Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთისათვის ევროკავშირი ისე შორსაა, როგორც არასდროს


თურქეთისათვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ლამის ევროკავშირის

შექმნის დღიდან დგას დღის წესრიგში. და ამ მიზნის მისაღწევად თითქოს ქვეყანა ძალ-ღონეს არ იშურებს. ცხადია ანკარის ეს ძალისხმევა შეუმჩნეველი არ რჩება - ევროკავშირის ოფიციალური პირები თურქეთში მიმდინარე რეფორმებს გაბედულს უწოდებენ, მაგრამ ამასთანავე მუდამ იმეორებენ, რომ გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია. ბოლო ხანს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, ევროპის კავშირისაკენ სავალ გზაზე ანკარისათვის ახალი დაბრკოლებები გაჩნდა.

ევროპელი და თურქი ანალიტიკოსების თქმით, ბოლო დროს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს მომხრეებიც კი მეტი სიფრთხილით ეკიდებიან. სკეპტიკოსები შიშობენ, რომ თურქეთის ევროკავშირში გაერთიანებით ევროპა პოტენციურად ისლამური ექსტრემიზმის ახალ ტალღას გაუღებს კარს.
საფრანგეთმა გასულ კვირას ოფიციალურად გამოხატა თავისი მოსაზრება. პრეზიდენტ ჟაკ შირაკის მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ივნისის არჩევნებზე ბლოკში თურქეთის გაწევრიანების წინააღმდეგ მისცემს ხმას.
პოლონელი ანალიტიკოსი, ვარშავის სტეფან ბატორის ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრ სმოლერი საკითხს ამგვარად ხედავს.

[ალექსანდრ სმოლერის ხმა]-" ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს. ცენტრალურ აზიაში შექმნილი ვითარება, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მაჰმადიანურ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები ლოგიკურად ზრდის ისეთი დიდი მაჰმადიანური ქვეყნის ევროპის კავშირში მიღებით გამოწვეულ შიშს, როგორიც თურქეთია."

სმოლერი წინასწარმეტყველებს, რომ თურქეთის საკითხი ევროკავშირისათვის მორიგი განხეთქილების ვაშლი იქნება. გასულ წელს, მაგალითად, ევროკავშირის წევრები ვერ შეთანხმდნენ ერაყში შეერთებული შტატების კოალიციის შესვლასთან დაკავშირებით რა პოზიცია დაეკავებინათ. მეორეს მხრივ კი პოლონელი ანალიტიკოსი აღნიშნულ პრობლემაში პოზიტიურ მხარესაც ხედავს. იგი ამბობს, რომ თურქეთის ევროპის წევრად მიღებამ შესაძლოა დააცხროს კიდეც მაჰმადიანური სამყარის მშფოთვარება.

[სმოლერის ხმა] " ევროკავშირში თურქეთის მიღება მაჰმადიანური სამყაროსთვის კეთილი ნების საუკეთესო მანიფესტაცია იქნება. კერძოდ იმის, რომ ევროპა არ აპირებს ცივილიზაციათა კონფლიქტის გამწვავებას, მაჰმადიანურ სამყაროსთან კონფრონტაციას. ამასთანავე არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი-ევროკავშირში გაწევრიანებით თურქეთში დემოკრატიული ტრანსფორმაცია და მოდერნიზაცია დასავლური მოდელით განხორციელდება."


ევროკომისია თურქეთთან დაკავშირებული რეკომენდაციის გაცემას წლის ბოლომდე აპირებს. რეკომენდაცია
თურქეთის წევრობასთან დაკავშირებული ფორმალური მოლაპარაკებების გახსნის მიზანშეწონილობის საკითხს უნდა შეეხოს.
როგორც ჩანს, შესაძლოა მოლაპარაკებები არც დაიწყოს. ამ ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის ანგარიშში თურქეთი მკაცრად იყო გაკრიტიკებული. ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ თურქეთი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით კოპენჰაგენის პოლიტიკურ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ანგარიში ასევე მიუთითებდა, რომ მიუხედავად თურქეთის მთავრობის მიერ პოლიტიკისა და ეკონომიკის რეფორმირებისათვის გადადგმული თამამი ნაბიჯებისა, მეტი პროგრესია საჭირო. განსაკუთრებით ადამიანთა წამებისა და შეურაცხყოფის შემცირების მხრივ.

ევროპარლამენტის ანგარიშის კრიტიკა ასევე შეეხებოდა პოლიტიკური პარტიების რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა დაშინების ფაქტებს, ისევე როგორც აზრის თავისუფლებას, რელიგიური, ეთნიკური და ლინგვისტური უმცირესობების უფლებებს.

ზემოთჩამოთვლილ ნაკლოვანებებთან აბსოლუტურ კონტრასტშია შენიშვნა იმის თაობაზე, რომ თურქეთის როლი კვიპროსის მოლაპარაკებებში კონსტრუქციულია. კვიპროსის საკითხზე გადაწყვეტილება 24 აპრილს გახდება ცნობილი, როცა საბერძნეთისა და თურქეთის კვიპროსში ერთ საკითხზე ორი რეფერენდუმი გაიმართება-რეფერენდუმის თემა ორი კვიპროსის გაერთიანებაა. გაერთიანების გეგმა გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს ეკუთვნის.

მაგრამ როგორც იტალიის ქალაქ ბოლცანოს ევროპის აკადემიის ექსპერტი გაბრიელ ფონ ტოგენბურგი შენიშნავს, შესაძლოა პროცესები გეგმის მიხედვით არც კი განვითარდეს.

[გაბრიელ ტოგენბურგის ხმა] " ბევრი ფიქრობს, რომ საბერძნეთის კვიპროსში ანანის გეგმა მხარდაჭერით არ სარგებლობს. ამის მიზეზიც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას უკავშირდება. ანუ მოლაპარაკებების გახსნის შემთხვევაში, ბერძნულ მხარეს თურქეთის მხარეზე მეტი ზეწოლის მოხდენა შეუძლია. ანუ მათთვის შესაძლოა გაჩნდეს გაცილებით უფრო მისაღები გზა, ვიდრე ანანის გეგმაა."


ამ სცენარის მიხედვით, საბერძნეთის კვიპროსი რეფერენდუმში უარყოფით შედეგს აჩვენებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვიპროსი კვლავაც გახლეჩილი დარჩება. ანუ 1 მაისის შემდეგ ერთი ნაწილი საბერძნეთთან ერთად ევროკავშირის წევრი გახდება, მეორე კი არა. ანუ საბერძნეთის კვიპროსი თურქეთის ევროკავშირის წევრობის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების დასაბლოკად, საჭიროების შემთხვევაში, ვეტოს უფლების გამოყენებას შეძლებს.


XS
SM
MD
LG