Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგით დამთავრდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ოთხმხრივი კომისიის სხდომა


მაშინ როდესაც ცენტრალური ხელისუფლება და, შესაბამისად, საზოგადოების დიდი ნაწილი აჭარაში კონფლიქტის გაჩაღების თავიდან აცილებას ცდილობს, განსაკუთრებული ყურადღების მიღმაა

დარჩენილი დაკონსერვებული კონფლიქტები. ერთ-ერთი მათგანია ქართულ-ოსური კონფლიქტი, რომლის მოგვარებაზე მომუშავე ოთმხრივი კომისიის სხდომის გამართვა, 9 თვიანი პაუზის შემდეგ, მხოლოდ 16 აპრილს მოხერხდა. რა შედეგებით დამთავრდა ქართული პრესისა და საზოგადოების ყურადღების მიღმა ჩატარებული ოთხმხრივი კომისიის სხდომა?

ეგრეთ წოდებული ოთხმხრივი კომისიის სხდომებზე კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები კონსენსუსის გზით წყდება. სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებით ბლოკავდა დღემდე ქართული მხარე უამრავ გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისისთვის მიუღებლად იყო მიჩნეული.

მათ შორის ერთ-ერთი იყო შერეული სამშვიდობო ჯარების სარდლის საკითხი. ამ პოსტზე სვიატოსლავ ნაბზდოროვის დამტკიცებას თითქმის 2 წლის მანძილზე მხარს არ უჭერდა ქართული მხარის მაშინდელი თანათავმჯდომარე ირაკლი მაჭავარიანი.
იგი ახლა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ შეცვალა და, როგორც იტყობინება ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, შეიცვალა ოფიციალური თბილისის პოზიციაც.

[გოგა აფციაურის ხმა] "გოგა ხაინდრავამ უპრობლემოდ დაუჭირა მას მხარი და განცხადება გააკეთა, რომ აქ მაინც ის იღებს გადაწყვეტილებებს და რა მნიშვნელობა აქვს, მას მოვალეობის შემსრულებელი ერქმევა თუ სარდალიო. მაინც მასზეა დამოკიდებული და მაინც მისი გადასაწყვეტია აქ სამშვიდობო კონტინგენტის მოქმედების საკითხები. ამიტომ უპრობლემოდ დაუჭირა მხარი, რითაც გახარებული იყო ნაბზდოროვი."(სტილი დაცულია)

ნაბზდოროვის გარდა, გოგა ხაინდრავამ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაც გაახარა, როდესაც ევროკავშირის 2,5 მილიონი ევროს დახმარების ათვისებაზე დათანხმდა. ეს თანხა კონფლიქტის რეგიონის კომუნალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენას უნდა მოხმარდეს. ბოლო 5 წლის მანძილზე მას ქართული მხარე ბლოკავდა, რადგან ოსურ მხარესთან ვერ მოხერხდა შეთანხმება, თუ რამდენი უნდა მიეღოთ ამ თანხიდან კონფლიქტის ზონის ქართულ დასახლებებს. ახალი ხელისუფლების წარმომადგენელს გოგა ხაინდრავას მსგავსი ანგარიში არამართებულად მიაჩნია:

[გოგა ხაინდრავას ხმა] "ეკონომიკური აღორძინება რეგიონისა, რომელიც გაჩანაგებულია და რომლის მოსახლეობა არის უმძიმეს მდგომარეობაში, შედის ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში თუ არ შედის, ბუნებრივია და... ამისთვის 2,5 მილიონ ევროს 5 წელია გვაძლევდა ხალხი. პირველი, რაც გადავწყვიტე, რომ დაიწყოს ამ ფულის ათვისება." (სტილი დაცულია)

მესამე საკითხი, რაზეც ქართული მხარე ასევე უყოყმანოდ დათანხმდა, ჩრდილოეთ ოსეთის, ანუ რუსეთის, სამართალდამცავთა ჩართვაა ქართველ და ოს სამართალდამცავთა საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში. ადრე ოფიციალური თბილისი წინააღმდეგი იყო საქართველოს ტერიტორიაზე რუსულ ფორმაში გამოწყობილი მილიციონერების გამოჩენისა. ქართული პოზიციის შეცვლა ასე განმარტა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა:

[ბორის ჩოჩიევის ხმა] "ჩრდილოეთ ოსეთის წინადადებით, განხორციელდება ცვლილებები სამართალდამცველთა საკოორდინაციო საბჭოში ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლის შესაყვანად. ეს იმიტომ, რომ კონფლიქტის ზონიდან და საქართველოდან მიმალვაში მყოფ დამნაშავეებს ძალიან ხშირად ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვპოულობთ ხოლმე."

ოთხმხრივი კომისიის მონაწილე არც ოსურ და არც რუსულ მხარეს არ დაუფარავს აღფრთოვანება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის მიმართ ოფიციალური თბილისის პოზიციის რადიკალური ცვლილებით. მე ამ ცვლილებების კომენტირება პოლიტოლოგ გოგი ხუციშვილს ვთხოვე.

[გოგი ხუციშვილის ხმა] " იგრძნობა, რომ საჭიროა გარკვეული ახალი პოლიტიკა და იგრძნობა, რომ დღის წესრიგში დგას ახალი პოლიტიკის გამომუშავება კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ახალი პოლიტიკა თუ იმაში გამოიხატა, რომ ჩვენ თავიდანვე დათმობებზე წავედით, ეს ცოტა სახიფათოდ მეჩვენება. ჯერ არის საჭირო გარკვევა ურთიერთობების, იმ პრინციპებისა, რომელზეც ხდება მოლაპარაკება. მაგრამ თამაშის წესები რომ ჩამოუყალიბებელია, აი, ამ პირობებში კომპრომისებზე წასვლა და დაწყება კომპრომისებით მე წამგებიანად მეჩვენება."(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG