Accessibility links

logo-print

ახალი პარლამენტის შეკრება გვიანდება


დავით პაიჭაძე, თბილისი 18 აპრილს ქობულეთისა და ხულოს რაიონებში ხელახალი კენჭისყრის ჩატარება ისევ საეჭვოა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია

არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-18 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს პარლამენტის არჩევნების შედეგს და შეაქვს ოქმში. ეს მე-18 დღე სწორედ 15 აპრილი იყო. ბოლოს და ბოლოს, როდის შეიკრიბება საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტი?

პარლამენტის შეკრება დამოკიდებულია იმაზე, როდის შეაჯამებს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. თავის მხრივ, ეს მოქმედება გარკვეულწილად დამოკიდებულია აჭარის ორ რაიონში ხელახალი კენჭისყრის ჩატარებაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ამ ორი ოლქის შედეგთა გარეშე არჩევნების შეჯამებას აზრი არა აქვს. ჭიაბერაშვილი იმედს იტოვებს, რომ ხულოსა და ქობულეთში არჩევნები ჩატარდება. ის არ ფიქრობს, რომ ამ რაიონებში არჩევნები განწირულია ჩასაშლელად.

თუ რა ალბათობა არსებობს ქობულეთისა და ხულოს რაიონებში არჩევნების ჩასატარებლად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გივი ორდენიძის კომენტარით. ორდენიძე მიიჩნევს, რომ არჩევნები ჩაშლის პირასაა და ჩამოთვლის ნაბიჯებს, ხსენებულ ორ რაიონში არჩევნების მოსამზადებლად რომ ჯერ კიდევ არ გადაუდგამთ:

[ორდენიძის ხმა] "უფრო, ალბათ, არ ჩატარდება, თუ საშუალება არ მისცეს სპეციალურ ჯგუფს, იმუშაოს ადგილებზე. ამ ორ ოლქში არჩევნების მომზადებას, სულ ცოტა, ერთი კვირა სჭირდება. ლაპარაკია უბნების გახსნაზე, შენობა-ნაგებობების გამოყოფაზე, კომისიის წევრების დაკომპლექტებაზე, მათ აღჭურვაზე შესაბამისი საარჩევნო მასალებითა და დოკუმენტაციით, ბიულეტენების განაწილებაზე და ა.შ. უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი."

ხულოსა და ქობულეთის არჩევნების შედეგს არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს, საერთოდ, საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. თუ ეს არჩევნები შედგება, გივი ორდენიძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ოთხ დღეში შეძლებს შეაჯამოს მათი შედეგები და გაითვალისწინოს ისინი საერთო შედეგების დადგენისას. ეს ნიშნავს, რომ 22 მარტამდე არჩევნების საბოლოო შედეგი ცნობილი არ იქნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი ლელა დევრისაშვილი ამბობს, რომ თუ ქობულეთსა და ხულოში არჩევნები არ ჩატარდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია მეორე დღესვე, 19 აპრილს, გამოაცხადოს არჩევნების შედეგები ამ ორი რაიონის შედეგთა გაუთვალისწინებლად. რაც უნდა იყოს, ახალი პარლამენტის მოწვევის კონსტიტუციური ვადა უკვე დარღვეულია. ამდენად, ძნელია კონკრეტული დღის მონიშვნა, როცა შეიძლება შეიკრიბოს ახალი პარლამენტი.

[დევრისაშვილის ხმა] "რადგან დარღვეულია, სხვა ვადა მანდ აღარ არსებობს. როცა შეაჯამებენ, მაშინ დაინიშნება. აპრილში, წესით, უნდა მოესწროს."
XS
SM
MD
LG