Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლების სამხედრო-საზღვაო აქცენტები


მიუხედავად აღდგომის უქმეებისა, ფოთში, სადაც საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებია დისლოცირებული, მეორე დღეა აქტიური სამზადისი მიმდინარეობს ორმხრივი - საქართველო-თურქეთის -


საზღვაო მანევრების ჩასატარებლად. ათი დღის შემდეგ კი ფოთში სტარტს აიღებს საქართველოს შეიარაღებული ძალების კომპლექსური სამხედრო სწავლება. სოხუმიდან და ბათუმიდან თითქმის თანაბარი მანძილით დაშორებული ქალაქი ფოთი საბრძოლო მანევრების ადგილად ადრეც არაერთხელ ქცეულა, თუმცა ამჯერად საქართველოს ხელისუფლება ფოთში თითქმის მთელი სამხედრო პოტენციალის კონცენტრირებას გეგმავს.


ფოთის პორტის ახლოს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან გაპარტახებულ სამხედრო ნავსადგურში, რამდენიმე დღეა გამალებული სამხედრო მზადება მიმდინარეობს. იქ განლაგებული საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობა, თურქეთის მხარის მონაწილეობით, 13 აპრილს ერთობლივი საზღვაო მანევრების ჩატარებას გეგმავს. საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის გენერალ ზურაბ ირემაძის თქმით, მანევრები, რომლის სცენარი ნატოს სტანდარტებით შემუშავდა, გაშლილ ზღვაში სამაშველო ოპერაციის ჩატარებას ითვალისწინებს და მასში, საქართველოს ხომალდების გარდა, მონაწილეობას მიიღებს ორი თურქული ფრეგატი.

[ზურაბ ირემაძის ხმა] "ეს არის, კონკრეტულად, ერთობლივი მანევრები გაშლილ ზღვაში, სამაშველო ოპერაციები. მასში იგულისხმება ადამიანების შველა წყალში - ვერტმფრენების გამოყენება, მხედველობაში მაქვს ბუქსირება, მხედველობაში მაქვს ზღვაში ტვირთების გადაწოდება. ეს არის ტაქტიკური სწავლება, რომელიც ნატოს სტანდარტებით ტარდება."

ზუსტად ათი დღის შემდეგ კი ფოთის აკვატორიაში საქართველოს შეიარაღებული გენერალური შტაბის მიერ დაგეგმილი სამხედრო ძალების ფართომასშტაბიანი სწავლება გაიმართება. თუმცა სცენარი ამჯერად ცოტა უცნაურად გამოიყურება, სამშვიდობო ხასიათს ატარებს - ქართველმა სამხედროებმა კონფლიქტის რაიონში დარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოახდინონ. იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლებამ აშკარად მოუხშირა განცხადებებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე, ცოტა გაუგებარია, თუ რატომ ემზადებიან საქართველოს საბრძოლო დანაყოფები მოსახლეობის ევაკუაციისათვის. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სწავლების ფორმალური სცენარი ერთგვარი პირბადის როლსაც ასრულებდეს რეალური ჩანაფიქრის შესანიღბავად. მით უფრო, რომ, გენერალ ზურაბ ირემაძის თქმით, მანევრებში ჩაბმული არიან სწორედ ისეთი დანაყოფები ქართული შეიარაღებული ძალების, რომელთა პროფილსაც შეტევითი ამოცანების შესრულება წარმოადგენს.

[ზურაბ ირემაძის ხმა] "მოხდება კომბინირებულად საჰაერო საზღვაო დესანტის გადასხმა, ავიაციის გამოყენება. მეორე ეტაპზე იქნება ქალაქ ფოთის ბლოკირება, დესანტსაწინააღმდეგო ოპერაციები, სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა, კოჯრის სპეცდანიშნულების ძალების მონაწილეობით, და დესანტსაწინააღმდეგო სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ "კომანდოსთა" ბატალიონი და საზღვაო ქვეითები." (სტილი დაცულია)

სწავლებისადმი ყურადღებას ის გარემოებაც აძლიერებს, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს თავდაცვის მინისტრს გამოძახებული ჰყავს ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადა, რომლის მეთაური და პირადი შემადგენლობის ნაწილი ჩოლოქის ინციდენტის დროს გამოვიდა ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებიდან. თუმცა, როგორც რადიო "თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბარში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა გივი იუკურიძემ აღნიშნა, ბრიგადის მონაწილეობა ფოთის დიდ მანევრებში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

[გივი იუკურიძის ხმა] "ამ ასეულების მონაწილეობა პრობლემატური იქნება. თუმცა იქიდან ხმა არავის ამოუღია. ხვალ დავაზუსტებ, რა და როგორ იქნება."

თუმცა ფოთში ჩატარებული ფართომასშტაბიანი მანევრებით არ შემოიფარგლება საქართველოს ხელისუფლების მზარდი დაინტერესება სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო პოტენციალის გაძლიერებით. აპრილის ბოლოს სამხედრო მეზღვაურთა პარკი რამდენიმე ერთეული გარემონტებული საბრძოლო კატარღით შეივსება. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით კი, ყველა საზღვაო ოფიცერმა გასულ თვეს, პრემიის სახით, 100-100 დოლარი მიიღო - როგორც ამბობენ, ერთგვარი ავანსი შემდგომი რთული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.
XS
SM
MD
LG