Accessibility links

logo-print

ჯორჯ სოროსს საქართველოში მოცილეები გამოუჩნდნენ


ცნობილია, რომ ნოემბრის რევოლუციის შემდეგ ქართველი სახელმწიფო მოხელეების ხელფასით უზრუნველყოფაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა,

გაეროს განვითარების ფონდი და ცნობილი ფინანსისტი ჯორჯ სოროსიც ზრუნავენ. მაღალი რანგის მოხელეები ხელფასზე დანამატს, რომელიც პრეზიდენტისთვის 1500 დოლარით, ხოლო მინისტრებისთვის 1200 დოლარით განისაზღვრება, საგანგებოდ შექმნილი "განვითარებისა და რეფორმების ფონდიდან" იღებენ. თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობის წევრთა შენახვის ამ ახლებურმა სისტემამ იმდენად შეურაცხყო ქართველ ბიზნესმენთა ერთი ნაწილი, რომ ისინი ახალი, უპრეცედენტო, ინიციატივით გამოვიდნენ.

ინიციატივა "მემარჯვენე ოპოზიციის" ლიდერსა და კომპანია "ყაზბეგის" პრეზიდენს გოგი თოფაძეს ეკუთვნის და იგი ასე ჟღერს:

[გოგი თოფაძის ხმა] "საგადასახადოსა და საბაჟოს უფროსს, გინდა ეკონომიკის მინისტრს, სხვა არ უნდა უხდიდეს ხელფასს. ეს არა მარტო ეკონომიკური პრობლემაა, ეგ არის დამცირება ერისა და ხალხის. მე შემოვდივარ ერთი წინადადებით: თუ თქვენ თანახმა ხართ, ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ფონდი და ჩვენ ავიღოთ ჩვენს თავზე ჩვენი ხელისუფლების შენახვა. ხელფასი გადავუხადოთ ჩვენ იმათ, რომ ის იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება." (სტილი დაცულია)

ეს განცხადება გოგი თოფაძემ "გადამხდელთა კავშირის" სხდომაზე გააკეთა. მის ინიციატივას სხვა ცნობილი ბიზნესმენებიც გამოეხმაურნენ. მათ შორის იყო "გაერთიანებული ქართული ბანკის" პრეზიდენტი ზაზა სიორიძე.

[ზაზა სიორიძის ხმა] "პრეზიდენტს 500 ლარი ჰქონდა ხელფასი - ეს წარმოუდგენელია! პარლამენტის წევრი ვიყავი და 500 ლარი მქონდა მე ხელფასი... წარმოუდგენელია! რა თქმა უნდა, იდეა სწორია!" (სტილი დაცულია)

მე, ბუნებრივია, სხვა ბიზნესმენთა პოზიციითაც დავინტერესდი. უნდა ითქვას, რომ მათი უმრავლესობისთვის თოფაძის ინიციატივა სავსებით მისაღებია. მაგალითად, "სამგორი-ჯგუფის" პრეზიდენტი ავთანდილ წერეთელი მხოლოდ მითითებასღა ელოდება:

[ავთანდილ წერეთლის ხმა] "თუ დაგვავალებენ, რა... მაგი ბევრჯერ გვითქვია ჩვენ, რომ რაღაცა ფონდი შეიქმნას... ეს არ ვიცი, ხელფასის ფონდი იქნება თუ სხვა რამის ფონდი იქნება, ამ მთავრობის გვერდზე დგომის ფონდი, და ყველა მიიღებს იქ მონაწილეობას. ...თუ უცხოეთი გვეხმარება, ძალიან კარგი, მივესალმები. თუ პარალელურად ჩვენგანაც რამეს მოითხოვენ... უბრალოდ, ჩვენი სურვილია, დიდი სიამოვნებით ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას." (სტილი დაცულია)

ერთადერთი, ვინც გოგი თოფაძის ინიციატივას ნაკლები სერიოზულობით მოეკიდა, ეს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" პრეზიდენტი თემურ ჭყონია იყო:

[თემურ ჭყონიას ხმა] "დააფინანსოს, რა, გოგის ბევრი ფული აქვს... ჯერ თუ არ დაუფინანსებია, ცუდად ყოფილა მაგის საქმე..." (სტილი დაცულია)

არადა, ბიზნესმენის სარკაზმი საფუძველს მოკლებული როდია. საქმე ის არის, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც განვითარებისა და რეფორმების ფონდი შეიქმნა, სახელმწიფო მოხელეთა დაფინანსების პროცესში ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობას არ კრძალავს. შესაბამისად, აზრს მოკლებულია ალტერნატიული ფონდის დაფუძნების იდეაც. კოტე კუბლაშვილი, განვითარებისა და რეფორმების ფონდის დირექტორი, განმარტავს:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] "კანონში მითითებულია, რომ შემომწირველი ამ ფონდში შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მათ შორის, ქართული და უცხოური იურიდიული პირები, ისევე როგორც, ფიზიკური პირები... და ამიტომ შესაძლებელია სრულიად, რომ ქართულმა ფირმამაც შემოიტანოს რაღაც წვლილი და შეიძლება უცხოელებმაც. აკრძალვა ნამდვილად არავისგან არ არის... ჩვენ ღია ვართ მთლიანად ყველას მიმართ." (სტილი დაცულია)

დაბოლოს. ალტერნატიული ფონდის დაფუძნების იდეამ ბუნებრივად წარმოშვა ეჭვი - ხომ არ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება ჯორჯ სოროსის სხვა, ადგილობრივი ბიზნესმენებით ჩანაცვლებას? ეჭვს ის ფაქტიც აძლიერებს, რომ გაურკვეველი ვადით გადაიდო ცნობილი ბიზნესმენის თბილისში სტუმრობა, რომელიც 25 აპრილისთვის იგეგმებოდა. თუმცა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჩინჩალაძე განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობას ჯორჯ სოროსის ვიზიტის გადადებასთან არანაირი კავშირი არ აქვს:

[ნინო ჩინჩალაძის ხმა] "რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ჩამოდის სოროსი, არანაირად ეს მთავრობასთან დაკავშირებული არ არის. არანაირი იმპულსი მთავრობისგან არ ყოფილა, რომ არ ჩამოსულიყო ამ პერიოდში. უბრალოდ, მან თვითონ გადადო ეს ჩამოსვლა."
XS
SM
MD
LG