Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩები საქართველოში


13 აპრილს თბილისში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა რუსეთის საგანგებო დავალებათა სამი ელჩი, რომლებსაც საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან საქართველო-რუსეთს შორი არსებული

პრობლემების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა ევალებათ. წინასწარი ინფორმაციით, მხარეები ისაუბრებენ საქართველო-რუსეთის ჩარჩო ხელშეკრულების მომზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ბაზების გაყვანის გრაფიკთან დაკავშირებით. ნიშანდობლივია, რომ ამ ვიზიტს დაემთხვა რუსულ გაზეთ "იზვესტიაში" გამოქვეყნებული ვრცელი ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან, ინტერვიუ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერად მოიხსენიებს.


საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა ეუთოს სტამბულის სამიტზე 1999 წელს მიღებული დასკვნითი დოკუმენტით გადაწყდა. თუმცა შეთანხმებაში მხოლოდ ორი - გუდაუთისა და ვაზიანის - სამხედრო ბაზის გაყვანის თარიღი იყო მითითებული, რაც, ვადების დაცვით, 2001 წლის 31 ივლისს შესრულდა. რაც შეეხება დარჩენილ ორს - ბათუმისა და ახალქალაქის ბაზას, შეთანხმება მხარეებს ავალებდა, ორმხრივი მოლაპარაკების დროს თავად განესაზღვრათ მათი გაყვანის თარიღი. თბილისმა და მოსკოვმა ამ მოლაპარაკებას სამი უშედეგო წელი მოანდომეს და მაინც ვერ მივიდნენ კონკრეტულ შეთანხმებამდე. რუსეთი ბაზების დროებითი დისლოკაციის ვადად 11 წელს ან, დაუყოვნებელი გაყვანის შემთხვევაში, ასტრონომიულ თანხას, 180 მილიონ დოლარს, ითხოვს; საქართველოს ხელისუფლება კი მხოლოდ 3 წელს თანხმდება და არანაირი კომპენსაციის გადახდას არ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოზიციას მოკავშირეები გამოუჩნდნენ, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ნატოს სახით. 7 აპრილს, ნატოს შტაბბინაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა რუსეთის ბაზების თემაზე საგანგებოდ შეაჩერა ყურადღება:

[იაპ დე ჰოოფ სხეფერის ხმა] "ჩვენი ხანმოკლე ორმხრივი მოლაპარაკებისას ჩვენ განვიხილეთ, აგრეთვე, საქართველოში მოქმედი რუსეთის ბაზების პრობლემა. თქვენთვის ცნობილია ნატოს პოზიცია, რომ სტამბულის შეთანხმებები უნდა შესრულდეს და ეს საქართველში მოქმედი ბაზების საკითხსაც მოიცავს. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა და რუსეთის დელეგაცია რაც შეიძლება მალე დაიწყებენ მოლაპარაკებას. ტანგოს მარტო ვერ იცეკვებ, ასე რომ, გამოსავალი ორივე მხარემ აქტიურად უნდა ეძებოს. და თქვენ იცით, რომ სტამბულში ნაკისრი ვალდებულებები უნდა შესრულდეს. ეს კი საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასაც ითვალისწინებს."

ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ საქართველოში რუსეთის საგანგებო დავალებათა სამი ელჩი ჩამოვიდა. დელეგაციაში შედის ლევ მირონოვიც, რომელსაც რუსეთის მხრიდან სამხედრო ბაზების შესახებ მოლაპარაკების კოორდინირება ევალება. თუმცა ამ ახალი რაუნდისგან სასწაულს არავინ ელის. პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი, "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიის ინსტიტუტიდან", მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პროგნოზების გაკეთება საერთოდ შეუძლებელია:
[დავით დარჩიაშვილის ხმა] "არ ვიცი, ძალიან ბევრ ცვლილებაზეა დამოკიდებული, თუ რა პოზიციას დაიჭერს შეერთებული შტატები, რამდენად უღირს რუსეთს ეს ბაზები, საერთოდ. ეს ყველაფერი იმდენად გაურკვეველია, რომ მიჭირს რაიმეს პროგნოზირება."

სიმართლე ითქვას, არც საქართველოს ხელისუფლებას ეტყობა დიდი მონდომება საიმისოდ, რომ პრინციპულად მოსთხოვოს მოსკოვს ორი სამხედრო ბაზის გაყვანა. ამის საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიტანოთ ფრაგმენტი საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუდან, რომელიც რუსულ გაზეთ "იზვესტიაში" 13 აპრილს გამოქვეყნდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი მყარად არის დარწმუნებული, რომ "რუსეთმა შეუწყვიტა დახმარება ასლან აბაშიძეს და რომ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი რუსეთის სამხედრო ბაზები მხარს დაუჭერენ კანონიერ მთავრობას ან მყარად დაიცავენ ნეიტრალიტეტს."
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG