერესო იყოს.

პირველი და უმთავრესი, რაც ამ ორ თაობას განასხვავებს, საბჭოთა და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრების გამოცდილებაა. "ძველები", ანუ "მამები", საბჭოთა საქართველოში გაიზარდნენ და უძრაობის ხანის ჭაობმაც და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ტვირთმაც მათ მხრებზე გადაიარა. "ახლები", ანუ "შვილები", ამ ტვირთს არ დაუმძიმებია. საბჭოთა პერიოდის ამბები მათთვის უცხო და შორეული ისტორიაა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დღემდე სათუთი და სათუოა, "შვილებმა" მოასწრეს თავისუფლების ჰაერზე გაზრდა. ამ ჰაერმა, ამ სულისკვეთებამ, ამ ფაქტმა შექმნა კიდეც "ახლების" თაობა ისეთად, როგორიც ის არის.

ამ თაობისთვის დამახასიათებელია შინაგანი თავისუფლება, საკუთარი თავის რწმენა, პრაგმატულობა და სიცოცხლისუნარიანობა. მათთვის დაუმორჩილებლობა ცხოვრების წესია და ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი ვინმემ, თუნდაც ქვეყნის პრეზიდენტმა, საკუთარმა მამამ ან კლასის დამრიგებელმა ისე დაიქვემდებაროს, როგორც ეს "ძველების" თაობას ასგზის გამოუცდია.

კიდევ ერთი თვისება, რაც "ახლების" საუკეთესო ნაწილს ახასიათებს, მიზანსწრაფულობა და დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო შრომისმოყვარეობაა. თუ 50-იანელები ბავშვობის ასაკში მუსიკასა და ცეკვაზე დადიოდნენ ესთეტიკასთან საზიარებლად, 80-იანი წლების თაობა სწავლობს ენებს და კომპიუტერს, იმას, რაც აუცილებელია წარმატებული კარიერისთვის. მამების თაობა მიჯაჭვული იყო წიგნზე და ხშირად მხატვრულ სამყაროში უკეთ გრძნობდა თავს, ვიდრე რეალურში. "შვილებისთვის" კი ყოველდღიური ყოფა იმდენად დატვირთულია მოვლენებით, იმდენად ცოცხალია, რომ ისინი, როგორც წესი, კითხვისთვის ვერ იცლიან. ამიტომ "ახლები" უფრო საქმიანები არიან, ვიდრე "ძველები"; მაგრამ "ძველები" თავისი განათლებით, კულტურით, მარადიულ ღირებულებებზე ორიენტაციით "ახლებს", უდავოდ, აღემატებიან.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. "მამების" თაობა "კოლექტივის" სულისკვეთებით გაიზარდა. იმ თაობაში ერთი ადამიანის პრობლემას მრავალი ადამიანი განიცდიდა. თანამშრომლები, მეზობლები საკუთარი ოჯახის ამბებს ერთმანეთს ხალისით უზიარებდნენ და ერთმანეთის ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ამ პროცესს თან ახლდა გულისხმიერება, მოვალეობის გრძნობა. ეს ღირებულებები 80-იანი წლების თაობისთვის უცხოა. მათთვის პირადი ცხოვრება ხელშეუვალია, საკუთარი მშობლების მხრიდანაც კი. მეგობრების წრეც შეზღუდულია. გაცილებით ნაკლებია ან საერთოდ გაუქმებულია პასუხისმგებლობა კლასელის ან კურსელის მიმართ. "ახლების" თაობა, მშობლებთან შედარებით, ცივია და ზედაპირულად კონტაქტური.

იმის მიუხედავად, არის თუ არა მზად საზოგადოება, რომ მართვის სადავეები "შვილების" თაობას ჩაბარდეს, ეს უკვე მოხდა. ეს მოხდა ჯერ ოჯახებში, შემდეგ - სახელმწიფოში. ცხადია, "შვილების" გამოუცდელობა და ახალგაზრდული ასაკი სერიოზულ საფრთხეს გულისხმობს. ის ფაქტიც, რომ "შვილები" გაცილებით ნაკლებად განიცდიან იდენტურობას საკუთარ სამშობლოსთან, ვიდრე "მშობლები", ბევრს აღიზიანებს. ის დაუნდობლობაც, რომელსაც ხელისუფლება იჩენს თავისი მოქალაქეების მიმართ, როდესაც მათ სამსახურებიდან ათავისუფლებს, საკნებში მიარბენინებს ან სხვადასხვა ნომინალის ინდულგენციებს სთავაზობს თავისუფლების გამოსასყიდად, ბევრისთვის შოკის მომგვრელია. მაგრამ ეს არის ახალი თაობის სტილი - პრაგმატული, ცივი და ქმედითი.

დამოუკიდებელ საქართველოში ახალი ღირებულებები ჯერ არ ჩამოყალიბებულა, "შვილების" თაობამ კი უკვე მოასწრო ამ ღირებულებებზე გაზრდა. მათ ვინმესგან დამორჩილება ან დაჭაობება არ ემუქრება. ეს, ფაქტობრივად, "თერგდალეულთა" ახალი თაობაა, რომელსაც, როგორც იქნა, საკუთარი ქვეყანა ჩააბარეს. რას მოუტანს საქართველოს საუკუნოვანი ოცნების ახდენა? ამ კითხვის დასმის შემდეგ ღრმად ჩაფიქრების დროა...
XS
SM
MD
LG