Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები აღარ ჩატარდება


აჭარის ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში 18 აპრილს დანიშნული ხელახალი საპარლამენტო არჩევნები აღარ ჩატარდება - ამის შესახებ განცხადება ხუთშაბათს ჩოლოქის გამშვები პუნქტიდან

უკან გამობრუნებულმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. როგორც ცნობილია, ასლან აბაშიძის მომხრეებმა მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. ჭიაბერაშვილი ხულოსა და ქობულეთში არჩევნების წინ იქ არსებული ვითარების შესწავლას აპირებდა, მაგრამ გეგმა ჩაიშალა. პრეზიდენტის შემდეგ ჩოლოქთან გავლებული საზღვრიდან უკან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოაბრუნეს. ურთიერთობა ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელმძღვანელობას შორის უწინდებურად დაძაბულია.

ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში ხელახალი არჩევნების ჩაშლა კიდვე უფრო ძაბავს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეცჯგუფების აჭარიდან გამოძევებისა და ჩოლოქიდან ზურაბ ჭიაბერაშვილის გამობრუნების შემდეგ, რაც იძულებით მოხდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს. "ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად იყო იქ არჩევნები ჩაეტარებინა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს. შეიარაღებული პირების მოქმედების პირობებში ხულოსა და ქობულეთში არც ამომრჩევლის უსაფრთხოებაა გარანტირებული და არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების," - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. შეგახსენებთ: ქობულეთში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს წაართვეს და გაუნადგურეს საარჩევნო დოკუმენტაცია. ოთხშაბათს იქ დაარბიეს გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი, მიტინგი, რომლის მონაწილეებიც ხელახალი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფას მოითხოვდნენ. ამავე დღეს, ჭიაბერაშვილის ჩოლოქიდან გამოძევებისას, ასლან აბაშიძის მომხრეებმა სასტიკად სცემეს ტელეკომპანია "რუსთავი - 2"- ის ოპერატორი. არჩევნებთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა ხულოს რაიონშიც. პირებმა, რომელთა აზრითაც, უკანონო იყო ხულოს საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმება, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს ჯამბურ შამანაძეს. გაერთიანება "ჩვენი აჭარის" აქტივისტების ინფორმაციით, მას დასაპატიმრებლად საავადმყოფოში მიაკითხეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წერილობით მიმართა გენერალურ პროკურორს და იმ პირების დასჯა მოითხოვა, რომლებმაც ხულოდან და ქობულეთიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფები გამოყარეს, კომისიის თავმჯდომარე კი აჭარის ავტონომიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. გენერალურ პროკურატურაში ჯერჯერობით საქმე მხოლოდ ჩოლოქთან "რუსთავი - 2"- ის ოპერატორის ცემის ფაქტზეა აღძრული.

ის, რაც აჭარაში ხდება, პრეზიდენტს უკიდურესად აღიზიანებს, თუმცა ის განმარტავს, რომ ადამიანური დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, ყველანაირად შეეცდება აჭარის ხელმძღვანელობის პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტას.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას, მათ უსაფრთხოებას და, რაც ყველაზე მთავარია, მათ სიცოცხლეს. სანამ გადავიდოდეთ პოლიციურ ქმედებებზე, ყველა რესურსი უნდა ამოვწუროთ. ენის მოჩლექის დრო დამთავრდა."

ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს მიმართა და მათ დაავალა სპეციალური ღონისძიებების შემუშავება აჭარლების დასახმარებლად, აჭარის შესაბამისი სტრუქტურების გვერდის ავლით. პარასკევს ბათუმში აბაშიძეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ მაილსი შეხვდა. შეხვედრის შემდეგ აჭარაში და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მან ურთულესი უწოდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დაძაბულობის მოლაპარაკებების გზით განმუხტვის აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG