Accessibility links

logo-print

პირველ კვარტალში ბაზარი მხოლოდ 1 პროცენტით გაძვირდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ხელისუფლების მიერ გატარებული ეფექტური ანტიკონტრაბანდული და ანტიკორუფციული ღონისძიებების ფონზე, მოსალოდნელი იყო სამომხმარებლო ბაზრის მნიშვნელოვანი გაძვირება,

თუმცა მარტის თვის სტატისტიკა საპირისპირო ტენდენციას აჩვენებს - გასულ თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი მხოლოდ 0.1 პროცენტით არის მომატებული. რამ განაპირობა დაბალი ინფლაცია ქართულ ბაზარზე?

ანტიკონტრაბანდულ ღონისძიებებს, საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრებას და იმ ფისკალურ ეფექტს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე აისახა, წესით, სამომხმარებლო ბაზრის მნიშვნელოვანი გაძვირება უნდა გამოეწვია. ქართული ბაზარი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმპორტირებულ, ანუ უცხოეთიდან შემოტანილ, პროდუქციაზე, რომლის დიდი ნაწილი აქამდე, როგორც წესი, კონტრაბანდული იყო. შესაბამისად, ჩრდილოვანი სექტორის შევიწროებას და ტვირთების განბაჟებას ფასწარმოქმნის კორექტირება უნდა გამოეწვია, ანუ აქამდე გადაუხდელი გადასახადი პროდუქტის თვითღირებულებას აკლდებოდა და ამიტომ იყო ქართული ბაზარი შედარებით იაფი.

ბაზრის სიიაფეს, კონტრაბანდის გარდა, მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობაც განსაზღვრავდა. ეს მახასიათებელი საქართველოში ჯერჯერობით ისევ დაბალია, სოციალური მდგომარეობა რადიკალურად არ გამოსწორებულა, ინფლაცია კი კონტროლირებადი დარჩა. მარტში სამომხმარებლო ფასების ინდექსი მხოლოდ 0.1 პროცენტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან იგივე მაჩვენებელი 1 პროცენტს შეადგენს. შედარებისათვის: შარშან პირველ კვარტალში ფასების დონემ 1.6 პროცენტით მოიმატა.

ამდენად, კონტრაბანდის შესამჩნევი შეზღუდვის მიუხედავად, რაც უცხოეთიდან შემოტანილი საქონლის გაძვირების წინაპირობაა, იმპორტული პროდუქციის უმეტეს ნაწილზე ფასები სტაბილურობას ინარჩუნებდა. კონტრაბანდის აღკვეთის გავლენა ფასებზე მნიშვნელოვანწილად განეიტრალებულ იქნა დეკემბერთან შედარებით აშშ დოლარის მიმართ ლარის ხუთპროცენტიანი გამყარებით. მეტიც, გაცვლითი კურსის გავლენით, საქონლის ზოგიერთი კატეგორიის მიხედვით, ამავე პერიოდში ფასების კლებაც კი დაფიქსირდა. ფასებზე დაწევის მიმართულებით მოქმედებს ასევე სეზონური ფაქტორები, კერძოდ, ზამთრის პერიოდის გასვლასთან ერთად რძის პროდუქტებსა და კვერცხზე ფასები, ტრადიციულად, იკლებს. ამ პერიოდისათვის სამომხმარებლო ბაზარს ქართული სურსათი „ეშველება" და, როგორც წესი, ბაზარი სტაბილურდება. ანუ, ლარის გამყარებით და სეზონური ფაქტორით, ფასების მოსალოდნელი ზრდა ქართულ ბაზარზე პირველი კვარტალის განმავლობაში „დამუხრუჭდა". ეს ტენდენცია მართლაც „მაშველ რგოლად" შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფენისათვის, რადგან ძვირი ბაზარი, რაც ტრადიციულია გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირების პერიოდში, შესაძლოა, სერიოზული დარტყმა ყოფილიყო ჩვენი გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის.
XS
SM
MD
LG