Accessibility links

logo-print

საქართველო - დანაღმული ტერიტორია


საქართველოს ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტიდან ათ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ომის მსხვერპლთა

რიცხვი არ გაზრდილა. თავად განსაჯეთ: ისე არ გავა წელიწადი, რომ კონფლიქტის ზონაში ან ყოფილი საბჭოთა არმიის სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე დატოვებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა არ შეიწიროს. შემაძრწუნებელია მიმდინარე წლის სტატისტიკა, რომელსაც მშრალს ვერანაირად ვერ უწოდებ: დასახიჩრდა 19, ხოლო დაიღუპა 3 ადამიანი. ამგვარი სავალალო მონაცემების ფონზე ბუნებრივად ისმის კითხვა: ვინ და როგორი წარმატებით ცდილობს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტული სასიკვდილო მოწყობილობების განეიტრალებას?


4500 ქვეითსაწინააღმდეგო და 500 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 3500 ეგრეთ წოდებული აუფეთქებელი ჭურვი - ასე გამოიყურება ბრიტანული არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის "ჰალო ტრასტის" მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე განეიტრალებულ ასაფეთქებელ მოწყობილობათა ნუსხა. ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ, 1997 წლიდან მოყოლებული, "ჰალო ტრასტის" მესანგრეებმა, ჯამში, 3 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობი გაასუფთავეს, თუმცა დარჩენილი სამუშაოს მოცულობა მაინც სოლიდურია:

[დავით ჭიჭინაძის ხმა] "რადგანაც ჩვენი საქმიანობა არის ჰუმანიტარული განაღმვა, ეს რა არის, იცით? ეს საკმაოდ ნელია, ვიდრე სამხედრო განაღმვა, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ გვაქვს დაახლოებით სამი წლის სამუშაო, იქ რომ ყველაფერი დასუფდავდეს."(სტილი დაცულია)

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ჰალო ტრასტი" საქართველოდან წასვლას აპირებს. უფრო პირიქით: ბრიტანული ორგანიზაცია საქართველოს დანარჩენი ტერიტორიითაც ინტერესდება. საქმე ის არის, რომ რუსულმა ჯარმა ქართულ მხარეს, გაძარცული ყაზარმებისა და საწყობების გარდა, მინდვრებში მიმოფანტული უამრავი აუფეთქებელი ჭურვი და ნაღმიც დაუტოვა. ჯანო გაგოშიძე, თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო-სამმართველოს ყოფილი უფროსი, ჩემი თხოვნით, საქართველოში არსებულ სიცოცხლისთვის სახიფათო ზონებს ასახელებს: ვაზიანის ყოფილი სამხედრო ბაზის, საგარეჯოსა და ოსიაურის სამხედრო საწყობების მიმდებარე ტერიტორიები; თელავისა და კოპიტნარის აეროპორტის პერიმეტრის ნაწილი. თუმცა, ჯანო გაგოშიძის თქმით, ყველაზე მეტი სისხლი მაინც ვაზიანის სამხედრო ბაზის გარშემო ათი ათას ჰექტარი მიწის ფართობზე იღვრება:

[ჯანო გაგოშიძის ხმა] "საშუალოდ წელიწადში მანდ სახიჩრდებოდა 18 კაცი - მათ შორის, 14 ბავშვი. ეს მარტო იმ 10 ათას ჰექტარზეა ლაპარაკი."

24 წლის შალვა ბეგიაშვილი ნაღმზე 30 მარტს სწორედ რომ ვაზიანის სამხედრო ბაზის პოლიგონზე ფერადი ლითონის შეგროვებისას აფეთქდა. შედეგად, მცირეწლოვანი შვილების მამამ ორი ზედა და ერთიც ქვედა კიდური დაკარგა, დაუზიანდა მხედველობა. ნარინე ბერიკაშვილი, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტის კოორდინატორი, შემდეგ სტატისტიკურ მონაცემებს გვაწვდის:

[ნარინე ბერიკაშვილის ხმა] "2001 წელს მთლიანად დაჭრილი იყო 69 ადამიანი, გარდაიცვალა 35; 2002 წელი - 65 მთლიანობაში დაჭრილი, 31 დაღუპული; 2003 წელი - დაჭრილი 33, დაღუპული 7."(სტილი დაცულია)

სამწუხაროდ, გამონაკლისი არც მიმდინარე წელი გამოდგა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ნაღმისა თუ სხვა საბრძოლო მოწყობილობის აფეთქების შედეგად, უკვე 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19-მა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
XS
SM
MD
LG