Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბუში თავს იცავს


ჩვენ უკვე ვიუწყებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ბუშის წინააღმდეგ გააქტიურებული დისკუსიების შესახებ. მზარდი

კრიტიკის საგანი "ალყაიდის" ტერორისტული ქსელისაგან მომავალ საფრთხეებზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაადექვატური რეაგირება იყო. 11 აპრილს ჯორჯ ბუში თავად გამოეხმაურა კრიტიკას.

ტეხასის რანჩოში პრეზიდენტმა ბუშმა ჟურნალისტებთან თავი დაიცვა. მან განაცხადა, რომ ინფორმაცია თითქოს სპეცსამსახურების მიერ 11 სექტემბრის თავდასხმებამდე ერთი თვით ადრე მომზადებული მემორანდუმის ინფორმაციას პრეზიდენტმა არასათანადო ყურადღება მიაქცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

[ჯორჯ ბუშის ხმა]-"იმ მემორანდუმში არაფერი იყო ნათქვამი ამერიკაზე თავდასხმის შესახებ. მასში ლაპარაკი იყო განზრახვებზე, ვიღაცაზე, ვისაც ამერიკა ეზიზღება. კი, მაგრამ ეს ხიმ ჩვენთვის ისედაც ცნობილი იყო."

ორგვერდიანი მემორანდუმი ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა პრეზიდენტ ბუშის ბრიფინგისათვის საგანგებოდ მოამზადა. ბრიფინგი 11 სექტემბრამდე 5 კვირით ადრე, 2001 წლის 6 აგვისტოს გაიმართა. მემორანდუმის სათაურია-" ბინ ლადენმა შეერთებულ შტატებზე შეტევა გადაწყვიტა." დოკუმენტი შემდეგი სიტყვებით იწყება-ციტატა "საიდუმლო, უცხოეთის მთავრობებისაგან მიღებული, აგრეთვე მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ბინ ლადენს, 1997 წლიდან მოყოლებული, სურს აშშ-ის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის განხორციელება."

მემორანდუმი ტერორისტული შეტევების გარდაუვალობაზე არ საუბრობს. სამაგიეროდ აღნიშნავს შეერთებული შტატებიდან თვითმფრინავების გატაცების შესაძლებლობას და ნიუ-იორკს მოვლენათა პოტენციურ ადგილად მონიშნავს. მოვიყვანთ კიდევ ერთ ციტატას აღნიშნული დოკუმენტიდან. " გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაცია მიგვანიშნებს ქვეყანაში საეჭვო საქმიანობის გარკვეული მოდელების არსებობაზე, რომელიც უკავშირდება გატაცებებს ან თავდასხმათა სხვა ტიპებს. მათ შორის არის ინფორმაცია ნიუ იორკის ფედერალურ დაწესებულებათა შენობებში ახლახანს ჩატარებულ დაზვერვაზე."


ბუშმა 11აპრილს საჯაროდ დაიწუნა მემორანდუმი, არასაკმარისი ინფორმატიულობისა და სპეციფიურ საფრთხეებზე არასათანადო კონცენტრირების გამო.

[ჯორჯ ბუშის ხმა]-"კმაყოფილი ვარ, რომ არასოდეს მინახავს სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მიგვანიშნებდა, რომ ამერიკაზე თავდასხმა მზადდება, თავდასხმის დროსა და ადგილზე მიგვითითებდა. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ოსამა ბინ ლადენს ამერიკა ეზიზღებოდა. ეს ჩვენთვის ცხადი იყო."


მემორანდუმი თეთრმა სახლმა 10 აპრილს 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების გამოძიების შემსწავლელი კომისიის მოთხოვნით გამოაქვეყნა. კომისიის მიზანია დაასკვნას, შესაძლებელი იყო თუ არა ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილება. კომისია დასკვნას მოგვიანებით, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე მოამზადებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, დასკვნითი მასალები რა ეფექტის მოხდენას შეძლებს ამომრჩეველზე. თუმცა პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის მებრძოლი ბუშისთვის მემორანდუმის გამოქვეყნება არახელსაყრელ დროს მოხდა.
სპეციალური კომისიის დემოკრატიული პარტიის წევრმა, ყოფილმა სენატორმა ბობ კერიმ "ნიუ იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებულ თავის წერილში 11 აპრილს აღნიშნა, რომ ახლა იგი უკვე დარწმუნებულია, რომ ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მისი აზრით, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მემორანდუმი საკმარის მასალას იძლეოდა საიმისოდ, რომ ბუშს ამ მიმართულებით მეტი ინტენსივობით ემუშავა. არადა, როგორც "ასოშიეიტედ პრესის" მიერ გამოკითხული ერთ- ერთი ოფიციალური ანონიმური პირი აცხადებს, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მემორანდუმი თავად პრეზიდენტ ბუშის შეკვეთით მომზადდა. ანუ სადაზვერვო სამსახურში შევიდა პრეზიდენტის შეკითხვა, შეერთებული შტატების შიგნით "ალყაიდისგან" რა შესაძლო თავდასხმები იყო მოსალოდნელი.

დემოკრატებისაგან განსხვავებით, კომისიის რესპუბლიკელი წევრები პრეზიდენტ ბუშის დაცვას ცდილობენ. როგორც ერთ-ერთი მათგანი, ყოფილი გუბერნატორი ჯეიმს თომპსონი ამბობს, მემორანდუმი პრეზიდენტს გადამჭრელი ზომების მიღებისაკენ არ მოუწოდებდა. მისი თქმით, მემორანდუმი ტერორისტული თავდასხმების შესახებ სპეციფიურ ინფორმაციას არ მოიცავდა და მით უმეტეს არ მიუთითებდა, რომ თვითმფრინავების რაკეტების დანიშნულებით გამოყენება იყო მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG