Accessibility links

logo-print

საქართველო „ეგმონტის ჯგუფის" წევრობის კანდიდატი გახდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის, "ეგმონტის ჯგუფის",

წევრობის ოფიციალური კანდიდატი გახდა. ამ ორგანიზაციის წევრობა, გარდა იმისა, რომ საერთო საინფორმაციო ქსელში ჩართვას ითვალისწინებს, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. რას მოუტანს საქართველოს "ეგმონტის ჯგუფის" წევრობა?

მიმდინარე წლის დასაწყისში "არალეგალური შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში" საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებისა და ევროსაბჭოსა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ფულის გათეთრების წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა, რამაც ახლად შექმნილი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ავტორიტეტულ ორგანიზაციებში გაერთიანების პროცესი დააჩქარა.

საკანონმდებლო ბაზის დახვეწამ, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარდა, ქვეყანას თავიდან ააცილა ე.წ. შავ სიაში მოხვედრის პერსპექტივა. არადა, ეს საშიშროება სავსებით რეალური გახლდათ, რადგან ქვეყანას, რომელიც არ არის მიერთებული ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონვენციებს, დიდი შანსი აქვს მსოფლიო ფინანსური სისტემიდან გარიყული აღმოჩნდეს და ინვესტორებისათვის არაკეთილსაიმედო ქვეყნად იქნეს მიჩნეული.

ამ დღეებში კი ცნობილი გახდა, რომ საქართველო ავტორიტეტული "ეგმონტის ჯგუფის" წევრობის ოფიციალურ კანდიდატად აღიარეს. ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის საჭირო მეორე ეტაპი წარმატებით გაიარა, რამაც საშუალება მისცა "ეგმონტის ჯგუფის" იურიდიულ დეპარტამენტს საქართველო ჯგუფის წევრობის კანდიდატად დაესახელებინა. საერთოდ, ამ ორგანიზაციაში შესვლა 2005 წლისთვის იყო ნავარაუდევი, თუმცა მოვლენები საქართველოში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ბაზის ფორმირებამ დააჩქარა.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ გეგუჩაძე "ეგმონტის ჯგუფის " წევრობის პერსპექტივის მნიშვნელობას შემდეგნაირად აფასებს:

[ნიკოლოზ გეგუჩაძის ხმა] "ეგმონტის ჯგუფში" საქართველოს გაწევრიანება კიდევ ერთი აღიარება იქნება იმისა, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მსოფლიო სტანდარტებად არის ცნობილი. ანუ 84 ქვეყანა სურვილს გამოთქვამს, რომ საქართველო მიუერთდეს იმ საინფორმაციო ბაზას და მოხდეს ინფორმაციების გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს მუშა პროცესის წარმართვას."

"ეგმონტის ჯგუფი" 1995 წელს შეიქმნა და სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური მონიტორინგის სამსახურებს აერთიანებს. ჯგუფის შექმნის მიზანს ტერორიზმის, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ გზით მიღებული ფულის "გათეთრების" საწინააღმდეგო პროგრამების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა წარმოადგენს, რაც წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლას და შესაბამისი ორგანიზაციების პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების სრულყოფას გულისხმობს.

საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი კი მიმდინარე წლის 23 ივნისს გაირკვევა ჯგუფის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG