Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ტელესერიალის პერსპექტივები


გაზეთ "ახალი ვერსიის" 12 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის დემურ კახურაშვილის ღია წერილი, რომლის ადრესატები კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე და

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი არიან. თუმცა წერილის ავტორი, ფაქტობრივად, მთელ ქართულ და ფრანგულ საზოგადოებას სთხოვს დაინტერესდეს ალექსანდრე დიუმას კავკასიაში მოგზაურობით და გამონახოს თანხები ამ მოგზაურობის ამსახველი მხატვრულ-დოკუმენტური სერიალის გადასაღებად. "ახალ ვერსიაში" გამოქვეყნებული ღია წერილი ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს მოქალაქე კინემატოგრაფისტებს, დიპლომატებს, ბიზნესმენებს ტელესერიალის იდეას სთავაზობს.


ზოგი ჭირი, ეტყობა, მართლაც, მარგებელია... ბოლო დროს ქართველი კინოკრიტიკოსები, ის ჟურნალისტები, რომლებიც პრესაში კულტურულ ცხოვრებას აშუქებენ, ბევრს ქილოკობენ ქართულ ტელეარხებზე მომძლავრებულ ახალ ტელესერიალებზე, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ქართული ტელესერიალებით ლათინურამერიკული "საპნის ოპერების" ჩანაცვლება ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ვერავინ აკრძალავს. გარდა ამისა, "ქართული ტელესერიალი" უმუშევარი რეჟისორებისა და მსახიობების (მათ შორის, ნიჭიერი მსახიობების) დასაქმების საშუალებაა. ამიტომაცაა, ალბათ, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, არ დარჩა არტისტი, ტელესერიალში რომ არ ეცადა თავისი ბედი... მსახიობები თავადაც ქილოკობენ ამ როლებზე... თუმცა პრესაში დაბეჭდილ პუბლიკაციებში არც ერთ მსახიობს არ უთქვამს, რომ ასეთი როლები მნიშვნელოვნად არყევს მის ავტორიტეტს

ზოგი ჭირი, ეტყობა, მართლაც, მარგებელია...ახალმა ქართულმა ტელესერიალებმა არა მარტო პროტესტის გრძნობა გაუღვიძა ეროვნული კულტურის ბედით შეშფოთებულ საზოგადოებას, არამედ იმაზეც დააფიქრა, თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემა. "ახალ ვერსიაში" გამოქვეყნებული წერილის ავტორი იხსენებს ალექსანდრე დიუმას მოგზაურობას კავკასიაში და აღნიშნავს, რომ "ხელოვნების ასეთი ნაწარმოები, ერთდროულად, კულტურის ობიექტიცაა და კომერციაც, ფრანგულ მხარეს შეუძლია კარგი პარტნიორიც იპოვოს, მაგრამ მე "ტელეიმედს" ვურჩევდი, რომელსაც თანამედროვე ტექნიკური ბაზაც აქვს და ფინანსებიც."

სხვათა შორის, ის ქართული ტელესერიალები, რომელთაც კინოკრიტიკოსები "ტელეკიტჩს" უწოდებენ, სწორედ ტელეკომპანია "იმედის" არხზე გადის. როცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას აქვს თანამედროვე ტექნიკური ბაზაც და ფინანსებიც, მაგრამ ფანტაზია არ ჰყოფნის, მან საზოგადოების წარმომადგენლებს უნდა მოუსმინოს. ფანტაზიას და იდეებს კი ქართული საზოგადოება, როგორც ჩანს, არ უჩივის.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG