Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 535-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" 535-ე გამოშვებას. დღეს გიამბობთ იმაზე, თუ როგორ უყურებს საქართველოს უშიშროების მინისტრი მედიისა და კანონის ურთიერთმიმართების საკითხებს; მოგითხრობთ ჩინეთის ქალაქ ხანჯოუში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მომავალ რეფორმას მიეძღვნა; ვეცდებით დავადგინოთ, როგორ ფოტოსურათებს იღებენ დღეს საქართველოში; დღეს ჩვენი სტუმარია მილანის "ლა სკალის" სოლისტი, ქართველი მომღერალი ნინო სურგულაძე. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

მედია და კანონი საქართველოს უშიშროების მინისტრის თვალთახედვით

დავით კაკაბაძე:
ქართულ ენაზე თითქოს საკმარისად არის გამოცემული ლიტერატურა ჟურნალისტის უფლებათა შესახებ, მაგრამ ჟურნალისტური საქმიანობის დაწვრილებით განხილვა მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით დღემდე არავის უცდია. დღეიდან კი ასეთი ნაშრომი უკვე არსებობს და მისი ავტორი, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს უშიშროების მინისტრია. საინტერესო წარმოსადგენია, რას დაწერდნენ საქართველოს უშიშროების უწინდელი მინისტრები მედიისა და კანონის ურთიერთმიმართების საკითხებზე. ზურაბ ადეიშვილის ნაშრომს კი, რომელიც საზოგადოებას 15 აპრილს წარუდგინეს, მხოლოდ დადებითი გამოხამურება ახლდა. ყოველ შემთხვევაში, დავით პაიჭაძის მიერ მომზადებული მასალა.

დავით პაიჭაძე:
საქართველოს უშიშროების მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, ამბობენ, რომ იუმორის გრძნობა არ აკლია. თუ გავიხსენებთ ამ თანამდებობის მპყრობელ პირებს როგორც საბჭოთა, ისე პოსტსაბჭოთა საქართველოში, აგრეთვე უშიშროების უწყებასთან დაკავშირებულ ასოციაციებს, უშიშროების მინისტრის ხუმრობა, შესაძლოა ირონიად ან შავ იუმორად ეჩევნოს ვინმეს. ალბათ, ამიტომაც, ზურაბ ადეიშვილი ცდილობდა, სერიოზულად ელაპარაკა საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე. არა მგონია, რომ უშიშორების მინისტრის რჩევები უნდა გაითვალისწინოს მედიამ, უფრო პირიქით, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ თქვენი რჩევები - განაცხადა მინისტრმა.

[ადეიშვილის ხმა] "თქვენ, ალბათ, ძალიან კარგად იცით, რომ ეს წიგნი არ არის დაწერილი უშიშროების სამინისტროს პოზიციებიდან. ბშირია, როცა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის ავტორს უწევს იმ სამსახურში მუშაობა, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცული ინფორმაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩვენს სამინისტროს და არც სხვა სამინისტროებს არ მოუხდებათ ციტატების მოსმენა ამ წიგნიდან და ხელისუფლება იზრუნებს სიტყვის თავისუფლებისათვის იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძველი. მე იმედი მაქვს, ეს წიგნის გარკვეულ დახმარებას გაუწევს ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს".

ზურაბ ადეიშვილის წიგნი "მედია და კანონი" ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი ავტორის ტექსტია, რომელშიც ნახავთ მსჯელობას საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიებზე, ინფორმაციის თავისუფლებაზე (ზურაბ ადეიშვილი არის ავტორი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი მესამე თავისა, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების აქტი ეწოდება), გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე. ცალკე თავი ეთმობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კანონსაწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებისათვის. წიგნი გამოადგება იმას, ვისაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დაფუძნება და საქმიანობის შეწყვეტა აინტერესებს. ზურაბ ადეიშვილი ნაშრომში განიხილავს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, აგრეთვე მასმედიაში რეკლამის განთავსების საკითხებსა და ჟურნალისტის სტატუსს. წიგნის მეორე ნაწილი წარმოადგენს იმ კანონებისა და კანონპროექტების ერთობლიობას, რომელთაც შეხება აქვთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან. თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონპროექტები ახალ პარლამენტს წარედგინება განსახილველად, უინტერესო არ უნდა იყოს მათი ახლოს გაცნობა: ესენია კანონპროექტი სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ და კანონპროექტი მაუწყებლობის შესახებ.

წიგნის შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვე მის ერთ-ერთ რედაქტორს, პუბლიცისტსა და ახლადარჩეული პარლამენტის წევრს, დავით ზურაბიშვილს:

[ზურაბიშვილის ხმა] "ძალიან კარგი წიგნია. კითხვა-პასუხით არის შედგენილი, ერთგვარი კატეხიზმოა, შეიძლება ითქვას. პრაქტიკულად ყველა აქტუალური კითხვა, რაც მედიასთან მიმართებით წარმოიშვება, მედიასა და სახელმწიფოს, ჟურნალისტისა და ხელისუფლების ურთიერთობას შეეხება პასუხგაცემულია ჩვენს მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით. ასე რომ, კარგი პრაქტიკული სახელმძღვანელოა როგორც ჟურნლისტისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ეს საკითხები აინტერესებს".

დავით ზურაბიშვილს კიდევ ერთი კომენტარი ვთხოვე - ამჯერად არა წიგნის, არამედ ავტორის შესახებ:

[ზურაბიშვილის ხმა] "მე მგონი, პირველად გვყავს ისეთი მინისტრი, წიგნის წერა რომ შეუძლია. იშვიათად გვყავდა ასეთები, მით უმეტეს ამ სფეროში. ამ სფეროში მიღებული იყო, რომ უშიშროპების მინისტრი უნდა იყოს ლამის НКВД-ს მუშაკის ტიპი, რომელიც არ ჩანს და რაღაც ბნელ საქმეებს აკეთებს. ამჯერად არის ადამიანი, რომელსაც არავითარი კავშირი საბჭოთა სპეცსამსახურებთან არ ჰქონია, არის კარგი იურისტი, პროფესიონალი და ეს, მე მგონი, ძალიან კარგი პრეცედენტია".

დასასრულს დავძენთ, რომ "მედია და კანონი" ზურაბ ადეიშვილს უშიშროების მინისტრად მუშაობის დროს არ დაუწერია. წიგნზე მუშაობისას ის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი გახლდათ.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

გაეროს რეფორმირებასთან დაკავშირებული სიმპოზიუმი

დავით კაკაბაძე:
აპრილის დამდეგს, გაეროს გენერალური მდივნის დავალებით, ჩინეთის ქალაქ ხანჯოუში ჩატარდა სახელმწიფო მოღვაწეებისა და ექსპერტების შეხვედრა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მომავალ რეფორმას მიეძღვნა. სიმპოზიუმის მონაწილეთა შორის საქართველოს წარმომადგენელიც გახლდათ: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. თბილისში დაბრუნებისთანავე მან ჩინეთში გამართულ სიმპოზიუმზე უამბო ჩვენს კოლეგას გიორგი კაკაბაძეს.

გიორგი კაკაბაძე:
ხანჯოუს სიმპოზიუმს უნდა დაედგინა, თუ რა სახის საფრთხეები და გამოწვევები ემუქრება 21-ე საუკუნეში კაცობრიობას და როგორ უნდა მიესადაგოს ამას გაეროს საორგანიზაცო სტრუქტურა, პროცედურები და გაეროს საქმიანობა, მთლიანობაში. ამის გასარკვევად და შესაბამისი დასკვნების გამოსატანად ჩინეთში მიიწვიეს აზიის ქვეყნების მაღალი დონის ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის, სამხრეთ კორეის, იორდანიის, ნეპალისა და ორიოდე სხვა სახელმწიფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ინდონეზიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, საფრანგეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, გაეროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ინტერამერიკული განვითარების ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ცნობილი ექსპერტები და სხვები.

შეხვედრა იმართებოდა გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მანდატით. თავმჯდომარედ დაინიშნა ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანანდ პუნიარაჩარუნი.

როგორც ალექსანდრე რონდელი აღნიშნავს, სიმპოზიუმი მეტად გულახდილ ვითარებაში მიმდინარეობდა:

[რონდელის ხმა] "ყველაფრის თქმა შეიძლებოდა, გაეროს გაკრიტიკებაც შეიძლებოდა. თავად გაეროს მაღალი რანგის ყოფილი თანამშრომლები აკრიტიკებდნენ ამ ორგანიზაციას, მაგრამ მთავარი კრიტიკა კი არ იყო, არამედ საფრთხეებისა და გამოწვევების დასახელება და იმ ცვლილებების ჩამოყალიბება, რომლებსაც გაერო უნდა დაექვემდებაროს."

საინტერესოა, რომ დღევანდელ ეტაპზე თავად გაერო აღიარებს თავის წარუმატებლობას ორი მიმართულებით გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ესაა კონფლიქტების თავიდან აცილება, მათი დარეგულირება და სიღარიბესთან ბრძოლა. ჩინეთში დებატები სწორედ ამ ორი მიმართულების გარშემო გაიმართა. თუმცა, მონაწილეთა საყოველთაო აზრით, გაეროს ჩანაცვლება რაიმე სხვა მექანიზმით სრულიად მიუღებელია.

ამასთან ერთად გამოთქმული იყო მოსაზრებები ზოგიერთი სხვა საკითხის შესახებ. მაგალითად, ითქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებისთვის საკმარისი უნდა იყოს არა ერთი ხმა, არამედ, ვთქვათ, სამი ხმა. საუბარი შეეხო აგრეთვე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა რიცხვის გაზრდას:

[რონდელის ხმა] "დღეს ხუთი მუდმივი წევრია და მათი რიცხვი უნდა გაიზარდოს განვითარებადი ქვეყნების ხარჯზეც. აგრეთვე უნდა გაიზარდოს არამუდმივი წევრების რიცხვი. გარდა ამისა, ტერორიზმის საწინააღმდეგო საგანგებო სტრუქტურა უნდა შეიქმნას გაეროს შიგნით და უკვე იქმნება კიდეც."

აგრეთვე ნავარაუდევია გაეროს ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელიც ე.წ. არშემდგარ სახელმწიფოებს დაეხმარება ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში:

[რონდელის ხმა] "იმიტომ რომ ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხედ ჩაითვალა საფრთხე, რომელიც არშემდგარი სახელმწიფოებიდან მოდის. ისინი თვითონ ხდებიან ტერორიზმის მსხვერპლი და ტერორიზმისა და არასტაბილურობის ბუდეებადაც იქცევიან."

საყურადღებოა, რომ ჩინეთში არ მიუწვევიათ აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, ეს განაპირობა აზიურ ქვეყნებში ფესვგამდგარმა სტერეოტიპმა, რომ ორივე სახელმწიფო მსოფლიო ჰეგემონიისკენ ისწრაფვის.

ჩინეთის სიმპოზიუმმა, ფაქტობრივად, გაეროს რეფორმას ჩაუყარა საფუძველი. შეხვედრის პროცესში მომზადდა გაეროსთვის განკუთვნილი რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომ დღეებში დაიხვეწება და უშუალოდ გაეროს გენერალურ მდივანს წარედგინება.

საუბრის დასასრულს ალექსანდრე რონდელი შეეხო გაეროსა და, ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციების როლს, რომელსაც ისინი პატარა სახელმწიფოების არსებობაში ასრულებენ. ექსპერტის თქმით, ამ ორგანიზაციების ეფექტიანობა პატარა სახელმწიფოთა არსებობის გარანტიაა და, ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია, თუ როგორ წარიმართება ამ ორგანიზაციების რეფორმირება დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით.

[რონდელის ხმა] "თუ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები მართლაც ეფექტურები იქნებიან, მაშინ, როგორც ამბობენ, ჩვენს ბედს ძაღლი ვერ დაყეფს და ეს იმიტომ, რომ სწორედ ეს ორგანიზაციები არიან ჩვენი მთავარი მეურვეები. სხვა შემთხვევაში კი ჩვენ ვართ ერთი ან მეორე ძლიერი ქვეყნის იმედით, მაგრამ ეს არ არის ყველაზე სანდო იმედი."

დავით კაკაბაძე:
აპრილის დამდეგს, ჩინეთის ქალაქ ხანჯოუში ჩატარებულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც გაეროს მომავალ რეფორმას მიეძღვნა, გვიამბობდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი. მას ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი კაკაბაძე ესაუბრებოდა.

[მუსიკა]

როგორ ფოტოსურათებს იღებენ საქართველოში?

დავით კაკაბაძე:
ბოლო წლებში თბილისის სხვადასხვა უბანში მომრავლებული ფოტოს გასამჟღავნებელი პუნქტების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ სურათის გადაღება საქართველოს მოქალაქეთა საყვარელ საქმიანობად იქცა. ასეთი დასკვნის მართებულობას თითქოს კიდევ უფრო აძლიერებს ფოტოსაქმესთან დაკავშირებული ტექნიკისა თუ აქსესუარების ფართო არჩევანიც. ამიტომ, წესით უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ ჩვენი თბილისელი თანამშრომლის, თამარ ჩიქოვანის სურვილი, დაედგინა, როგორ სურათებს იღებენ დღეს საქართველოში.

თამარ ჩიქოვანი:
ჩიხტიკოპში და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ადამიანები, დათვის ტყავზე წამოგორებული დედიშობილა ჩვილი, თმებზე ბრიოლონწასმული მამაკაცი, თითებშუა მოქცეული სიგარეტით - ეჭვი მაქვს, ასეთი ფოტოები ბევრის საოჯახო ალბომში ინახება. ჩვენი ბაბუების და მამების თაობა სურათებს სიამოვნებით იღებდა. უფრო ხშირად - ფოტოატელიეებში. მართალია, ასეთ სურათებზე ადამიანები ოდნავ ხელოვნურად გამოიყურებიან, მაგრამ თითქოს ფოტოებზე ასახულია არა მხოლოდ ადამიანი, არამედ დროც.

ერთ საუკუნეზე მეტია, რაც თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ჟვანიას ფოტოატელიე არსებობს. ერთ დროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ატელიეში დღეს ლეგენდარული ევტიხი ჟვანიას შვილიშვილი ზურაბ ჟვანია მუშაობს. ის, რომ ევტიხი ჟვანია, მართლაც, ლეგენდარული პიროვნებაა საქართველოს ფოტოხელოვნებაში, ამას ფოტოატელიეში გამოფენილი ფოტოები მოწმობს:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "აი, სურათებია: ვაჟა ფშაველა, რომელიც ბაბუაჩემმა სიკვდილამდე 20 წუთით ადრე გადაიღო. ეს ხომ ისტორიაა... გალაკტიონი, კალისტრატე ცინცაძე, ილია ჭავჭავაძე, გამსახურდია... გამსახურდია, რომელსაც არასდროს არ გადაუღია კაბინეტური სურათი - ისიც თხოვნით. ბაბუამ მამა გაუშვა, უნდა მოხვიდეო და მოვიდა... პრესტიჟულიც იყო გადაღება ჟვანიას ფოტოატელიეში."

დღეს ჟვანიას ფოტოატელიეს პრესტიჟულობის არაფერი ემჩნევა - თბილისის მიწისძვრამ თავისი კვალი დაატყო ამ პატარა შენობას. რაც მთავარია, ზურაბ ჟვანიას თქმით, დღეს ფოტოატელიეში სურათის გადასაღებად თითქმის არავინ დადის:
[ზურაბ ჟვანიას ხმა] " უფრო საინტერესო იყო კაბინეტური სურათები. ახლა აღარ აინტერესებს ხალხს. თანხაც არა აქვთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. შეიძლება დადგეს პერიოდი, რომ ისევ ძველი ფოტოებით დაინტერესდნენ და გადაიღონ. ჯერჯერობით ძალიან იშვიათად მოდიან."

თამუნა მელიქიშვილი მხატვარია. მან რამდენიმე წლის წინ სოროსის ფონდის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში პირველი პრიზი აიღო. მისი აზრით, ის, რომ დღეს ადამიანებს აღარ იტაცებთ კაბინეტური პორტრეტების გადაღება, ადვილი ასახსნელია: დრო ისეთი სწრაფი და დინამიკურია, რომ სალონური ფოტოს ესთეტიკა დღეს აქტუალურად აღარ აღიქმება:

[თამუნა მელიქიშვილის ხმა] "უბრალოდ, სალონური ფოტო გადავიდა უკანა პლანზე - ანუ სალონში სპეციალურად მისული ადამიანისთვის სპეციალურად გადაღებული ფოტო. მაგრამ უეცრად დაჭერილი კადრი - ქუჩაში იქნება, ბუნებაში, გემზე თუ მანქანაში - ეს ხომ მაინც პორტრეტია. რა მნიშვნელობა აქვს, რა ანტურაჟშია გადაღებული. ამ ტიპის პორტრეტი ცოტა წინ წამოვიდა, როცა ობიექტმა არ იცის, რომ უღებენ ან თამაშობს, რომ არ იცის და არ იღებს პოზას, რაც დამახასიათებელი არ არის თუნდაც ისეთი ფოტოებისთვის, სააკოვი რომ იღებდა."

წელს ფოტოალბომისთვის "საქართველო" ბადრი ვადაჭკორიამ სახელმწიფო პრემია დაიმსახურა. სხვათა შორის, ამ ფოტოალბომში არც ერთი პორტრეტი არ არის შესული, თუმცა, ბადრი ვადაჭკორიას განმარტებით, ის სიამოვნებით აკეთებს ფოტოპორტრეტებს:

[ბადრი ვადაჭკორიას ხმა] "არც ერთი, რა თქმა უნდა, პოზა არ არის. ეს არის ერთადერთი და განუმეორებელი მომენტი, რომელიც უნდა დაინახოს და დაიჭიროს ადამიანმა - სადაც ჩანს ადამიანის ხასიათი ყველაზე მეტად. აი, 2 დღის წინ გადავიღე - მან არ იცოდა - გოგი თოფაძე. ისეთი საოცარი სახეა...მაგრამ მე ვიცოდი, რას ვიღებდი."

მაშ ასე, რას იღებენ ქართველები ყველაზე ხშირად? - ფოტოს დოკუმენტისთვის, ე.წ. პასპორტის ფოტოს. სხვათა შორის, ერთ-ერთი სიტყვამოსწრებული ადამიანის შენიშვნით, თუ პასპორტის ფოტოზე ისევე გამოიყურებით, როგორც ცხოვრებაში, სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ. კიდევ, ყველაზე ხშირად ქართველები სურათს სუფრასთან იღებენ - ოღონდ ის, ვინც ფოტოს იღებს, როგორც წესი, კადრში ვერ ხვდება. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, ჩვენი თაობის საოჯახო ალბომები მხოლოდ პასპორტის ან "გასტრონომიული" ხასიათის სურათებით დამშვენდეს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ქართველი მეცო-სოპრანო "ლა სკალაში"
ინტერვიუ ნინო სურგულაძესთან

დავით კაკაბაძე:
ამ რამდენიმე ხნის წინათ გერმანიის წამყვან გაზეთში - "ფრანკფურტერ ალგემაინეში" - წავაწყდი ვრცელ რეცენზიას, რომელიც ფრანკფურტის ოპერაში დადგმულ ახალ წარმოდგენას ეხებოდა - თავად ოპერა ჩემთვის, ისევე როგორც, ვფიქრობს, არასპეციალისტთა უმრავლესობისთვის, სრულიად უცნობი გახლდათ: გეორგ ფრიდრიჰ ჰენდელის "არიოდანტე". მაგრამ რეცენზია მაინც ყურადღებით წავიკითხე - საქმე ის არის, რომ რეცენზიას ახლდა საპრემიერო სპექტაკლის ერთ-ერთი სცენის ფოტოსურათი, მასზე კი ქართველი მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე იყო გამოსახული. მოგვიანებით "არიოდანტეზე" რეცენზიებს სხვა გაზეთებშიც მივაკვლიეთ: წაგიკითხავთ რამდენიმე ნაწყვეტს:

"არიოდანტეს" არიები ბაროკოს პერიოდის დიდებულ ჰიტებს არ მიეკუთვნება - მათი დონე საშუალო სტანდარტს არ სცილდება. მაგრამ არიებს ბრწყინვალებას ჰმატებენ მომღერლები. უწინარეს ყოვლისა ნიდია პალასიოსი (არიოდანტე) და ნინო სურგულაძე პოლინესოს როლში" - ამას წერს გაზეთი "ველტი". და კიდევ ერთი ციტატა - ამჯერად გაზეთი "ფრანკფურტერ ნოიე პრესედან". "მოწვეული ქართველი მომღერალი, ნინო სურგულაძე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ბოროტი პოლინესოს როლში თავისი დაბალი, მუქი ტემბრის მეცოთი"...

ეს დაბალი, მუქი ტემბრის მეცო ქართველმა მსმენელმა წელს 25 იანვარსაც მოისმინა, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე. იმ დღეს ნინო სურგულაძემ კარმენის არია შეასრულა: ჯერ ჩანაწერს მოვუსმინოთ, შემდეგ კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს ნინო სურგულაძესთან.

[მუსიკა. ნინო სურგულაძე. "კარმენი"]

ახლა ინტერვიუს დრო დადგა. ნინო სურგულაძეს ფრანკფურტში ტელეფონით დაურეკა მარიამ ჭიაურელმა...

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
თქვენ მოისმინეთ ინტერვიუ ქართველ მომღერალთან, მილანის "ლა სკალის" სოლისტთან ნინო სურგულაძესთან, რომელსაც მარიამ ჭიაურელი ესაუბრებოდა. ჩვენ კი გადაცემის დამთავრებამდე კიდევ გვრჩება ორიოდე წუთი - სავსებით საკმარისი დრო საიმისოდ, რათა ერთი საინტერესო შემთხვევის შესახებ გიამბოთ. საქმე ეხება არნოლდ შვარცენეგერს - "ტერმინატორად" ცნობილ კინოვარსკვლავს, ამჟამად კი კალიფორნიის შტატის გუბერნატორს და გავლენიან პოლიტიკოსს. თუ აქამდე შვარცენეგერს მხოლოდ ჰოლივუდში შექმნილი კინოსცენარების მიხედვით უხდებოდა საგმირო საქმეების ჩადენა, ამ რამდენიმე დღის წინათ მას ნამდვილ ცხოვრებაშიც მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. და უნდა ითქვას, რომ "რკინის არნოლდს" თავი არ შეურცხვენია. მოხდა კი შემდეგი: ჰავაის ერთ-ერთ პლაჟზე შვარცენეგერი თავის პატარა შვილებს ეთამაშებოდა, როცა უეცრად ნაპირიდან მოშორებით, წყალში მოფართხალე კაცი შენიშნა. მერე მისი ხმაც მოესმა - კაცი შველას ითხოვდა. ერთ დროს "მისტერ დედამიწის" ტიტულის მფლობელს ბევრი არ უფიქრია: ოკეანეში შეცურა და განსაცდელში ჩავარდნილი სამშვიდობოს გამოიყვანა.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
ეს იყო და ეს, რისი მოყოლაც თქვენთვის მინდოდა. ჩვენი გადაცემა დამთავრდა. დღევანდელი "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG