Accessibility links

რატომ არ შედგა სომხეთში რევოლუცია


დავით პაიჭაძე, თბილისი ჩემი სიუჟეტი სომხეთის მოვლენებს ეხმაურება. ერევანში დავუკავშირდი სომხეთის ჰელსინკის კავშირის ხელმძღვანელს, ადამიანის უფლებათა დამცველს მიქაელ დანიელიანს და იქ

განვითარებულ მოვლენათა მიზეზების ახსნა ვთხოვე. თუმცა ამ მიზეზების კვლევისას სხვა რესპონდენტებსაც მივმართე.

სომხეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გასულ წელს ჩატარდა. პრეზიდენტად რობერტ ქოჩარიანის ხელახლა არჩევას შარშანაც მღელვარება მოჰყვა, თუმცა მღელვარება უშედეგოდ დასრულდა. სომხეთის ჰელსინკის კავშირის ხელმძღვანელმა მიქაელ დანიელიანმა მითხრა, რომ წლევანდელი მღელვარების საფუძველი დიდხანს მზადდებოდა, თან არა მხოლოდ ერევანში, არამედ სომხეთის რეგიონებში. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, დანიელიანის თქმით, 13 აპრილის დილას მარცხით დასრულდა.

[დანიელიანის ხმა] "მე ვფიქრობ, დასრულდა. დარბევა ძალიან სასტიკი იყო. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეძლებს ოპოზიცია, შეიკრიბოს. პოლიტიკოსებს - მათ შორის, დეპუტატებს - იჭერენ, არღვევენ მათ ხელშეუხებლობას და ერთმნიშვნელოვნად ართმევენ საშუალებას, განახორციელონ თავიანთი გეგმები."

მიქაელ დანიელიანს ვთხოვე, პარალელი გაევლო სომხეთის ახლანდელსა და საქართველოს შარშანდელი ნოემბრის მოვლენებს შორის. მისი აზრით, საერთო ბევრია, თუმცა გაირკვა განსხვავებაც:

[დანიელიანის ხმა] "საქართველოში მაშინ, ვარდების რევოლუციის დროს, ხელისუფლება უფრო დემოკრატიული იყო და მოსახლეობის წინააღმდეგ არ გამოუყენებია იარაღი, ტყვიები და წყლის სატყორცნი მანქანები. არმიაც უფრო პროგრესული აღმოჩნდა. სომხეთში კი პირიქით მოხდა: ხელისუფლებამ პოლიცია აიძულა, პოლიციამ ძალა გამოიყენა და არმიაც, პოლიციაც და ხელისუფლებაც ერთნაირად იყვნენ ოპოზიციის წინააღმდეგი."

სომხეთში ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლათა მარცხზე აზრის გაზიარება ვთხოვე ახლად არჩეული პარლამენტის წევრს ლევან ბერძენიშვილს. ის ამბობს, სომხეთის ოპოზიციას წარმატება არა აქვს იმიტომ, რომ ხალხი პირველად შეიკრიბა ასე სერიოზულად და გამოსვლები მოუმზადებელი იყო, თორემ სიტუაცია სომხეთში ფეთქებადსაშიშიაო. გარდა ამისა, ოპოზიციას ჯერ არ ჰყავს ლიდერი, რომელიც საპროტესტოდ გამოსულ მოქალაქეებს ახალ ხალხს შემატებს. მძიმეა ეკონომიკური მდგომარეობაც, მაგრამ, ბერძენიშვილის აზრით, მოქალაქეთა განწყობისათვის გადამწყვეტია სხვა რამ:

[ბერძენიშვილის ხმა] "სომხეთის საზოგადოება ვერაფრით ვერ ეგუება აზერბაიჯანის მოქალაქის პრეზიდენტობას; ვერ ეგუება მის ხისტ ხასიათს, სამხედრო გადახრებს და ვერც იმას, რომ სომხეთი წინ ვერ მიდის. განსაკუთრებული პრობლემა სომხეთისთვის არის ის, რომ მეზობელი საქართველო ფართოდ და სწრაფად გაიჭრა წინ, ევროპის მიმართულებით. მაგრამ ვერშეგუება ერთია და მომზადება მეორეა: რევოლუცია ცუდად არის შესრულებული და დადგმული. ეს არის დაახლოებით ისეთი მცდელობები, საქართველოში რომ იყო ორი წლის წინათ. ანუ სიტუაცია სომხეთში ჯერ კიდევ არ არის რევოლუციური."
XS
SM
MD
LG