Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის გამოაცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 17 აპრილს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და დემოკრატიული აღორძინების კავშირის საკასაციო სარჩელი.

შეგახსენებთ, ეს ორგანიზაციები უკანონოდ მიიჩნევდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებას ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ფონზე, რამდენად შეძლებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 28 მარტის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას?

უზენაესი სასამართლოს მიერ 17 აპრილს გამოტანილმა გადაწყვეტილებამ საკმაოდ ორჭოფულ მდგომარეობაში ჩააგდო ცენტრალური საარჩევნო კომისია. ვინაიდან უზენაესი სასამართლო კანონიერად მიიჩნევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქების შედეგების გაუქმებისა და იქ 18 აპრილს განმეორებითი არჩევნების დანიშვნის შესახებ, გამოდის, რომ ამ ორი ოლქის შედეგების გარეშე 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადება კითხვის ნიშნის ქევშ დგება, რაც, ავტომატურად, განუსაზღვრელი ვადით გადასწევს ახლად არჩეული პარლამენტის სხდომის დანიშვნას. ამის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, არჩევნების საბოლოო შედეგები 19 აპრილს გამოცხადდება, სავარაუდოდ, 20 აპრილისთვის კი პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სხდომას დანიშნავს.
პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც საარჩევნო კოდექსის ერთ-ერთი შემქმნელია, კვლავ დარწმუნებულია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ცალკე აღებულ ოლქებში არჩევნების შედეგების გაუქმების უფლება, კანონის თანახმად, არ ჰქონდა:
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] " არ ჰქონდათ ოლქში შედეგების ბათილად ცნობის უფლება - ეს ერთი. ბათილად ცნობა რომ კანონიერი ყოფილიყო, არ ჰქონდათ უფლება, დაენიშნათ განმეორებითი კენჭისყრა, რადგან 10 პროცენტზე ნაკლები იყო იქ ამომრჩეველი. და მესამე - ესეც რომ კანონიერი ყოფილიყო, არ ჰქონდათ უფლება, დაენიშნათ 18 რიცხვში, რადგან, კანონის თანახმად, განმეორებითი არჩევნები 2 კვირაში უნდა ჩატარდეს."
როგორ უნდა მოიქცეს ცენტრალური საარჩევნო კომისია შექმნილ ვითარებაში - როცა არჩევნების ჩატარებას 18 აპრილს ვერ ახერხებს, არადა, საბოლოო შედეგების გამოცხადების განუსაზღვრელი ვადით გადადება უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება?
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] " გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ვერ ატარებს, ე.ი. მან უნდა დანიშნოს არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი. მაგრამ კანონი არაფერს ამბობს იმის თაობაზე, თუ ამან სისტემატური ხასიათი მიიღო, რა უნდა მოხდეს."
ამასობაში, მომავალი პარლამენტარები პირველი სესიისთვის ემზადებიან, რაც 17 აპრილს ნარკოლოგიური შემოწმების გავლაში გამოიხატა. როგორც სააგენტო "კავკას-პრესი" იუწყება, ერთ-ერთი დეპუტატის ორგანიზმში ნარკოტიკის მოხმარების ნიშნები აღმოჩნდა. ამ პარლამენტარის ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა, კანონდამრღვევის მიმართ გამოკვლევა გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG