Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ სწავლობენ ქართველები ინგლისურ ენას?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მართალია, საქართველოში სახელმწიფო ენა ქართულია, მაგრამ, შესაძლოა, უახლოეს ხანში კარგადანაზღაურებადი სამსახურის შოვნის პირობად სხვა ენის

- ინგლისურის ცოდნა იქცეს. ისე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება მათი რაოდენობა, ვინც ინგლისური ენის შესწავლას კარიერის გასაკეთებლად აუცილებელ პირობად მიიჩნევს. რატომ სწავლობენ ქართველები ინგლისურ ენას?

60-იანელი თბილისელების წრეში დღესაც ცოცხლობს ლამაზი ლეგენდა, როგორ ისწავლა ერთმა თბილისელმა ბიჭმა ესპანური ენა მხოლოდ იმიტომ, რომ დედანში წაეკითხა "დონ-კიხოტი". უკვე ჩემი თაობის ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ბავშვობიდან გერმანულ ენას სწავლობდა, სპეციალურად ისწავლა ინგლისური "ბიტლსის" სიმღერების გასაგებად...

დღეს რომანტიზმის დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს ქართველების უმრავლესობა უცხო ენას, ინლისურს, პრაგმატული მიზნით სწავლობს. ამ პრაგმატიზმის საფუძვლის მოძიება გაადვილდება თუნდაც გაზეთებში უცხოური ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების წაკითხვის შემდეგ: დღეს დასასაქმებლად, თუნდაც მძღოლის ადგილის მისაღებად, ინგლისური ენის ცოდნა, უბრალოდ, აუცილებელია.

თბილისში მოქმედი ინგლისური ენის შემსწავლელი ერთ-ერთი ცენტრის ხელმძღვანელის ვახტანგ სიხარულიძის თქმით, დღეს ინგლისურ ენას სწავლობენ ისინი, ვინც უცხოეთში სასწავლებლად ან სამუშაოდ მიდის, ან ისინი, ვინც თბილისში განთავსებულ უცხოური ორგანიზაციების ოფისში მუშაობის დაწყებას გეგმავს. ასაკობრივი ზღვარი სხვადასხვაა: ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ერთად, ინგლისურ ენას შედარებით ასაკოვანი ადამიანებიც სწავლობენ:

[ვახტანგ სიხარულიძის ხმა] "კოლორადოს უნივერსიტეტში მიდიოდა სამუშაოდ ერთი მეცნიერი - თუ არ ვცდები, ფიზიკოსი იყო - და მას სჭირდებოდა თოეფელის ჩაბარება. იქნებოდა 60 წლამდე. წარმატებით ჩააბარა."

უცნობი ფიზიკოსისგან განსხვავებით, გამოცდების ჩაბარება წინა აქვს 13 წლის ირაკლის, რომელიც წელს ამერიკულ კოლეჯში აპირებს მისაღებ გამოცდებზე გასვლას. კითხვაზე, რატომ სწავლობს ინგლისურს, ირაკლი ამბობს:

[ირაკლის ხმა] "უცხოეთში წასასვლელად, კარგი სამსახურის მოსაძებნად...წარმატებისთვის."

უფრო ფილოსოფიურად უყურებს ცხოვრებას 14 წლის თათია, რომელიც ასევე გაძლიერებულად სწავლობს ინგლისურს:

[თათიას ხმა] "მნიშვნელოვანია ყველაფრისთვის. რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო. რაც უფრო მეტი ენა გეცოდინება, მეტ ხალხს გაიცნობ, უცხოელებს, მეტი კავშირები გექნება და ა.შ."

უცხოელებთან კავშირს რაც შეეხება - ამერიკელთა პატრიოტიზმის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ადგილი, სადაც რიგითი ამერიკელები თბილისში ყოფნისას აუცილებლად მიდიან, ეს "მაკდონალდსია". რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც "მაკლონალდსში" ოფიციანტად მუშაობს, ინლისურის ცოდნა აუცილებელი არ ყოფილა:

["მაკდონალდსის" მენეჯერის ხმა] "იცით, სასურველია, მაგრამ აუცილებელი კრიტერიუმი არ არის. რა თქმა უნდა, პლუსია, როგორც ნებისმიერი დამატებითი ცოდნა."

სხვათა შორის, ინგლისური ენის ცოდნა რომ პლუსია, ეს უკვე კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვინც მოწყალების მისაღებად "მაკდონალდსთან" დგას - უცხოელების დანახვისას ისინი დახმარებას უკვე ინგლისურად ითხოვენ.
XS
SM
MD
LG