Accessibility links

ზურაბ ჟვანიას მორიგი მისია აჭარაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 13 აპრილს კვლავ ბათუმში გაემგზავრა. უშიშროების საბჭოს მდივან ვანო მერაბიშვილთან ერთად,

მან აჭარის ავტონომიის ლიდერთან ცენტრსა და ავტონომიას შორის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, შეეცადა დაერწმუნებინა ასლან აბაშიძე, დაიწყოს მოსახლეობის განიარაღების პროცესი.

შეიძლება ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ნოემბრის მოვლენების შემდეგ ყველაზე რთული პრობლემების მოგვარება ეკისრება. სწორედ ზურაბ ჟვანია იყო ცენტრალური ხელისუფლების ის წარმომადგენელი, რომელმაც აჭარის ლიდერი აჭარის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაში დაარწმუნა. ასევე ზურაბ ჟვანია გაიგზავნა საპარლამენტო არჩევნების წინ აჭარაში, სადაც, წინასწარი განცხადებების თანახმად, საარჩევნო უბნების დარბევა იგეგმებოდა. ახლაც ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებების გაყოფის რთული დიალოგის დაწყება ისევ ზურაბ ჟვანიას დაევალა.
აქამდე პრემიერი, მეტ-ნაკლები წარმატებით, დავალებებს ასრულებდა. მეტიც - აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე დაუფარავად აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთაგან, ის მზად არის, სწორედ ზურაბ ჟვანიასთან ითანამშრომლოს. ანუ, უნდა-არ უნდა, ზურაბ ჟვანიას ასლან აბაშიძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის მედიატორის როლი დაეკისრა, რაც, მთლიანობაში, მისთვის, შესაძლოა, ძალიან მძიმე გამოცდად იქცეს.
მედიატორობა, როგორც იცით, მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევას გულისხმობს. ასლან აბაშიძემ უკვე რეალური ქმედებებით აჩვენა, რომ ის მზად არის კომპრომისებისთვის: აჭარაში მუშაობისას არავითარი პრობლემა არ ექმნება პრეზიდენტის წარმომადგენლებს სარფის საბაჟოსა და ბათუმის პორტში; ასლან აბაშიძემ იმდენად ოპერატიულად და უპრობლემოდ გაათავისუფლა საკნიდან თენგიზ ასანიძე, რომ საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის გულწრფელი გაკვირვებაც კი გამოიწვია. ასლან აბაშიძე ყველანაირად ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ცენტრთან დიალოგისთვის მზად არის. ცენტრი კი ავტონომიის ხელმძღვანელისგან ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი პირობის შესრულებას მოითხოვს - ამჯერად ზურაბ ჟვანიას მოუწევს დაარწმუნოს ასლან აბაშიძე, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მოსახლეობისთვის დარიგებული იარაღის ამოღება. ანუ ცენტრი იმის დემონსტირებას ახდენს, რომ მიღწეულით არ დაკმაყოფილდება, სანამ აჭარაში ისეთივე წესრიგი არ დამყარდება, როგორც, დავუშვათ, იმერეთსა ან გურიაში.
შესაბამისად, ზურაბ ჟვანიას საშუამავლო მისია თავიდანვე განწირულია - შეუძლებელია, მან ისეთი ოქროს შუალედის პოვნა შეძლოს, რომელიც ერთნაირად მისაღები იქნება როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის, ისე ასლან აბაშიძისთვის, რადგან ამ ორ პოლიტიკოსს სრულიად განსხვავებული მიზნები აქვს დასახული: ასლან აბაშიძეს თუნდაც შემცირებული ხელისუფლების შენარჩუნების სურვილი ამოძრავებს, მიხეილ სააკაშვილი კი დარწმუნებულია, რომ სანამ აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმი იარსებებს, ყოველთვის იქნება თუნდაც ფარული დაუმორჩილებლობის საშიშროება. შეურიგებელთა შერიგება კი - განუხორციელებელი მისიაა.
XS
SM
MD
LG