Accessibility links

საქართველოს პატრიარქი ანტონ ბლიუმს იმოწმებს


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასულიერო პირის როლს და მოვალეობებს.






ილია მეორე გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მღვდლები ხშირად "შეცდომას უშვებენ თავიანთი შვილების მიმართ, უხეშად ერევიან მათ პირად ცხოვრებაში, ზოგჯერ კი ოჯახის შექმნას და ბერად აღკვეცას აიძულებენ." საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ორჯერ იმოწმებს მიტროპოლიტ ანტონ ბლიუმს, რომელსაც, როგორც თავად აღნიშნავს, პირადად იცნობდა.

თავის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღნიშნავს : "ხშირად იბეჭდება ცილისმწამებლური წერილები და გამიზნულად ხდება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უნდობლობის გაღვივება. მის ავტორებს ავიწყდებათ, რომ ეკლესია მაცხოვრის მისტიკური სხეულია"... თუმცა თავად პატრიარქი წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში ხმამაღლა საუბრობს პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მკაცრად აფასებს იმ მოძღვართა მოღვაწეობას, რომლებიც თავიანთ მრევლს სხვა მოძღვართან ურთიერთობას უკრძალავენ.

სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ორჯერ იმოწმებს მიტროპოლიტ ანტონ ბლიუმს, ლონდონში წლების მანძილზე მოღვაწე უხუცეს მოძღვარს, რომელიც 2003 წელს გარდაიცვალა. თავად რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ანტონ ბლიუმი, შესაძლებელია, ერთადერთი მართლმადიდებელი მოაზროვნეა, რომლის სიტყვას უდიდეს პატივს სცემდნენ დასავლეთში. სოკრატეს მსგავსად, იგი არ წერდა, მაგრამ ჩვენამდე შემორჩა უამრავი წიგნი და სტატია, თარგმნილი სხვადასხვა ენაზე... ადამიანი, რომელიც დასავლეთში დაიბადა და დასავლეთში მოღვაწეობდა, მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოდა, ადამიანი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საბჭოთა იდეოლოგიასთან, რომელმაც ხმამაღლა გამოხატა პროტესტი 70-იან წლებში სოლჟენიცინის გადასახლების გამო, 2002 წლის "რუსკაია მისლში" აღნიშნავდა, თავისუფალი აზროვნების არ უნდა შეგვეშინდესო.


[ანტონ ბლიუმის ციტატა] "აქ, ლონდონში, ხშირად მსაყვედურობენ: "თქვენ უღალატეთ რუსულ მართლმადიდებლობას, რადგან ეკლესია, რომელსაც თქვენ აშენებთ, არ არის რუსულიო... თავიდანვე ასე ვპასუხობდი მათ: ჩვენ ვაშენებთ ეკლესიას, რომელიც ძველ ეკლესიას ჰგავს, როცა ადამიანებს მხოლოდ ქრისტე და რწმენა აერთიანებდათ... როცა რუსულ, ბერძნულ თუ სხვა მართლმადიდებლობაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს."

ერთხელ მიტროპოლიტმა ანტონმა უპანიშადებიდან აიღო რამდენიმე ფრაგმენტი და მოძღვარს ჰკითხა, საიდანააო.. მღვდელს მართლმადიდებელთა ციტატები ეგონა... "ეს მაგალითი ცხადყოფს, აღნიშნა ანტონ ბლიუმმა, რომ ჩვენ სათუთად უნდა მივუდგეთ სხვა რელიგიებს."

"იგი დიდი სულიერებით გამოირჩეოდაო," - აღნიშნავს ილია მეორე ანტონ ბლიუმის შესახებ.





XS
SM
MD
LG