Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში?


სასამართლო გარჩევები, არაკონკურენტუნარიანი გარემო, ცალკეული კომპანიების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება, ხელფასების სისტემატური დაგვიანება

- ეს არის იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ავიაციას წლების განმავლობაში აწუხებდა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ყოფილი ხელისუფლების ხელში, ანუ მანამ, სანამ დარგის ხელმძღვანელის საქმიანობით გენერალური პროკურატურის გამომძიებლები არ დაინტერესდნენ. რა ხდება ამჟამად სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში?

მას შემდეგ, რაც პროკურატურის გამომძიებლებმა ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე უკანონო გადასახადების დაწესების ბრალდებით დააპატიმრეს, ქართული ავიაცია ხელმძღვანელის გარეშე დარჩა. თუმცა ვაკანსია 15 აპრილს შეივსო. მიხეილ სააკაშვილის ნომერ 289-ე ბრძანებულებით, სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ გიორგი მჟავანაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი შრომით კოლექტივს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა წარუდგინა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] "მე მინდა გაგაცნოთ - ალბათ, ყველა თქვენგანი იცნობთ - ბატონი გოგი მჟავანაძე, რომელიც დანიშნულია დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ეს არის პროფესიონალი, რაც მთავარია, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც ენდობა პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი და სწორედ ამ ნიშნით, მისი პროფესიონალიზმის, პატიოსნების ნიშნით იქნა შერჩეული ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე."

თუმცა ადმინისტრაციის თანამშრომლები დარწმუნებულნი არიან, რომ პატიოსნება და პროფესიონალიზმი არც ყოფილ ხელმძღვანელს აკლდა. ზურაბ ჭანკოტაძის დაპატიმრებას ისინი გაუგებრობას უწოდებენ:

[მიხეილ ნადარეიშვილის ხმა] "იმ ბრალდებამ, რომელიც ბატონ ზურაბს წაუყენეს, რომ, თითქოსდა, მან არასწორად გამოსცა №1 ბრძანება, ანუ რეგულირების საფასურის წესი და ოდენობა რომ დაადგინა, აი, ამას ედავებიან, რომ ეს იყო უფლებამოსილების გადამეტება. რაშიც მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაციის შედეგი და სულ მალე ჩვენ ვიზეიმებთ ობიექტურობას." (სტილი დაცულია)

რაც შეეხება სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დღევანდელ მდგომარეობას. საკანონმდებლო დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ნადარეიშვილი მას ასე აღწერს:

[მიხეილ ნადარეიშვილის ხმა] "დღეს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას არ აქვს ელემენტარული ფუნქციონირების ფინანსური საშუალება; წარმოქმნილია უზარმაზარი - 8 თვის დავალიანება და თუკი დღეს ხორციელდება ან აქამდე ხორციელდებოდა რაღაც გარკვეული ადმინისტრაციული მოქმედებები ჩვენს მიერ, ის, რაც კანონმა დააკისრა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას, კეთდებოდა სამართლებრივი ზღვრის მიჯნაზე." (სტილი დაცულია)


ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, ფინანსური გაჯანსაღების გარდა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული "ღია ცის პრინციპის" ცხოვრებაში გატარებაც მოუწევს. ჩემთან საუბარში სამოქალაქო ავიაციის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მევლუდ მუჯირი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სულ მალე საქართველოში, სხვა უცხოურ ავიაკომპანიებთან ერთად, "ბრიტიშ ეირვეიზის" ხომალდებიც იფრენენ.

[მევლუდ მუჯირის ხმა] "ალბათ, ბაზარი გადანაწილდება და არ იქნება იმის საშუალება, რომ ერთ კომპანიას ჰქონდეს მონოპოლიური მდგომარეობა."

მაგრამ საკითხავია, გაუმკლავდება კი დარგში დაგროვილ პრობლემებს სამოქალაქო ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი? საქმე ის არის, რომ გიორგი მჟავანაძე პროფესიით ინჟინერ-ენერგეტიკოსი გახლავთ. ექვსი წლის განმავლობაში იგი დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა, ხოლო ბოლო დანიშვნამდე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტი ეკავა. მჟავანაძის კომპეტენციაში ეჭვი მფრინავთა პროფკავშირების ხელმძღვანელს ალბერტ ნურბეკიანსაც ეპარება:

[ალბერტ ნურბეკიანის ხმა] "მაპატიეთ ამ უხეშობისთვის, მაგრამ ჩვენ, ავიატორები, რა, სულელები ვართ? ნუთუ ჩვენ შორის, სადაც ყოველი მეორე უმაღლესი საავიაციო განათლებით არის, არ მოიძებნა ადამიანი, რომელსაც თანამდებობაზე დანიშნავდნენ?"

მფრინავთა ერთი ნაწილის ეს შეშფოთება მე თავად სამოქალაქო ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს გიორგი მჟავანაძეს გავუზიარე.

[გიორგი მჟავანაძის ხმა] "ავიაციის სპეციალისტობა, მე მგონი, გადამწყვეტი არ არის, ავიაციის სპეციალისტი უნდა იყოს გარკვეულ სფეროში, მაგრამ ეს არის მაინც, ასე ვთქვათ, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანო და იმდენი ავიაციაში კი ვიცი, რაც პოლიტიკის გატარებისთვის არის საჭირო."

სამოქალაქო ავიაციის ახალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დარგში არსებული ვითარების შესასწავლად მას, სულ ცოტა, ერთი კვირა მაინც დასჭირდება, თუმცა უკვე ცნობილია იმ საკითხთა ნუსხა, რომლითაც გიორგი მჟავანაძჟ პირველ რიგში დაინტერესდება. კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემას ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი ჩქარობს, ასე ჟღერს: რატომ დატოვეს საქართველო "ბრიტიშ ეირვეიზის" თვითმფრინავებმა?
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG