Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის პრესის მთავარ თემად ისევ და ისევ თბილისისა და


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასული კვირის პრესის მთავარ თემად ისევ და ისევ თბილისისა და ბათუმის ურთიერთობის მოგვარება რჩება. ამ საკითხის გარდა, ეკონომიკასთან დაკავშირებულ ორიოდე წერილსაც გაგაცნობთ.

14 აპრილის გაზეთ "რეზონანსის" თქმით, "ასლან აბაშიძე პოზიციებს არ თმობს და მოსახლეობის განიარაღებას არ აპირებს. ცენტრი კი გაღიზიანებას ვერ მალავს."

გაზეთი წერს: "ჟვანიას ბათუმში გამგზავრება და აბაშიძესთან მოლაპარაკების გამართვა გასულ კვირას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ გადაწყდა. სააკაშვილმა მაშინ აბაშიძეს გონზე მოსვლა ურჩია…
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აბაშიძეზე არც პრეზიდენტის მუქარამ გაჭრა და არც მის სამფლობელოში ჟვანიას ვიზიტმა. ცენტრისა და რეგიონის ხელმძღვანელობის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა."

"რეზონანსი" აღნიშნავს, რომ ზურაბ ჟვანია ასლან აბაშიძესთან შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:

"შეხვედრის ძირითადი საკითხი მაინც მოსახლეობის განიარაღება იყო. ბატონმა ასლან აბაშიძემ კი ამაზე არანაირი კომენტარი არ გააკეთა და დიალოგის დაწყება არ ისურვა, რაც ძალიან ამძიმებს ვითარებას. დანარჩენი თემები კი მეორე ეტაპის საკითხებია და, ვფიქრობ, მოგვარდება."

14 აპრილის გაზეთ "ხვალინდელი დღის" აზრით, "პრობლემის პოლიტიკური მეთოდებით მოგვარების რესურსი ჯერ არ ამოწურულა, მაგრამ აქ მხოლოდ ცენტრალური და რეგიონის ხელისუფლების ურთიერთობის საკითხი არ წყდება."

გაზეთის თქმით, "ამას აბაშიძე-ჟვანიას შეხვედრის წინ ბათუმში ევროსაბჭოს, ხოლო თბილისში - რუსეთის წარმომადგენელთა ვიზიტებიც ადასტურებს. როგორც აბაშიძეს, ისე სააკაშვილს "ვიღაცის" მხარდაჭერის იმედი აქვთ. პოლიტიკოსთა კუნთებით თამაში და ულტიმატუმების ენაზე საუბარი ქვეყანას, შესაძლოა, კიდევ ერთი ცხელი წერტილის ფასად დაუჯდეს.
საინტერესოა, რას გულისხმობს უშიშროების საბჭოს მდივანი, როდესაც აცხადებს, რომ აჭარაში არსებული შეიარაღებული ფორმირებების განსაიარაღებლად ცენტრი იძულებული იქნება "სხვა მეთოდს" მიმართოს? მართლაც წავლენ მხარეები სიტუაციის უკიდურეს გამწვავებაზე, რამაც შეიძლება ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს? მით უმეტეს, თბილისსა და ბათუმში პრობლემის პოლიტიკური მეთოდებით მოგვარებაში სულ სხვა რამეს გულისხმობენ."

17 აპრილის პრესის ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ხულოსა და ქობულეთის რაიონებში დანიშნული განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები არ შედგება, რაც, მისი თქმით, განაპირობა იმან, რომ "აჭარის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგი მოშლილია."

მანამდე კი, 15 აპრილის გაზეთმა "ახალმა თაობამ" გააშუქა წინა დღეს აჭარაში მომხდარი ინციდენტები, მათ შორის, აჭარის ტერიტორიაზე ცესკოს თავმჯდომარის შეუშვებლობის ფაქტი.
გაზეთი აღნიშნავს, რომ "ჩოლოქის გარდა, ინციდენტები მოხდა ხულოსა და ქობულეთში, სადაც აბაშიძის ოპოზიცია მიტინგის გამართვას ცდილობდა."

"ახალი თაობა" წერს: "გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად არც ჟურნალისტებისთვის ჩაიარა. განსაკუთრებით ტელეკომპანია რუსთავი-2 დაზარალდა. რუსთავი-2-ის გადამღებ ჯგუფს ჯერ ჩოლოქთან სცემეს და ვიდეოკამერაც დაუმტვრიეს, ხოლო საღამოს ხუთი საათისთვის ამავე ტელეკომპანიის მეორე გადამღები ჯგუფი ქობულეთში გალახეს. მასაც დაუმტვრიეს ვიდეოკამერა და წაართვეს გადაღებული მასალა. ეს ინციდენტი კი მაშინ მოხდა, როცა უცნობი ადამიანები ოპოზიციის მიტინგს არბევდნენ…პოლიციას, მართალია, ამ დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მას არც დამრბევებისთვის შეუშლია ხელი. აღსანიშნავია ისიც, რომ მიტინგის დარბევას აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ძმა, დათო გოგიტიძე, ხელმძღვანელობდა."

16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ბიზნესმენთა ჯგუფს, რომელსაც საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი და საქართველოს გადამხდელთა კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი ხელმძღვანელობს. 17 აპრილის გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" წერს:

"როგორც ცნობილია, ეს ჯგუფი 15 აპრილს ცენტრსა და რეგიონს შორის შეთანხმების მისაღწევად ასლან აბაშიძეს ბათუმში ეწვია. ბიზნესმენებმა პრეზიდენტს აჭარის ავტონომიის მეთაურთან შეხვედრის დეტალები გააცნეს. აბაშიძემ მათთან საუბრისას აქცენტი მთავრობის აგრესიასა და ცვალებად პოზიციაზე გააკეთა, ხოლო 16 აპრილსვე გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა, თავის მხრივ, პრინციპულად მოითხოვა, რომ აღარ გაისმას ფრაზა: "ცენტრსა და რეგიონს შორის შექმნილი ვითარება", რადგან, მისი თქმით, პრობლემა არა აჭარის მოსახლეობაა, არამედ ერთი გარკვეული კლანი, რომელთანაც სხვაგვარი დიალოგია საჭირო.
ბიზნესმენთა ჯგუფი ერთი კვირის მანძილზე კვლავ აპირებს ასლან აბაშიძესთან შეხვედრას."

17 აპრილის "მთავარი გაზეთი" აღნიშნავს, რომ საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ მაილსი უკვე რამდენიმე თვეა, ბათუმსა და თბილისს შორის მოგზაურობს და, ასე ვთქვათ, შუამავლის ფუნქციასაც ასრულებს. 16 აპრილის ვიზიტთან დაკავშირებით გაზეთი წერს: "ავტონომიის ლიდერისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრამ საათზე მეტ ხანს გასტანა. შეხვედრის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, გაისმოდა შეფასებები: "კმაყოფილი ვარ", "ნაყოფიერი საუბარი", მაგრამ ამ სიტყვების ავტორ ელჩს ასლან აბაშიძე ყველაფერში ეთანხმებოდა, თუმცა თავშეკავებულად…

ასლან აბაშიძემ კომენტარი არ გააკეთა პრეზიდენტის მკაცრ შეფასებებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მთავრობის სხდომაზე გამოთქვა ავტონომიის ხელმძღვანელის მიმართ…

თემა, რომელიც აჭარის ლიდერმა და აშშ-ის ელჩმა განიხილეს, ძირითადად, აჭარის მოსახლეობის განიარაღებასა და რეგიონში შექმნილ ვითარებას შეეხებოდა."

ახლა კი ეკონომიკური პრობლემატიკის ორიოდე საკითხზე ვისაუბრებთ. 13 აპრილის გაზეთ "24 საათის" თქმით, "ჯერჯერობით გადაუწყვეტელია მთავარი პრობლემა - აჭარაში აკრეფილი თანხების თბილისში გადმორიცხვის საკითხი."
გაზეთი წერს: "ეს სახსრები კვლავინდებურად ადგილზე აკუმულირდება და თითქოს არ ჩანს მექანიზმი მათი მოზიდვისა, მაგრამ პრეზიდენტის წარმომადგენლების ჩართვა ასლან აბაშიძის საათივით აწყობილ სისტემაში, ადრე თუ გვიან, უეჭველად შეასრულებს იმ "ტროას ცხენის" როლს, რომელიც მის სისტემას მთლიანად დაანგრევს. მით უმეტეს, რომ სულ მალე ამუშავდება ახალი პარლამენტი. მას შეუძლია მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც აჭარის ტერიტორიაზე გამავალი რესურსების კონტროლის სრულიად ახალ სისტემას შექმნის."

16 აპრილის გაზეთ "ხვალინდელი დღის" ინფორმაციით, "განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კახა ლომაიას განცხადებამ, რომ თუ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების დირექტორები მშობლებს ზედმეტ თანხას გადაახდევინებენ, ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან, ბაგა-ბაღების გამგეები იმდენად აღაშფოთა, რომ საკრებულოში მათი საკითხის განხილვას მიაღწიეს.
გამგეების თქმით, რომ არა მშობელთა შემოწირულობები, ეს სისტემა საერთოდ არ იარსებებდა, ამიტომ შემოწირულობების აკრძალვა, სანამ სახელმწიფო მათ ნორმალურ დაფინანსებაზე არ იზრუნებს, ნაადრევია."

გაზეთის ცნობით, "თბილისში 185 ბაგა-ბაღი ფუნქციობს, თითოეულ აღსაზრდელზე სახელმწიფო 90 თეთრს ხარჯავს. თუმცა, პედიატრიის ინსტიტუტის გათვლებით, ბავშვის ნორმალური კვებისთვის ყოველდღიურად 2,11 ლარია საჭირო…
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული უმძიმესი მდგომარების გაუმჯობესების გეგმის შემუშავება დაევალება. ბაღა-ბაგების გამგეები კი იმით დამშვიდნენ, რომ მათ განათლების მინისტრის მოადგილე სანდრო დიდებულიძე შეჰპირდა - ასეთი რადიკალური განცხადებები აღარ გაკეთდებაო."
XS
SM
MD
LG