Accessibility links

ხულოსა და ქობულეთის რაიონებში დანიშნულ ხელახალ არჩევნებს ჩაშლის რეალური საფრთხე ემუქრება


ხულოსა და ქობულეთის რაიონებში დანიშნულ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ჩაშლის რეალური საფრთხე ემუქრება. ამ რაიონებიდან გამოძევებულ იქნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ იქ მივლინებული ჯგუფების წევრები. 14 აპრილს ხულოსა და ქობულეთში ჩასვლა დააპირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა, მაგრამ ის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არ შეუშვეს. ჩოლოქის გამშვები პუნქტიდან იქ მობილიზებულმა პირებმა ჭიაბერაშვილი უკან გამოაბრუნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის შეიარაღებული ნიღბოსნებიც იყვნენ. ურთიერთობა თბილისსა და ბათუმს შორის დაძაბული რჩება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯომარის მიერ ჩოლოქის ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვას იქ მობილიზებული სამოქალაქო პირები შეეწინააღმდეგნენ. ჩოლოქის გამშვებ პუნქტთან მყოფი შეიარაღებული პირები დაპირისპირებას თვალს მშვიდად ადევნებდნენ, დაპირისპირებისას კი სერიოზულად დაშავდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოპერატორი. ჭიაბერაშვილის აჭარაში არშესაშვებად მობილიზებულმა ხალხმა ის სცემა და ვიდეოკამერაც დაუმტვრია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იძულებული გახდა უკან დაეხია და ამით უფრო სერიოზული დაპირისპირება აეცილებინა თავიდან. ის ერთხანს ჩოლოქის ადმინისტრაციული საზღვრიდან 200 მეტრის მოშორებით შეყოვნდა და ხულოსა და ქობულეთის რაიონებიდან უკან გამობრუნებულ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს დაელოდა. ამ უკანასკნელთა მიზანი აჭარაში, ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში, დანიშნული ხელახალი არჩევნების მომზადება იყო. მათ არ დაუთმეს შენობები და წაართვეს საარჩევნო დოკუმენტაცია. ისინი აიძულეს დაეტოვებინათ იქაურობა. მთელი ამ წინააღმდეგობის მოტივი იყო ერთი - აჭარის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ხულოსა და ქობულეთის რაიონებში ხელახალი არჩევნების დანიშვნას უკანონო ნაბიჯად განიხილავენ და აცხადებენ, რომ მოსახლეობის აზრს გამოხატავენ.

[ქობულეთის გამგებლის ტარიელ ხალვაშის ხმა] "პირდაპირ გეტყვით, თუ მე, როგორც ქობულეთელს, მომისმენთ: არ ჩატარდება ქობულეთში არჩევნები და ეს არ არის ჩემი ზრი, ეს მოსახლეობის აზრია. "

ეს იყო ქობულეთის რაიონის გამგებელი ტარიელ ხალვაში. ოპოზიციური გაერთიანება "ჩვენი აჭარის" აქტივისტები სწორედ მის ვაჟს სდებენ ბრალად ქობულეთში 14 აპრილს მომხდარ დარბევაში მონაწილეობას. ქობულეთში ოპოზიციური გაერთიანების მიტინგზე თავდასხმა მოხდა, მიტინგის მონაწილეები კი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარეს 50-მდე პირი დაშავდა. ამავე ინფორმაციით, დაშავებულები არიან თავდამსხმელთა შორისაც.

ერთი სიტყვით, ვითარება აჭარაში საკმაოდ რთულია. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 14 აპრილს მთავრობის სხდომაზე, ჭიაბერაშვილის ჩოლოქიდან გამობრუნებამდე და ქობულეთში მომხდარ შეხლა-შემოხლამდე, აღნიშნა, რომ რთული იქნება კვირას აჭარაში დანიშნული ხელახალი არჩევნების ჩატარება:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ვატყობ, რომ რთული იქნება იქ არჩევნების ჩატარება მშვიდად და სამართლიანად. ეს კი არა, საკითხავია, საერთოდ ჩატარდება თუ არა ეს არჩევნები. და არჩევნების ჩატარება თუ, მართლაც, გართულდა, მართლაც, სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით. "

ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში ხელახალი არჩევნების დანიშვნას უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". მისი წარმომადგენლების აზრით, ამ ოლქების შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა კანონდარღვევებით მოხდა. ამ კანონდარღვევითი მოქმედებების გამო ოთხშაბათს თინა ხიდაშელმა ცენტრალური საარჩევნო კომისია აჭარის ხელმძღვანელობის პროვოცირებაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG