Accessibility links

logo-print

რაზე შეთანხმდნენ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებზე თბილისში?


13 აპრილს რუსეთის საგანგებო დავალებათა სამი ელჩის თბილისში ვიზიტის მთავარ მიზნად საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების პრობლემის განხილვა დასახელდა.

მხარეები მოლაპარაკების მსვლელობისას თავს იკავებდნენ კონკრეტიკისაგან. მაგრამ საგანგებო დავალებათა ერთ-ერთი ელჩის სოხუმში მივლინების შემდეგ ცხადი გახდა, რომ მოსკოვის დელეგაციის მთავარი მიზანი, სამხედრო ბაზების ნაცვლად, აფხაზეთის საკითხებზე მოლაპარაკებათა განახლების ხელშეწყობაა.

საქართველო-რუსეთს შორის ჩარჩო ხელშეკრულების, სამხედრო ბაზებისა და აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებზე მოლაპარაკება 2003 წლის ნოემბრის შემდეგ არ გამართულა. შესაბამისად, 15 აპრილს მხარეები კმაყოფილებით აღნიშნავდნენ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ორმხრივი დიალოგი კვლავ განახლდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თემურ მიქელაძემ ასე განმარტა მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებები.

[თემურ მიქელაძის ხმა] "მოილაპარაკეს შემდგომ შეხვედრებზე. ძირითადი არსი ამაში იყო, რომ აღდგა ეს მოლაპარაკებები და მოილაპარაკეს იმაზე, რომ გაგრძელდება ეს სამივე მიმართულებით." (სტილი დაცულია)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრების შემდეგ 15 აპრილს რუსეთის საგანგებო დავალებათა ორი ელჩი, მიხეილ ბოჩაკოვი და ლევ მირონოვი, მოსკოვში გაბრუნდნენ. მათ ჩარჩო ხელშეკრულებისა და სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებათა განახლების საკითხის გარკვევა ევალებოდათ. მესამე ელჩი, მიხეილ მაიოროვი კი, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელ ჰეიდი ტალიავინთან ერთად, სოხუმს ეწვია. სწორედ ეს მიმართულება აღმოჩნდა ყველაზე შედეგიანი თბილისში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებზე. საგანგებო დავალებათა ელჩმა ლევ მირონოვმა თბილისიდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, აი, ასე ახსნა მაიოროვის სოხუმში ვიზიტის მთავარი ამოცანა:

[ლევ მირონოვის ხმა] "განხილული იქნება პრეზიდენტთა სოჭის შეთანხმებები. ერთ-ერთი მათგანია ლტოლვილთა დაბრუნება გალის რაიონში. ასევე სამხედრო მოლაპარაკებებთან და სხვა ასპექტებთან დაკავშირებული საკითხები."

როგორც ამ დიპლომატიური პასუხიდანაც ჩანს, ლაპარაკია ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმირ პუტინის მიერ 2003 წელს სოჭში მიღწეული შეთანხმების რეალიზების შესახებ.

და რადგან მაიოროვი ქართულ მხარესთან დიალოგის შემდეგ სოხუმში დევნილთა დაბრუნებისა და რკინიგზის აღდგენის საკითხებზე სასაუბროდ გაემგზავრა, ცხადია, რომ აფხაზეთის საკითხში საქართველოს ხელისუფლების მთავარ სტრატეგიად კვლავ შევარდნაძისეული გეგმა რჩება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "იქ ლაპარაკია თვითონ იმ დოკუმენტის სამუშაო ჯგუფებზე, რომლებმაც კოლეგებთან ერთად უნდა შეიმუშაონ რკინიგზის აღდგენისა და, პარალელურად, ბატონმა პუტინმა იხმარა თავის დროზე ორჯერ ეს გამოთქმა, "სინქრონულად" - ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების სქემა."

შევარდნაძის ამ იდეას თავის დროზე უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, თუმცა ახლა ძველი მოწინააღმდეგენი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ გეგმის რეალიზებას ცდილობენ შევარდნაძის მიერ ნახსენები სამუშაო ჯგუფების რეალურად შექმნის მეშვეობით. სწორედ ამ სამუშაო ჯგუფებში აფხაზური მხარის ჩასართავად გაემგზავრა სოხუმში რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი მიხეილ მაიოროვი. ნავარაუდევია, რომ სოჭის შეთანხმებებზე ქართულ-რუსული და აფხაზური მხარეების შეხვედრა მოსკოვში 27 აპრილს გაიმართება.
XS
SM
MD
LG