Accessibility links

logo-print

14 აპრილი ქართული ხასიათის ჭრილში


14 აპრილი "ქართული ენის" დღეა. ნიშანდობლივია, რომ, ათწლეულობით დუმილის შემდეგ, საბჭოთა სისტემის მიმართ პირველ საჯარო პროტესტს საფუძვლად დაედო სწორედ ქართული ენის

დაცვის სურვილი და განზრახვა. რაკი კრემლი სახალხო გამოსვლებს ყოველთვის ტყვიებით და ტანკებით ებრძოდა, 1978 წელსაც მშობლიური ენის დასაცავად ქუჩაში გამოსვლა თავისთავად ნიშნავდა სიკვდილთან თამაშს.

მინდა გესაუბროთ 14 აპრილზე, როგორც ქართული ხასიათის ერთ გამოვლინებაზე.

დღევანდელი გადასახედიდან, საბჭოთა რესპუბლიკებისთვის რაგინდ მძიმე პირობები ჩაეწერათ მაშინდელ კონსტიტუციაში, სულ მალე ეს ჩანაწერი, მთელ კონსტიტუციასთან ერთად, მნიშვნელობას დაკარგავდა. თუმცა, ვინ იცის, საბჭოთა კავშირი როდის დაინგრეოდა, მასში მოქცეული სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებს თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთება რომ არ გამოევლინათ.

ამიტომ, ცხადია, 1978 წელს მხოლოდ ქართული ენის სახელმწიფო ენად აღიარების საკითხი არ წყდებოდა. მაშინაც და შემდეგ წლებშიც, 9 აპრილისა და "ვარდების რევოლუციის" ჩათვლით, ქართული საზოგადოება ითხოვდა თავისუფალი განვითარების უფლებას - სახელმწიფოსთვის და თითოეული ადამიანისთვის.

ახალი ინდოეთის უდიდეს მოაზროვნეს, ვივეკანანდას, ამგვარად ჩამოუყალიბებია ეროვნული თვითმყოფადობის იდეა: "ყოველ ერს, ისევე როგორც ყოველ ცალკეულ ადამიანს, სიცოცხლის საფუძვლად უდევს ერთადერთი თემა, ცენტრალური კოდი, ბგერა, რომლის გარშემო ჰარმონიის ყველა დანარჩენი ბგერა იკრიბება... ერი, რომელიც მას უკუაგდებს, კვდება."

ქართული ხასიათის მკვლევარი, ლიტერატორი გურამ ასათიანი ფოლკლორის, მხატვრული ლიტერატურის, ნაწილობრვ - ისტორიის და, ზოგადად, ესთეტიკის კვლევის საფუძველზე ასკვნის, რომ ქართული კოდის ყველაზე მარტივი ფორმულა ასე გამოიყურება: აღმოსავლური+დასავლური=ქართულს. იგი ამბობს, რომ ფორმულა მეტად მომსყიდველია თავისი სიმარტივით, ოღონდ სირთულე ისაა, რომ საკუთრივ ქართულ ხასიათში შერწყმულია სულისა და ხორცის არა ჰარმონიული, არამედ უკიდურესი ერთიანობა, მათი მუდმივი შინაგანი ბრძოლა და ურთიერთწინააღმდეგობა.

სხვათა შორის, საქართველოს უახლესი ისტორია გაცილებით გასაგები გახდება, თუკი ქართული ხასიათის ამ თავისებურებას გავითვალისწინებთ. ჯერ კიდევ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წლებში ბევრი სინანულით აღიარებდა, რომ ბალტიისპირელების რაციონალური ქმედება გაცილებით ეფექტიანი და ნაყოფიერი იყო, ვიდრე ქართველების თავგანწირვა. ბალტიის ქვეყნების მაგალითი დღესაც აქტუალურია. რატომ არის შეუძლებელი, რომ ქართულ სახელმწიფოში შენების პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს? რატომ ამბობს უარს ყოველი მომდევნო პრეზიდენტი თავისი წინამორბედის მემკვიდრეობაზე? რატომ არის ქვეყნის თითოეული ლიდერი დამფუძნებელი მამის როლში? რატომ ვერა და ვერ დადგა ფეხზე ქართული სახელმწიფო?

საფიქრებელია, რომ ამ კითხვებზე პასუხების მძებნელმა ქართული ხასიათის გურამ ასათიანისეული ფორმულაც უნდა გაითვალისწინოს. საქართველოსთვის დამახასიათებელია უსაზღვრო ნდობა და უსაზღვრო უნდობლობა ერთი და იმავე პოლიტიკური ლიდერის მიმართ. ეს განსაცდელი ჯერ ზვიად გამსახურდიამ გადაიტანა, შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ და ახლა კი საფრთხის წინაშე მიხეილ სააკაშვილი დგას. წლების განმავლობაში ასეთსავე უკიდურეს ფორმებს ატარებს, ერთი მხრივ, საზოგადოების ინტერესი პოლიტიკის მიმართ, თანამონაწილეობის განცდა და, მეორე მხრივ, ჩაურევლობა, პასიურობა კორუფციის, უკანონობის, უსამართლობის მიმართ.

საყოველთაოდ არის ცნობილი: როდესაც ქართველთა ერთი ნაწილი აფხაზეთში იბრძოდა, მეორე ნაწილი იოლად მდიდრდებოდა; მოგვიანებით, როდესაც პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი ძველი სისტემის დანგრევის მოთხოვნით ხელისუფლებას ტოვებდა, მეორე ჯგუფი ამავე სისტემის შენარჩუნებისთვის თავს არ ზოგავდა. მოკლედ, წლების განმავლობაში რასაც საზოგადოების ერთი ნაწილი აღმა ხნავდა, მეორე ნაწილი დაღმა ფარცხავდა. ასე რომ, 14 აპრილი, 9 აპრილი, ნოემბრის მოვლენები 1988, 2001 და 2003 წლებში ქართული ხასიათის მხოლოდ ერთი უკიდურესობის - თავისუფლებისთვის თავგანწირვის გამოხატულებაა. მას ქმედითად აბალანსებს მეორე უკიდურესობა - სრული შემგუებლობა მავანის ავტორიტეტთან და, აქედან გამომდინარე, აგრესია სხვაგვარად მოაზროვნეების მიმართ.

იქნებ, სწორედ ამ უკიდურესობების გამო, ქართული სახელმწიფო, მრავალი წელია, ნულოვანი ნიშნულის ირგვლივ ტრიალებს.
XS
SM
MD
LG