Accessibility links

logo-print

ირანელი დიპლომატების დელეგაცია ერაყში


ერაყის კრიზისში ირანელ დიპლომატთა დელეგაციის ჩართვის დეტალები კვლავ ბურუსით არის მოცული. იუწყებიან, რომ ეს ჯგუფი წმინდა ქალაქ ნაჯაფში ჩავიდა, მაგრამ რადიკალურად განწყობილ

შიიტთა სასულიერო ლიდერს მოყტადა სადრს არ შეხვედრია. აშშ, ყოველ შეთმხვევაში, საჯაროდ აცხადებს, რომ ირანმა თავისი როლი უნდა ითამაშოს, მაგრამ შუამავლობა აშშ-სა და შეიარაღებულ შიიტებს შორის მისი საქმე არ არის.
ირანმა პარასკევს აშკარად შორს დაიჭირა თავი იმ ცნობებისგან, თითქოს თეირანი ამ კრიზისში შუამავლობას აპირებდეს. საგარეო საქმეთა მინისტრს კამალ ხარაზს ასე უთქვამს: დელეგაცია ერაყელ ხალხსა და მათ ოკუპანტებს შორის შუამავლობას არ გასწევსო.
ირანელ დიპლომატთა ხუთკაციანი დელეგაცია, რომელსაც ჰოსეინი სადეყი მეთაურობს, როგორც ითქვა, ნაჯაფში ჩავიდა, მაგრამ მოყტადა სადრს არ შეხვედრია. შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში აშშ-ის არმიას იარაღით ხელში აუჯანყდა შიიტთა სასულიერო ლიდერი სადრი. ნაჯაფს ახლა მიმდგარია 2500 ამერიკელი სამხედრო, რომლებიც ცდილობენ აიძულონ სადრი დაყაროს იარაღი.
გავრცელდა ცნობა იმაზეც, რომ ირანელები ერაყში ბრიტანეთის მიწვევით ჩავიდნენ, სავარაუდოდ, ამერიკელთა თანხმობით. ხუთშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა რწმენა გამოხატა, რომ ირანს შეუძლია დადებითი როლი ითამაშოს. მაგრამ ბაუჩერი არ ფიქრობს, რომ ირანს შეეფერება შუამავლის როლი კოალიციის ჯარსა და სადრს შორის:
[ბაუჩერის ხმა]
"ჩვენი თვალსაზრისით, და ის ირანელებსაც გავაცანით, მათ არ შეეფერებათ რაიმე ფორმით შუამავლის როლი. მათთვის უპრიანი იქნება შეეცადონ თანამშრომლობას ბაღდადის ადმინისტრაციასთან, ერაყელებთან, რომლებიც ხელმძღვანელ პოსტებზე არიან, შეეცადონ დახმარება გაუწიონ მათ სტაბილიზების საქმეში და, ამ მხრივ, შეძლებისდაგვარად, სიტუაციაზე ზემოქმედება მოახდინონ. ეს ვითარების მშვიდობიანად სტაბილიზებას შეუწყობდა ხელს და სამთავრობო უწყებებს საშუალებას მისცემდა თავიანთი უფლებამოსილება გაევრცელებინათ." ბაუჩერმა თქვა, რომ ბაღდადში ირანმა თავისი დელეგაცია მიავლინა და რომ ის შეხვდა ბრიტანელებს, კოალიციური ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მისივე ინფორმაციით, შეხვედრას ამერიკელებიც ესწრებოდნენ:
[ბაუჩერის ხმა] "ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა გადაგვეცა ირანელთათვის ჩვენი ის პოზიცია, რომელზეც უკვე ვილაპარაკე, რომ ირანის პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, იყოს კონსტრუქციული და არა დესტრუქციული და რომ მათ არ შეეფერებათ, შეეცადონ შუამავლობა გასწიონ ნაჯაფის ვითარებასთან დაკავშირებით." აშშ კვლავ ეჭვის თვალით უყურებს ერაყის, კერძოდ კი, შიიტთა უმრავლესობის საქმეში ირანის ჩართვას. ამას ადასტურებს ხუთშაბათს აშშ-ის არმიის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის რიჩარდ მაიერსის გაფრთხილება ერაყში ირანიდან და სირიიდან უცხოელი მეომრების შეგზავნასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ირანი აცხადებს, რომ არ შეუძლია გულხელდაკრეფილმა უყუროს კრიზისს, რომელშიც შიიტი მაჰმადიანები არიან ჩართულნი. ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ ამ კვირაშივე გაახსენა საზოგადოებრიობას, რომ თეირანი ჯერ კიდევ სულ დასაწყისში ცდილობდა ერაყის კრიზისზე ემოქმედა მის ხელთ არსებული საშუალებებით. დავუდ ჰერმიდას ბავანდი თეირანში საერთაშორისო სამართლის პროფესორია. მისი აზრით, ერთობ ნაკლებად არის სავარაუდო, რომ ირანის დელეგაცია სადრს შეხვდეს:
[ბავანდის ხმა] "სადრზე ირანის უშუალო ზემოქმედება ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ბრალდებებებს დაადასტურებდა. ეს არც ირანს აძლევს ხელს და არც სადრს. ირანის დელეგაცია, პირველ რიგში, ისეთ ლიდერს უნდა მოელაპარაკოს, როგორიც შიიტთა ლიდერი აიათოლა სისტანია."
მაგრამ, ბავანდის თანახმად, რამდენადაც ირანელთა ჩასვლას ამერიკელებიც დაეთანხმნენ, ამ ვიზიტმა შეიძლება ხელი შეუწყოს ორ მხარეს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
[ბავანდის ხმა] "ეს დასაწყისია. უფრო ადრე ამერიკელებმა სცადეს მიწისძვრის - ბამის - რაიონისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარება დიალოგისთვის, ურთიერთობაში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის გამოეყენებინათ."
ამ შესაძლებელი დიპლომატიური მისიის ფონზე ირანის ოფიციალური წარმომადგენლები იძიებენ ერაყის დედაქალაქში 14 აპრილს ირანის საელჩოს პირველ მდივანზე თავდასხმის საქმეს. არ არის გარკვეული აქვს თუ არა რაიმე საერთო დიპლომატ ხალილ ნაიმის მკვლელობას ირანის მიმდინარე დიპლომატიურ მცდელობებთან.
XS
SM
MD
LG