Accessibility links

logo-print

13 აპრილს ზურაბ ჟვანია ასლან აბაშიძეს შეხვდება. რისთვის დაიგეგმა ეს შეხვედრა


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, 13 აპრილს ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ჩავა.


მან აჭარის მეთაურთან შეხვედრაზე ცეტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონის ხელმძღვანელობას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განიხილოს. პრემიერ- მინისტრთან ერთად ბათუმში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილიც მიემგზავრება. რის ჩატანას აპირებენ ისინი იქ და, პირიქით, რას ელიან ბათუმში მათგან?


ზურაბ ჟვანია, ვანო მერაბიშვილის თანხლებით, ბათუმში პრეზიდენტის დავალებით მიდის. დავალება ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხებზე მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს და, როგორც ჩანს, ის ისევ და ისევ მოთელვის ხასიათისა იქნება. თბილისსა და ბათუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისთვის მუშაობას სერიოზული სახე ჯერ არ მისცემია. ამ საქმეში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჯერ არ ჩართულა.

[ გიორგი პაპუაშვილის ხმა] "ჯერჯერობით ჩვენთან ეს საკითხი არ მუშავდება. უფრო პოლიტიკურ დონეზეა მოლაპარაკებები და სამართლებრივ ჩარჩოებში არ გადმოსულა. ჯერჯერობით ამ საქმეში სამინისტრო არ არის ჩართული. "

ეს იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი. ფაქტობრივად, მის ნათქვამს იმეორებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრიც. ის ამბობს, რომ არც მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებას წაუმუშავია უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხებზე. მოკლედ, ამ თემაზე არც აჭარის ხელმძღვანელობას შეუტანია რაიმე დოკუმენტი აჭარის იუსტიციის სამინისტროში.

[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ხმა] "ჩვენთან არავითარი დოკუმენტი არ ყოფილა, ავტონომიურ რესპუბლიკაში ამაზე საუბარი არ ყოფილა. ახლა დაიწყო ამაზე საუბარი და ეს აუცილებელია. აუცილებელია განისაზღვროს რა უფლებები აქვს ავტონომიის ხელმძღვანელობას. "


როგორ შეიძლება გაიმიჯნოს უფლებები ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელმძღვანელობას შორის, ამასთან დაკავშირებით მზა კანონპროექტი "რესპუბლიკურ პარტიას" აქვს მომზადებული. საეჭვოა, თბილისსა და ბათუმს შორის მოლაპარაკების საფუძვლად ეს კანონპროექტი იქცეს, თუმცა "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარეს დავით ბერძენიშვილს ჟვანიასა და აბაშიძეს შორის დაწყებული მოლაპარაკება ნაკლებმნიშვნელოვნად მიაჩნია და ამბობს, რომ კონსტიტუციური კანონის მიღებისას პარლამენტმა აბაშიძის კარნახით არ უნდა იმოქმედოს. აქვე განვმარტავთ, რომ თბილისსა და ბათუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა სწორედ კონსტიტუციური კანონით უნდა მოხდეს.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] "ეს კანონი იქნება კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილი და, ჩვენი მიდგომებით, აჭარაში ხელისუფლების უმაღლესი ორგანო უნდა იყოს უზენაესი საბჭო. "

დღეს ასე არ არის. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედებს მეთაურის ინსტიტუტი და მოქმედებს ორპალატიანი პარლამენტი. ავტონომიის მეთაური სარგებლობს მთავარსარდლის სტატუსით, რაც ავტონომიის კონსტიტუციით არის გასაზღვრული. უფლებამოსილებათა გამიჯვნით უნდა მოწესრიგდეს ის შეუსაბამობები, რაც საქართველოს კონსტიტუციასა და აჭარის კონსტიტუციას შორის არსებობს, მაგრამ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ აჭარის მეთაური ყველანაირად შეეცდება აჭარის კონსტიტუციაში ჩადებული მოთხოვნების შენარჩუნებას. ვნახოთ. ახალი პრეზიდენტი მას ძველისგან განსხვავებული ტონით ელაპარაკება. ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილი აბაშიძეს აჭარის პარლამენტის დაშლით და უზენაესი საბჭოს არჩევნების დანიშვნით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ ის არ განაიარაღებს მის დაქვემდებარებაში მყოფ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს.





XS
SM
MD
LG