Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიზრდება თუ არა აპრილიდან პენსიები 3 ლარით?


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, 1აპრილიდან საქართველოში პენსიები 3 ლარით უნდა გაზრდილიყო.

ბოლო დრომდე ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ საპენსიო ფონდში სათანადო რესურსები არსებობდა და პენსიების მატებას წინ არაფერი აღუდგებოდა. საინტერესოა, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს პრეზიდენტის დანაპირები და ფინანსთა სამინისტროს გარანტიები.

[პენსიონერის ხმა]
-
გვაინტერესებს ბოლოს რომელი თვის პენსია მიიღეთ?
-
რა ვიცი, რაც იყო. აპრილის არ მიგვიღია ჯერ, მარტის მიღებული მაქვს.
-
რამდენი ლარი აიღეთ?
-
რამდენიც არის. 17 რამდენი იქნება?
-
ეს მომატებული პენსია არის თუ არა?
-
17 იყო. თავიდან - 14, მერე 3 დაუმატეს. მომატებული იქნება აპრილიდან - 20 ლარი.

ასეთ პასუხს იძლეოდნენ თბილისის ქუჩებში გამვლელი სხვა პენსიონერებიც. აპრილის ბოლოს პენსია 3 ლარით, მართლაც, მოიმატებს. თბილისში მცხოვრები პენსიონერები 20 ლარს მიიღებენ, ხოლო რეგიონებში - 17 ლარს. მაისში კი ამ თანხას 1 ლარი კიდევ დაემატება.

მაგრამ ეს სულაც არ არის პრეზიდენტ სააკაშვილის წინასაარჩევნო დანაპირების რეალიზება და თუ რატომ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გიგი წერეთელის განცხადებიდან ჩანს:

[გიგი წერეთლის ხმა] "უკვე აპრილის თვიდან პენსიონერები მთელ საქართველოში მიიღებენ გაზრდილ თანხას. აქ გათვალისწინებულია, აი, სწორედ დანამატი იმ რეგიონებისთვის, იმ პენსიონერებისთვის, ვისაც აქვს წინა წლების დავალიანება, ამ დავალიანების დასაფარად. იქ, სადაც დაიფარება დავალიანება ან არ არის დღესდღეობით დავალიანება, იქ უკვე მიიღებენ გაზრდილ საპენსიო თანხას. - დანამატი რამდენია, ბატონო გიგი? - 17 ლარში ეს არის 3 ლარი და 18 ლარში, მაისიდან რაც იგეგმება, ეს არის 4 ლარი."

14 აპრილს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე საპენსიო დავალიანების გასტუმრების სწორედ ასეთ მექანიზმზე შეთანხმდნენ. ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მტკიცებით, ამ პროექტის განსახორციელებლად 2004 წლის ბიუჯეტში 36 მილიონი ლარი ჩაიდება. არადა, სახელმწიფოს ბოლო წლების მანძილზე პენსიონერთა მიმართ 110 მილიონიანი ვალი დაუგროვდა. ამ ტემპით მის გასტუმრებას კი მინიმუმ 3 წელი მაინც დასჭირდება, რასაც გიგი წერეთელიც აღიარებს:

[გიგი წერეთლის ხმა] "ეს 3 წლიანი პროგრამა იქნება, ალბათ. ჯერჯერობით ასეა ჩაფიქრებული და პირველი წლისთვის ეს არის 36 მილიონი ლარი, რომელიც დავალიანებების დასაფარად იქნება გამოყოფილი."

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 3 ლარით გაზრდილ პენსიას, საბოლოო ჯამში, 17 ლარს, უბრალო პენსიონერები მხოლოდ დავალიანების სრულად გასტუმრების შემდეგ, 3 წლის თავზე, მიიღებენ. პრეზიდენტის დანაპირების რეალიზების ასეთი დეგრადაციის წინააღმდეგ გამოდის საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების ლიდერი ირაკლი ტუღუში:

[ირაკლი ტუღუშის ხმა] "ეს ნიშნავს იმას, რომ არავის პენსიები არ მოემატება, დაიწყება დავალიანების გასტუმრება და პენსიის მომატება არ ხდება. ეს სულ სხვა არის. გამოდის, რომ ხალხი მოატყუეს."
XS
SM
MD
LG