Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და აჭარასა და ცენტრს შორის არსებული დაპირისპირების საკითხები რუსეთის პრესაში


გიორგი კაკაბაძე, თბილისი შემოგთავაზებთ რუსეთის ბოლოდროინდელი პრესის მიმოხილვას - გაგაცნობთ პუბლიკაციებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთერთობასა და აჭარასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის

წარმოქმნილ კონფლიქტურ სიტუაციასთანაა დაკავშირებული.

9 აპრილის გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი" აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილან. მინისტრი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ, როგორც ის აცხადებს, ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იქნება. ზურაბიშვილის თქმით, "საქართველო შეიძლება იქცეს ადგილად, სადაც რუსეთი, აშშ და ევროპა ითანამშრომლებენ."

მინისტრმა გაზეთს განუცხადა: "ჩვენს წინაშე გლობალური პრობლემები დგას. ესაა კორუფციასთან, ტერორიზმთან ბრძოლა, საზღვრების დაცვა, კონფლიქტების დარეგულირება, რეგიონში სტაბილიზაციის მიღწევა. ყოველივე ეს შეესაბამება რუსეთის, აშშ-ის და ევროპის ინტერესებს. რუსეთს აქ, ტრადიციულად, აქვს ინტერესები, გავლენა. აშშ-მა ეს გავლენა, ძირითადად, ეკონომიკის საშუალებით მოიპოვა. ახლა უკვე ევროპამ უნდა იპოვოს აქ თავისი ადგილი."

8 აპრილის გაზეთ "კომერსანტის" წერილი ეძღვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მომხდარ ცვლილებას, კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე როსტომ ჯაფარიძის, განათლებით იურისტის, დამტკიცებას.

გაზეთის თქმით, "ბატონი ჯაფარიძე ყოველთვის ძალიან მწვავედ და პრინციპულად გამოდიოდა აჭარის ინტერესებისა და მისი ლიდერის პოლიტიკის დასაცავად. ხშირად მწვავედ აკრიტიკებდა როგორც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, ისე აჭარის შიდა ოპოზიციას."

"კომერსანტი" წერს: "...როსტომ ჯაფარძის კანდიდატურის დამტკიცება მოწმობს იმას, რომ ასლან აბაშიძემ გაამკაცრა პოლიტიკა თბილისის მიმართ და გააძლიერა ძალოვანი ელემენტი ავტონომიის სახელისუფლებო სტრუქტურებში. ინფორმირებული წყაროების აზრით, ახალი პრემიერის დანიშვნა - ავტონომიის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნაბიჯს წარმოადგენს. ახალი პრემიერი უდავო ავტორიტეტით სარგებლობს აჭარის ძალოვან უწყებებში. ამ თვალსაზრისით, მისი დანიშვნა უეჭველად უკავშირდება თბილისისა და ბათუმის ურთიერთობების ამჟამინდელ გამწვავებას."

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს 13 აპრილის გაზეთი "იზვესტია" ბეჭდავს. აფხაზეთისა და აჭარის პრობლემებთან დაკავშირებულ კითხვაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთთან სერიოზული მოლაპარაკებები გაიმართება კონსენსუსის მისაღწევად.

რაც შეეხება აჭარას, მიხეილ სააკაშვილმა გაზეთს უთხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ავტონომიაში მას მოსახლეობის 90-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, ხოლო საპარლამენტო არჩევნებიც პრაქტიკულად მოგებულ იქნა.

საქართველოს პრეზიდენტმა "იზვესტიას" განუცხადა: "...აჭარა ეს ისეთი ადგილია, სადაც ყველაფერი გაქურდულია, სადაც ზღვისპირეთის მთელი მიწა ჩინოვნიკებმა შეისყიდეს... ხალხი გმინავს, ყველა ეწინააღმდეგება ფეოდალურ აზროვნებას, რომელიც აბაშიძემ დაამყარა. პოლიტპატიმრები ხომ აჭარის ციხეებში არიან, მაგრამ ამისთვის საქართველო უნდა დააჯარიმონ! მაგრამ ამაზე საქართველომ კი არ უნდა აგოს პასუხი, არამედ პირადად შევარდნაძემ და აბაშიძემ. და კიდევ. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ეს ადამიანი მილიონობით დოლარს იჯიბავს, - 120 მილიონი დოლარი მხოლოდ ბათუმის პორტში ქრება."
XS
SM
MD
LG