Accessibility links

logo-print

ქართულ-აფხაზურ დიალოგში რუსებიც ერთვებიან


ამ დღეებში მოსკოვში ჩატარდა ეგრეთ წოდებულ "კალიფორნიის პროექტში" მონაწილე მხარეების სამუშაო შეხვედრა... პროექტში, რომელიც ქართული და აფხაზური საზოგადოების წარმომადგენელთა

დიალოგს ითვალისწინებს და რომელსაც ამერიკელი კონფლიქტოლოგი პოლა გარბი ხელმძღვანელობს. გადაწყდა, რომ მასში ჩართონ რუსი პოლიტოლოგებიც, ის ხალხი, ვისაც ქართულ-აფხაზურ დიალოგში არასდროს მიუღია მონაწილეობა. მე ვესაუბრე ქართულ-აფხაზური დიალოგის ერთ-ერთ ინიციატორს, პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს. რატომ გახდა აუცილებელი ამ პროექტში რუსული მხარის ჩართვა მაინცდამაინც დღეს?

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "ვინაიდან საქართველოში არსებითად შეიცვალა ვითარება, რუსეთშიც პრინციპულად იცვლება ვითარება - უფრო სტაბილური ხდება (ხელისუფლება კარგია თუ ცუდი, ეს სხვა საკითხია) და აფხაზეთშიც სულ მალე შეიცვლება ვითარება - არძინბა მიდის... ამიტომ, ახალი ვითარებიდან გამომდინარე, რა პერსპექტივები ექმნება აფხაზეთს ახალ რუსეთთან და ახალ საქართველოსთან მიმართებაში... გვინდა გავესაუბროთ რუს პოლიტოლოგებს, პატიოსან პოლიტოლოგებს, ვისაც გული შესტკივა რუსეთზე, მის როლზე მსოფლიოში."(სტილი დაცულია)

პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია მოხდეს რუსეთის როლის დემითოლოგიზაცია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, აუცილებელია ქართველმა და აფხაზმა "არასამთავროებმა" რუსებთან ერთად განიხილონ რუსეთის როლი. რუსები და აფხაზები ღიზიანდებიან, როცა თბილისში განუწყვეტლივ საუბრობენ მესამე ძალაზე და ცდილობენ "მოიხსნან" პასუხისმგებლობა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. "კალიფორნიის პროექტში" ჩართული ადამიანები - როგორც ქართველები, ისე აფხაზები - დარწმუნდნენ, რომ "მესამე ძალის" როლის გაზვიადება მხოლოდ ხელს უშლის ქართულ-აფხაზურ დიალოგს. მით უმეტეს, როცა "მესამე ძალა" არ მონაწილეობს პროექტში და არა აქვს საშუალება თავი გაიმართლოს ან, უბრალოდ, ღიად გამოხატოს თავისი პოზიცია. რა თქმა უნდა, საუბარია არა ანგაჟირებულ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს სეპარატისტულ ხელისუფლებას, არამედ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ადამიანებზე. ჩვენთან საუბარში პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამ ხალხს ასახელებს კიდეც. სავარაუდოდ, "კალიფორნიის პროექტში" ჩაერთვებიან პოლიტოლოგები: მარინა პავლოვა-სილვანსკაია, ვალტერ გეფტერი, ალექსანდრ სოკოლოვი, სვეტლანა გალუშკინა, დიმიტრი ტრენინი, ვლადიმირ ლუკინი, ემილ პაენი, ალექსანდრ კრილოვი... საინტერესოა პოზიცია ადამიანებისა, რომლებმაც, შესაძლოა, არც კი იცოდნენ რა ხდება დღეს აფხაზეთში...

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "ესენი არ იქნებიან გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანებული პოლიტოლოგები, რათა აფხაზეთს აჩვენონ, რა შანსები აქვთ და რას უნდა ელოდნენ რუსებისგან და ქართველებს უჩვენონ, რისი უნდა ეშინოდეთ რუსებისგან, ე.ი. რუსების რეალური სახე. ჩვენ ძალიან ბევრ მითს ვქმნით რუსეთისგან, ჩვენ - უარყოფითს, აფხაზები -უაღრესად დადებითს; ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი გავიდეს აფხაზეთის კონფლიქტიდან და ის არ გადის, მათ უნდათ, რომ შემოვიდეს."(სტილი დაცულია)

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, "არასამთავრობოთა დიალოგში" რუსული მხარის ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა აფხაზები არჩევნებისთვის ემზადებიან და როცა "მესამე ძალა", მართლაც, ცდილობს გააძლიეროს თავისი გავლენა აფხაზეთში, განსაკუთრებით აფხაზეთის რუსულ დიასპორაზე... კარგი იქნება, თუ ეს პროცესი გამჭვირვალე გახდება და ასევე გამჭვირვალედ, ღიად, თბილისიც შეეცდება გაერკვეს აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ინტერესებში. მით უმეტეს, რომ, პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ამ არჩევნებში აფხაზეთში მცხოვრები ქართველებიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას:


[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "აფხაზეთის მომავალი არჩევნების კონტექსტში წარმოჩნდება 3 ჯგუფი აქტიური ამომრჩევლისა: აფხაზი, რომელიც არ არის უმრავლესობა, სომეხი და ქართველი - ყველაზე მეტი არის ქართველი... პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია: მთელი აფხაზეთის აქტიურობა - სამოქალაქო თუ პოლიტიკური - ხდება მხოლოდ აფხაზურ საზოგადოებაზე, სომხურზე მოქმედებს სომხეთი, ქართულზე კი ან მოქმედებს საქართველო და ან არა. ამიტომ ეს სერიოზული საკითხია, რომელსაც ქართველები არ ითვალისწინებენ.... არადა, კარგი იქნებოდა, თუ ზემოქმედებას მოვახდენდით ქართველ ამომრჩეველზე."(სტილი დაცლია)

"კალიფორნიის პროექტში" ჩართული ქართული და აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები კვლავაც კატეგორიულად მოითხოვენ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. არის თუ არა მშვიდობიანი დიალოგის მომხრე რუსეთი? ქართველი და აფხაზი "არასამთავროები" ამას ივნისში შეიტყობენ, როცა მოსკოვში ქართულ-აფხაზურ დიალოგში რუსებიც ჩაერთვებიან.
XS
SM
MD
LG