Accessibility links

logo-print

ბუში იმედოვნებს, რომ ერაყის წინააღმდეგობა ხანგრძლივად არ გასტანს


13 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ერაყის რადიკალ



შიიტთა ლიდერს მუყტადა ალ სადრის შეიარაღებული დაჯგუფების დაშლისკენ მოუწოდა. მუყტადა ალ სადრის წინააღმდეგ კოალიციის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. კოალიციის სარდლობა 14 აპრილს ნაჯაფის აღების ოპერაციისათვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ნაჯაფშია თავად ალ სადრიც. ქალაქი კოალიციის 2500 კაციანი სამხედრო შენაერთის ალყაში იმყოფება. პრეზიდენტი ბუში მზადაა დააკმაყოფილოს კოალიციის სარდლობის მოთხოვნა და ერაყში დაამტებით 10 000 სამხედრო შეიყვანოს. ამ დროისათვის ერაყში სულ 130 000 ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს.

გასული ორი კვირა ამერიკელებისა და ერაყელებისათვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 13 აპრილს ღამით გამართულ პრეს-კონფერენციაზე. პრეზიდენტის ამ განცხადების დადასტურება შესაძლებელია სტატისტიკითაც. აპრილის დასაწყისიდან დღემდე, ოფიციალური მონაცემებით, ერაყში მოკლულია 83 და დაჭრილია კოალიციის 560 ჯარისკაცი. 2003 წლის აპრილიდან, სადამ ჰუსეინის ხელისუფლების დაცემიდან გასული ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე თვე განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა, როგორც საომარი მოქმედებებით, ისე მსხვერპლით.მთლიანად კი 13 თვის მანძილზე ერაყში 672 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მოახლოვებასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო ინტენსიური ხდება დებატები იმის თაობაზე, მიზანშეწონილი იყო თუ არა საომარი მოქმედებების დაწყება ერაყში. ამავე კონტექსტში ჯორჯ ბუშს ხშირად აწყვილებენ ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ერთ ეგრეთ წოდებულ ომის პრეზიდენტთან ლინდონ ჯექსონთან. 1968 წელს ვიეტნამის ომის გამო საგრძნობლად დაცემული რეიტინგის პირობებში პრეზიდენტმა ჯექსონმა უარი თქვა პრეზიდენტობის მეორე ვადისათვის ბრძოლაზე. ჯექსონისაგან განსხვავებით, პრეზიდენტმა ბუშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი მზადაა ამერიკელი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას თვალი გაუსწოროს. ოპონენტების გასაგონად კი დააზუსტა, რომ ერაყისა და ვიეტნამის შედარება თავისთავად არასწორია.

[ ჯორჯ ბუშის ხმა] " მე ვფიქრობ, რომ ანალოგიები მცდარია. ამას გარდა, ჩემი აზრით, ამგვარი ანალოგიები აბნევს არა მარტო ჩვენს ჯარებს, არამედ მოწინააღმდეგესაც. შეხედეთ, ომი ძალიან რთული საქმეა. ძნელია თავისუფლების დამკვიდრება ქვეყანაში, რომელსაც ტირანიისგან სული ეხუთებოდა. და ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აღებული კურსი, რადგან ომის საბოლოო შედეგი ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია."

პრეზიდენტმა ბუშმა 13 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ამასთან დაკავშირებით შენიშნა, რომ ერაყისათვის სუვერენიტეტის გადაცემა ძველი გეგმის მიხედვით, 30 ივნისს მოხდება. რასაც მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები-ვაშინგტონის მიერ ერაყის ახალი მთავრობის დაუყოვნებელი ცნობა, ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა და ელჩის დანიშვნა.

თუმცა ერაყთან ურთიერთობა მხოლოდ დიპლომატიური თანამშრომლობით როდი ამოიწურება. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები ერაყისათვის სამხედრო დახმარებას არ შეაჩერებს. რაც, მისი თქმით, "ალ ყაიდის" ტიპის გასამხედროებული ჯგუფების წინააღმდეგ გამოცხადებული ომის ერთი ფრონტია მხოლოდ. ამ ომს პრეზიდენტ ბუში თქმით,უკვე მოჰყვა ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებიდან გაძევება, ალყაიდის გაფანტვა, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა და ლიბიის პრეზიდენტის მოამარ კადაფის მიერ განსაკუთრებული ტიპის იარაღის ჩაბარება.

13 აპრილს პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ერაყის რადიკალური შიიტური დაჯგუფების ლიდერი მუყტადა ალ სადრიც. მან ლიბანის ალ მანსარის ტელევიზიის ეთერში თავის მომხრეებს კოალიციის წინააღმდეგ სისხლიანი აჯანყებისკენ მოუწოდა. ალ სადრმა განაცხადა, რომ მზადაა ამ ბრძოლაში დაიღუპოს.

[მუყტადა ალ სადრის ხმა] " მე მხოლოდ ღმერთის მწამს. ის არის ერთადერთი და წარმმართველი. და მე მზად ვარ ჩემი სისხლი ამ ქვეყანას მსხვერპლად შევწირო. მაგრამ მე მინდა მოვუწოდო ერაყის ხალხს. ეს ჩემი მეორე მოწოდებაა. ჩემმა სიკვდილმა ხელის არ უნდა შეგიშალოთ ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში."

შეერთებული შტატების სამხედრო ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ შიიტთა წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით თავად ისინი ალ სადრის დაჭერას ან მოკვლას გეგმავენ. მაგრამ გასული კვირის ბოლომდე კოალიციამ ოპერაციის დაწყება ნაჯაფში რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებული ხალხმრავლობის გამო ვერ გარისკა.

რაც შეეხება ბაღდადის დასავლეთით მდებარე ქალაქ ფალუჯის ბლოკადას, ერთ-ერთი ერაყელი მედიატორის განცხადებით, მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის დროებითი არამყარი შეთანხმება დამატებით კიდევ 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ოფიციალური პირების განცხადებით, ფალუჯაში სუნიტ მემაბოხეებსა და კოალიციის ჯარებს შორის წარმოებული ბრძოლების შედეგად დაღუპულია 600 და დაშავებულია 1250 ერაყელი. ერაყული წყაროების ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ.

XS
SM
MD
LG